სცენარისტის მიერ, ქართველ მაყურებელზე კარგად გათვლილი დუდუს როლი, მუსკომედიის მსახიობმა ალეკო ბეგალიშვილმა მოირგო. მიუხედავად იმისა, რომ თავისი გმირისგან ძალიან განსხვავდება, შეძლო იმდენად ბუნებრივი ყოფილიყო, ეკრანზე გამოჩენისთანავე მაყურებლის საყვარელ გმირად იქცა.
,,ნიუპოსტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მსახიობი მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს ჰყვება.
ალეკო ბეგალიშვილს, დუდუს თვისებები ცხოვრებაში არ გადმოუტანია, დუდუ მისი ნიჭისა და სამსახიობო ოსტატობის შედეგია. ამიტომ შეიძლება ითქვას რომ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც ინტერვიუს ჩაწერა არა „დუდუსთან“ (როგორც, ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე) არამედ, რადიკალურად განსხვავებულ ტიპაჟთან მომიხდა.
მსახიობების ოჯახში გაიზარდა, მაგრამ ძმებისგან განსხვავებით, რომლებიც მშობლების კვალს მიჰყვნენ მსახიობობა, თურმე არც არასოდეს უნდოდა. თუმცა „გავლენამ“ თავისი როლი ითამაშა და მერე გენმაც იმძლავრა. მუსიკოსობაზე მეოცნებე ბიჭი ნიჭიერ მსახიობად იქცა. შორეულ მოგონებებში დარჩა ჯგუფი, სადაც უკრავდა და სიმღერები, რომლებიც წლების წინ იწერებოდა... ახლა დაკვრა უმეტესწილად საძმაკაცოში უხდება. უყვარს გიტარა, მუსიკა, ბოჰემური ცხოვრება, ბოდიალი და ძმაკაცებთან ერთად დროს ტარება.
საუბარს თეატრით ვიწყებთ... ჩემი რესპონდენტი ერთ საათში სხვა როლს მოირგებს... მუსიკისა და დრამის თეატრში დოის განსხვავებული სპექტაკლის პრემიერა „ბალიშის კაცუნა“ თამაშდება.
ალეკო ბეგალიშვილი: „არ ჰგავს სხვა სპექტაკლებს, არ ზის ჩარჩოებში, ცოტა უცნაურია, ცოტა მძიმეც, ისეთი თემატიკაა, რომ ყველას თავის თავში ჩაახედებს... ისეთ რაღაცებს ამოქექავენ და გაიხსენებენ რაც შეიძლება მიმალული და მიჩქმალული იყო სადღაც ქვეცნობიერში, და ხვდები, რომ ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციო.
-რთული იყო შენთვის ეს როლი?
-არა, რთული არ იყო, მაგრამ საინტერესოა ძალიან, ფორმაა თვითონ ისეთი, რომ პირველად მომიწია ასეთ ფორმაში მუშაობა.
-სცენაზე დგომა რას ნიშნავს შენთვის? რა ხდება იმ დროს როცა სცენაზე ხარ?
-სცენა, ყველაზე დიდი კაიფია, ყველა ნარკოტიკზე... დამხმარე საშუალებები არ გჭირდება... იმხელა ადრენალინი მოიდის მაყურებლისგან, რომ მორფინისტს შეშურდება, ისეთი „პრიხოდი „ აქვს.
არის რა თქმა უნდა, რაღაცებიც, რაც ყურადღებას გიფანტავს, ხმაური კულისებიდან, ზარი მაყურებლის, ტელეფონის გათიშვა რომ ავიწყდებათ... მაგრამ უნდა გაატარო. ხანდახან ნერვებს კი გვიშლის მაგრამ არ ვიმჩნევთ.
-ცხოვრებაში რა გიშლით ნერვებს?
-ბევრი რამ არის... ის, რომ ჩვენი პროფესია ამ ქვეყანაში ისე არ ფასდება, როგორც უნდა დაფასდეს, პროფესიიდან გამომდინარე ეს მიშლის ძალიან ნერვებს. კიდე ის, რომ საქართველოში კინო ინდუსტრია არ არსებობს, წლები გადის და მსახიობები ისე მიდიან, რომ არ რჩებიან ეკრანზე. მარტო თეატრიდან გიცნობს ხალხი, დრო რომ გადის თეატრი ისეთი სფეროა, რომ არ რჩება. ვიღაცის მეხსიერებაში რჩება, მხოლოდ... ცოტა დასანანი მომენტია, რომ კინო არ არის.
-თქვენ გაგიმართლათ და სერიალით გაგიცნოთ ფართო საზოგადოებამ.
-კი,სიბერეში
-პოპულარობის გარდა ამ სერიალმა რა მოგიტანათ?
- ცოტა მეტი ფული, ვიდრე მქონდა, ცოტათი მეტი... თავიდან, ეს პოპულარობა ძალიან მაწუხებდა, ცოტა არ იყოს დავიძაბე, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს ზოგადად და შევიბოჭე, ქუჩაში ჩემ გემოზე ვეღარ დავბოდიალობდი. ადრე თუ მინდოდა ნასვამი გავივლიდი და ზედ არ მიყურებდა არავინ, ახლა კი ვერიდები ასეთ რაღაცებს... ერთხელ ნასვამი მოვდიოდი და ბავშვებმა - აუუუ დუდუ ნახე რა „ბუხოიაო“- დამცინეს. ბევრი მაჩერებს, მანქანებიდან მეძახიან, გოგონები შემომახტებიან, მკოცნიან... ასეთი რაღაცები ხდება, ამიტომაც შევიბოჭე. ახლა შევეჩვიე, ადრე ნერვებიც მეშლებოდა ძალიან ყურადღებას რომ მაქცევდნენ, ახლა არა... ყველაფერს ეჩვევა ადამიანი.
