რეალობა, ოჯახი, სახელმწიფო - რატომ იქცნენ ახალგაზრდები მკვლელებად? - ექსკლუზიური ინტერვიუ მამა ალექსანდრესთან
საზოგადოება - 21:02, 11 Nov, 2016     5138
თბილისში მომხდარმა უსასტიკესმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. ჯერ კიდევ ამოუხსნელია, რამ უბიძგა 3 ეჭვმიტანილს, რომელთა ასაკი 25 -ს არ აღემატება, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაედინა. სამწუხაროდ ამ დანაშაულს თავისი სიმპტომები ჰქონდა:

მედია და მათ შორის "ნიუპოსტი" თვეების მანძილზე აქტიურად წერდა გაუჩინარებულ არასრულწლოვანებზე, ე.წ "მორგზე", ემო დაჯგუფებების ადგილებზე მიწის ქვეშ, სადაც არასრულწლოვნები დღემდე იკრიბებიან და საკუთარ თავს მძიმე დაზიანებებს აყენებენ, თუმცა მაშინ საზოგადოება და რაც მთავარია, ხელისუფლება, დუმდა.

როგორ ხსნის რიტუალურ მკვლელობად შერაცხულ კანიბალიზმის ნიშნების მქონე სასტიკ დანაშაულს სასულიერო პირი და რაში ხედავს გამოსავალს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარის წინამძღვარი, მამა ალექსანდრე გალდავა.

"ნიუპოსტი" ამ საკითხებზე სასულიერო პირთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ, რომელსაც სხვადასხვა სექტის წარმომადგენლებმა დახმარების თხოვნით თავად მიმართეს.

- თბილისში 19 ოქტომბერს მომხდარს სასტიკ მკვლელობას შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რიტუალური" უწოდა... საუბრობენ, იმასაც, რომ საქმე კანიბალიზმთან გვაქვს. 18 წლის ახალგაზრდამ საკუთარი დედა თანამზრახველებთან ერთად სასტიკი მეთოდებით მოკლა! სად ვართ და სად უნდა ვეძებოთ პრობლემა?

- იყო თუ არა ეს რიტუალური მკვლელობა, ამის სწორი ფორმულირება შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ. ასევე სამართალდამცავებმა უნდა გამოავლინონ, იყო თუ არა ეს სექტა და აუცილებლად დასადგენია ამ სექტის ტიპი. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ამ საზარელი მკვლელობის შემდეგ ჩვენ მულტი კულტურების დემორალიზება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვახდინოთ.

ზოგადად მოზარდებში თაობებს შორის წინააღმდეგობა არსებობს. მით უფრო თუ ოჯახში რაიმე სახის კონფლიქტია, ბავშვი გარიყულია და გამუდმებით თავის მსგავსს ეძებს, რომ თავი დაიმკვიდროს. ასეთი მოზარდები ხშირ შემთხვევაში ადრეულ ასაკში განუდგებიან მშობლებს და ხვდებიან სხვადასხვა ჯგუფებში. ასეთი წრეები შეიძლება რადიკალური, ტოტალიტარული სექტები ან საერთოდ მოძრაობა იყოს. შეიძლება ასეთი მოზარდი უბრალოდ კრიმინალური დაჯგუფების წევრიც გახდეს. კონკრეტულად დანაშაულში ბრალდებულების, რომელ დაჯგუფებაში მოხვდნენ ახალგაზრდები, ეს გამოძიებამ უნდა გამოავლინოს.

- სამწუხაროდ, დიდი ხანია მედია ამაზე საუბრობს, ყველამ იცოდა ის ადგილები, სადაც მოზრადები იკრიბებოდნენ და სატანისტურ რიტუალებს ატარებდნენ. თუმცა, მაშინ არც საზოგადოებას და არც შესაბამის ორგანოებს შესაბამისი პრევენციული ზომებისთვის არ მიუმართავთ...

