დღეს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. "დღის შოუში" რამდენიმე თვის ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს, რასაც თან ახლდა ბავშვის განუწყვეტელი ტირილი, თუმცა სტუდიაში მიწვეულ სპეციალისტებს ეს პროცესი არ შეუწყვეტიათ. საზოგადოების ნაწილმა ეს ბავშვზე ძალადობად და მედიაეთიკის დარღვევად შეაფასა.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა mediachecker.ge, მათი თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ მშობელი სტუდიაში იყო და შესაბამისად, მედიასაშუალებას მისი ნებართვა ქონდათ, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების მიხედვით, მშობლის თანხმობა მედიასაშუალებას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
„31 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა „დღის შოუში“ რამდენიმე თვის ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს. მაყურებელი ისმენდა ბავშვის ისტერიკულ ტირილს, ხოლო უფროსები მონდომებით გვიხსნიდნენ, როგორ უნდა გავაკავოთ ასეთ დროს ბავშვი, თან პრაქტიკულად გვიჩვენებდნენ, ხელების, ფეხების, თავის გაკავების მეთოდს. ერთ-ერთმა წამყვანმა მძიმე სანახაობის ყურება ვერ შეძლო და თვალებზე ხელი აიფარა.
მიუხედავად ბავშვის ტირილისა, ყურის გახვრეტის პროცესი არ შეწყვეტილა. წამყვანებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მშობელს შვილისთვის ყურის გახვრეტა ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა და მათ არაფერი დაუძალებიათ. ისიც შეგვახსენეს, რომ მშობელი სტუდიაშია და შესაბამისად, მედიასაშუალებას მისი ნებართვა აქვს, თუმცა ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების მიხედვით, მშობლის თანხმობა მედიასაშუალებას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.“- აღნიშნულია mediachecker.ge-ის მიმართვაში.
კრიტიკას „დღის შოუს“ შემოქმედებითი ჯგუფიც გამოეხმაურა, მათი თქმით პროცედურა უმტკივნეულოა, ბავშვის ტირილი კი ძილის პერიოდის დადგომით იყო გამოწვეული:
"დღის შოუს" სპეციალური განცხადება: დღევანდელი „მშობელთა კრების„ ერთერთმა თემამ, „ როგორ გავუხვრიტოთ ბავშვს ყური და რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცედურის შესახებ„ , ჩვენი ზოგიერთი მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია, რადგან პროცედურის დაწყებამდე ბავშვმა იტირა.
გვსურს გაცნობოთ, რომ ბავშვის ტირილი, ზოგადად, ჩვენც „ დღის შოუს „ პროდიუსერებსა და წამყვანებს , გვაშფოთებს და გვანერვიულებს. თუმცა ამ შემთხვევაში ყურის გახვრეტა გამოცდილი სპეციალისტების მიერ, ყველა წესის დაცვით მოხდა.
ამასთან, თავად ბავშვის მშობელი თანახმა იყო პროცედურა პირდაპირ ეთერში ჩატარებულიყო და განმარტა, რომ ბავშვის ტირილი პირდაპირ ეთერში გამოწვეული იყო ძილის პერიოდის დადგომით. თავად პროცედურა კი აბსოლუტურად უმტკივნეულოა.
„დღის შოუს“ ამ კონკრეტულ გადაცემაში სწორედ იმის ჩვენება გვსურდა, როგორ მიმდინარეობს ეს პროცედურა და პასუხი გაგვეცა იმ დედებისთვის, რომლებიც გამუდმებით გვწერენ, მიზანშეწონილია თუ არა ჩვილისთვის ყურის გახვრეტა. ამ დემონსტრირებით, გვსურს მათ თავად გადაწყვიტონ, გაუხვრეტენ თუ არა საკუთარ შვილებს ყურს ადრეულ ასაკში.
აქვე გაცნობებთ, რომ პროცედურის შემდეგ, პატარა ნატალიმ შეწყვიტა ტირილი (რაც ეთერშიც ჩანდა ), მიირთვა და მშვიდად დაიძინა"- აღნიშნულია დღის შოუს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