- მსგავს პრობლემებს ხშირად ვაწყდებოდი. ღიად ვაცხადებდი, რომ თბილისში სატანისტები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი ჩემთან აღსარებაზეც მოსულა, პრობლემებზე უსაუბრია, თუმცა ბევრი მათგანი ამის შემდეგ არც გამოჩენილა, მათ სურვილი არ გამოუთქვამთ ეკლესიური ცხოვრება გაეგრძელებინათ. რამდენიმე გადაცემაშიც ვიყავი, სადაც აჩვენეს, როგორ დადიოდნენ ღამის საათებში ახალგაზრდები სასაფლაოებზე და ბილწავდნან მათ, აწყობდნენ სექსუალურ აღვირახსნილობას, აწყობდნენ ჯგუფურ სექსუალურ ურთიერთობებს, კლავდნენ ცხოველებს... ეს სწორედაც რომ ნიშანი იყო, რომ მსგავსი დაჯგუფებები ცხოველებიდან ადამიანებზე გადაინაცვლებდნენ, რადგან გარყვნილებას და ცოდვის სიმძიმეს ზღვარი არ აქვს, როგორც ნარკომანისთვის სიამოვნების მისაღებად დოზის ყოველდღიურად მომატებაა საჭირო, ასეა ამ სატანისტური რეალობაშიც.

რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს - როგორია სახელმწიფოს როლი? - ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია პრობლემა რამდენიმე ნაწილად დაიყოს. პირველი ეს არის რეალობა, მეორე - ოჯახი, მესამე - სახელმწიფო. ამ შემთხვევაში ეკლესიას რომ რამე დავაბრალოთ, უმოქმედობა დავწამოთ მართებული არ იქნება, რადგან ნებისმიერი საეკლესიო ქადაგება სიკეთისკენაა მიმართული.

ის კი, რასაც ვხედავთ თავისუფალი სამყაროს რეალობაა: არასწორად გაგებული დემოკრატიულობა, ულტრა ლიბერალიზმი, ყოველგვარი ტრადიციიის წინააღმდეგ გალაშქრება, რელიგიური აღვირახსნილობა… რეალობაა ისიც, რომ აშშ-ში ადამიანებმა აღიარეს სატანა და რეგისტაციაშიც კი გაატარეს ეს გაერთიანება. დღეს კი უფლებებს ითხოვენ. ამ სექტას უფლება აქვს საჯაროდ ჩაატაროს თავისი მკრეხელური მესები, ისინი ქალაქში ქანდაკებებსა და ძეგლებს დგამენ, ერთი წლის წინ უნივერსიტეტშიც კი უნდოდათ მესის ჩატარება. სამართალდამცავებმა კი მათ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, რადგან რელიგიურ გაერთიანებას ისეთივე უფლება აქვს, როგორც სხვა დანაჩენ მოქალაქეს. არ შეიძლება მათი შეზღუდვა - შენ თუ სიკეთეს ქადაგებ, ის ბოროტებას ემსახურება, სადაც სინათლეა - იქ ჩრდილიც უნდა იყოს, აშშ-ში ასეთ ადამიანებს ვერაფერს ვერ უკეთებენ, მანამ სანამ კრიმინალს არ ჩაიდენენ. საქართველოში ჩაიდინეს კრიმინალური დანაშაული და ახლა გინდ დასაჯეთ და გინდ არა ეს ადამიანები. სახელმწიფომ და საზოგადოებამ ამ რეალობას თვალი უნდა გასწორონ, რომ კეთილი და ბოროტი ერთად ვერ ძოვენ.

საქართველოში რელიგიის კანონი არ არსებობს, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად არიან ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდების ტვინებს ზომბირებენ და აი კანიბალიზმამდეც კი მიდიან. ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში კანონი განსაზღვრავს თუ რა არს ტოტალიტარული სექტა, რა მახასიათებლები აქვს მას და ის კანონით აკრძალულია.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სწორი განათლების მიცემა. სკოლის ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს კეთილისა და ბოროტის გარჩევა. ბავშვს რელიგიურად აზროვნება არ უნდა შეუზღუდო. თუ ბავშვს ქრისტიანული ხედვა აქვს, თუ მუსლიმია - ერთსაც და მეორესაც თუ სწორი ხედვა არ მიეცი, მისი მომავალი ცოტა ბუნდოვანია. რაც მთავარია სწორად აზროვნების საშუალება უნდა მივცეთ ახალგაზრდებს, თორემ ისლამის სახელით ბევრი დღეს ვაჰაბისტი ხდება. ასეა ქრისტიანულ სამყაროშიც, სწორად უნდა გადავცეთ რას ამბობს ქრისტე, რა არის სიკეთე და რატომ არის ის ასეთი საჭირო, თორემ შესაძლოა არაქრისტიანულად მოაზროვნე ფსევდო მოძღვრებს გაჰყვნენ და მთელი ცხოვრება სიბნელეში იცხოვრონ.

- მსგავსი მიდრეკილების მქონე ადამიანებთან ფსიქოლოგის და მოძღვრის ჩარევა რამდენად ეფექტურია?

- პრობლემაც ის არის, რომ ისინი არც ფსიქოლოგთან და არც სასულიერო პირთან არ მოდიან. ეს ადამიანები ადრეული ასაკიდან გარბიან სახლიდან და არ ემორჩილებიან მშობლებს. ჩვენს ტაძარს უფასო ფსიქოლოგიური დახმარების საშუალება აქვს, მაგრამ ძალიან იშვიათად თუ მოდიან აქ ადამიანები. ჩემთან მოდიან ძირითადად გოგონები, რომლებიც სატანისტური დაჯგუფების წევრი მეგობრები ჰყავთ ან თვითონ არიან ამ ჯგუფის წევრები. ამ გოგონებს კაცი არ მოუკლავთ, თუმცა სატანისტურ რიტუალებში მონაწილეობა მიუღიათ. ვისთანაც საუბარი მქონია არც ერთი მათგანი აქ არ დარჩენილა. არც ერთი გამოსწორებული სატანისტი არ მყავს.

- თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შემდეგ ერთგვარი მარგინალიზების ტენდენცია შეინიშნება. მოსახლეობის დიდი ნაწილი აგრესიას გამოხატავს განსხვებულად ჩაცმული ახალგაზრდებისა და როკ მუსიკის მსმენელთა მიმართ...

- მაგიტომ ვამბობ, რომ მულტიკულტურების დემიონიზება და სტიგმატიზაცია არ უნდა მოხდეს. ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ. როკ მუსიკის ნაწილში სატანური ელემენტები ჭარბად არის, მაგრამ ასეთივე ხდება კლასიკურ მუსიკაშიც. ბევრი სიმფონია შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომელიც სხვადასხვა ღვთაებას მიუძღვნეს. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ სამყარო მრავალფეროვანია, სეკულარულ სამყაროში, ხელოვნებაში ძალიან ბევრი ეროტიკული პასაჟია, არაქისტიანული ელემენტებია, სპარსულ თუ ინდურ ფოლკლორში, გამოდის რომ ყველაფერი უნდა უარვყოთ? ჩვენთვის კრიშნა ეშმაკია, თუმცა ინდუსი, რომელიც მას უმღერის, უნდა ჩავქოლოთ? ეს მისი არჩევანია. მე ტოტალიტალურ სექტებზე უფრო ვღელავ, რომელსაც არა ხალხმა, არამედ სახელმწიფომ უნდა მიხედოს.

- ქრისტე თავისუფლებაა?

- დღეს ასეთი მოდიაა, რომ თავისუფლება ყოვლის ქმედებას ნიშნავს. რატომღაც ითვლება, რომ თავისუფლება აღვირახსნილობაა და მორალური პასუხისმგებლობის არქონაა. რეალურად სიტყვა კულტურა თავის თავში თვითშეზღუდვებს იტევს​. ამის სწავლებაა საჭირო. სკოლა ცოდნას აძლევს, ეს კი ახალგაზრდისთვის საკმარისი არ არის. ცოდნა ზნეობას ვერ მოგცემს, მას სულიერი სამყარო გაძლევს, ეს სულიერი კი არის ღმერთი, რომელიც ზნეობრიობას კანონმდებლობს.

ღირსეული ადამიანის ჩამოყალიბებაში ოჯახს და გარემოს ძალიან მნიშვნელობა აქვს. როცა სახლში გამუდმებით კონფლიქტია, მოზარდი კი მის თვალწინ არსებული სამყაროს ნაწილი არ არის, მას პროტესტის გრძნობა უჩნდება. იქ ვიღაცა კლასი გამდიდრდა, რომელიც ტელევიზორებში მოჯდა და არის მხოლოდ ამათი პრანჭვა-გრეხვა, როცა ბავშვებს შიათ. ამ მოზარდებს ამ სამყაროს დაუფლების სურვილი უჩნდება ან ასეთი ცხოვრების წესის მიმართ პროტესტი აქვთ, რადგან საზოგადოება კასტებად იყოფა, ამას ემატება სიდუხჭირეც და იწყება გაუცხოება და გაქცევა იმისგან, რასაც უყურებს, შემდეგ ეს გზააბნეული ადამიანი ცუდ წრეში ხვდება და ადამიანი თავს იღუპავს.

ქრისტეში თავისუფლება ძალისხმევასა და თვითგანწირვას მოითხოვს. თავისუფალი ის არის, ვისაც ღმერთის გარდა ყველაფერზე უარის თქმა შეუძლია. სწორედ ეს უნდა გავითავისოთ, რომ თავისუფლება ღვაწლს მოითხოვს. შეგახსენებთ რას ამბობს ნეტარი ავგუსტინე: "გიყვარდეს ქრისტე და აკეთე რაც გინდა". ეს რას ნიშნავს - თუ ქრისტე გიყვარს და მისი ნების აღსრულება გინდა მხოლოდ კარგ საქმეს აკეთებ, რადგან გიყვარს ქრისტე- ანუ გიყვარს სიცოცხლე, ადამიანები, გძულს ცოდვა და არა ცოდვილები, არა ისინი ვინც ეს უბედურება ჩაიდინეს. მაგრამ სანამ ამას ჩაიდენდნენ არავინ მოგვისმინა - ვამბობდით სწორი განათლება და ადეკვატური რეაგირება იყო საჭირო. უნდა გაერკვიათ სად იკრიბებოდნენ ეს ბავშვები, იქნებ ენახათ... არა! - გვითხრეს ჩვენ გვაქვს სკოლა და ვასწავლით იმას, რასაც გვინდა - შედეგი სახეზეა.

- ეკლესიის მიმართ იმედგაცრუებას მიზეზები არ აქვს?

- ეკლესიის მისამართით იმედგაქცრუებას, სამწუხარდ, მეტ ნაკლებად ის არასამთავრობოები ორგანიზაციები თუ ცაკლეული პერსონები უწყობენ ხელს. მათ ნაწილს სრულიად უსაფუძვლოდ სძულთ ეკლესია და სულ ლანძღავენ, ამ სიძულვილის ნაწილი შესაძლოა უბრალო მოქალაქეებმაც გაიზიარონ. მსგავსი განცხადებები აფერხებენ ახალგაზრდებს მოვიდნენ ეკლესიაში. გაგვაკრიტიკეთ, კი ბატონო, ეკლესიაშიც არსებობს პრობლემები და სწორედ იმაში გაგვაკრიტიკეთ, რომელშიც არასწორად ვიქცევით. მაგრამ უაპელაციოდ ჩვენი ყველა ნაბიჯის გაკიცხვა იმ ახალგაზრდას, ახალ ყლორტს სინათლის მიღების საშუალებას უკარგავს. ეს ისეთია, რომ ერთი ქირურგის გამო, რომელსაც პაციენტი დაეღუპა სავადმყოფოს სასკლაო უწოდო. ესენი კი ყველას ერთ ქვაბში ყრიან. თუმცა მათ საუბარს და კრიტიკის უფლებას ვერ წავართმევთ, არასამთავრობოებმა უნდა ილაპარაკონ, მაგრამ სახელმწიფოს ხომ შეუძლია განათლებაში უფრო მეტი ჩადოს?

ფინეთის მაგალითიც კმარა. აქ მართმადიდებელი მოსახლეობის 2 % - ია. ამ პირობებში საჯარო სკოლებში მართლმადიდებლური რელიგიის ისტორია ისწავლება. მართლმადიდებელი ბავშვები ამ საგანს ერთ კლასში გადიან, საკუთარი რელიგიის სწავლაში რა არის ცუდი? - რატომ კარნახობ, რომ 17 წლის რომ გახდება მერე აირჩიოს რას ისწავლის. თუ ბავშვს ადრეულ ასაკში განუსაზღვრავ, რომ როცა ცუდადაა წამალი უნდა მიიღოს, შენთვის სასურველ სკოლაში მიგყავს, როცა განუსაზღვრავ რომ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი კარგია, საგანი ისტორია და მათემატიკა კარგია, რატომ უკრძალავ რელიგიის სწავლას? - თუ მეტყვი რომ რელიგიის სწავლა ევროპული არჩევანი არ არის, უკვე მოგიყვანეთ ფინეთის მაგალითი და შემიძლია უამრავი ევროპული ქვეყნის მაგალითები მოგიყვანოთ. შედეგიც აისახება ჩვენს განათლებაზე.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42