- ავტოგრაფსაც გთხოვენ? თუ არ არის ახლა მოდაში ავტოგრაფები?
-არა, ეხლა უფრო სელფებია, ავტოგრაფი ერთხელ მთხოვა ვიღაცამ და გამიკვირდა, მეთქი რომელი დე ნირო მე მნახე.
-კინო და სერიალი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან?
-ჩემს შემთხვევაში მგონი არა, იმიტომ რომ მე უფრო კინო ხერხისკენ მივდივარ, როდესაც ჩემს პერსონაჟზე ვმუშაობ. რეჟისორებიც ცდილობენ, რომ კინოს ხერხში წაიყვანონ. სხვა გმირებიც ხომ არიან თენგო, ბაქარი... ისინი ცოტა გროტესკული გმირები არიან, სერიალს უხდება. დუდუ კინო ტიპია უფრო ალბათ, თამაშის ხერხს ვგულისხმობ, არ უნდა ითამაშო კინოში, თამაში არ უხდება კინოს. სერიალი იტანს ცოტა გროტესკს, მაგრამ ეს ისეთი პერსონაჟია, რომ გროტესკს არც ითხოვს.
-ცხოვრებაში თუ გითამაშიათ?
-როგორ არა, ყველას გვიხდება თამაში
-მსახიობობა თუ გამოგიყენებიათ ?
-ერთი ორჯერ მომიწია, ადრე პოლიციაში. უდანაშაულო ადამიანის როლი ვითამაშე, პრინციპში ვიყავი კიდეც უდანაშაულო. მაგრამ იმათთვის მაინც დამნაშავე ვიყავი.
-გაჭრა თამაშმა?
-კი გამომიშვეს. მე შენ გაარტისტებო, ასე დამემუქრა ბოლოს პოლიციელი. ეს 90- იან წლებში იყო.
-რატომ დაგიჭირეს?
-ვიღაც ტიპებმა რაღაცა გაძარცვეს, კუპონების პერიოდი იყო, კომპიუტერები წამოიღეს, დედაჩემს ჰყავდა მდგმური და ამ მდგმურის ოთახში დაალაგეს ეს მოპარული ნივთები. მეთქი უსიამოვნება არ მინდა და გავატანინე. რამდენიმე დღეში ქეიფი იყო უბანში და იქ ვისხდით ყველა. ეს სასტავიც იყო. ვსვამდით, გიტარა, სიმღერა ... მოვიდა უცებ ხუთი თუ ექვსი მანქანა ავტომატიანი ხალხით, გადმოვიდნენ ჩაგვყარეს და წაგვიყვანეს, გვარები დაასახელეს, ჩემიც მათ შორის. მთელი ღამე განყოფილებაში გვაყურყუტეს. იქ გვითხრეს ინფორმაცია შემოვიდა კომპიუტერებზეო. მეთქი მე არ ვიცი, მე აზრზე არა ვარ არაფრის. აი მანდ მომიხდა თამაში, უცებ გავხდი მსახიობი, რომელიც აზრზე არ არის თუ რა ხდება უბანში.
პოლიციელი ვისაც დაკითხვაზე ვყავდი, რეზინის ხელკეტით იდგა, ხელზე ირტყამდა და ძალიან წყნარად მელაპარაკებოდა. ხელი არ დაუკარებია, მაგრამ ისეთ ზემოქმედებას ახდენდა, სად შევმძრალიყავი აღარ ვიცოდი... ყველაფერი მომიყვა ისე, როგორც იყო, ყველაფერი იცოდა. ასე რომ აღიარე ეს ამბავი და საიდანაც გაატანინე, ისიც თქვიო. მომიწია ისევ არტისტობა, გავიგიჟე თავი და მშვენივრად მოვირგე უცოდველი მსახიობის როლი. მეთქი მსახიობი კაცი ვარ, უბრალოდ უბანში ბიჭებთან ერთად ვსვამდი ... თან უკვე ჩაერია ვიღაც-ვიღაცები მინიატურებში ვიყავი მაშინ, მამუკა ჩაერია კიკალეიშვილი, ის იყო სამხატვრო ხელმძღვანელი, მამაჩემიც ცოცხალი იყო, სიტყვა ეთქმოდა მაშინ... იმ ბიჭმაც აღარა, მე ვიყავი, ამას თავი გაანებეთ არაფერ შუაში არ არისო. გამომიშვეს, როცა გამოვდიოდი, მაშინ მითხრა იმ პოლიციელმა - მაინც დაგიმტკიცებ ამ ყველაფერს და დედას გიტირებ, მე შენ გაარტისტებ კარგადო.
-იმის შემდეგ არ გინახავთ ალბათ...
-არა, მაგრამ „იზმენა“ ავიკიდე, ერთი სამი თვე კარების ხმაზე ფეთიანივით ვხტებოდი, მეთქი მოვიდნენ, უნდა წამიყვანონ.
-მერე კი წლები გავიდა და ცხოვრებამ დუდუს შეგახვედრათ, უშიშროების თანამშრომელს, ტიპს, რომელიც ერთ დროს გაშინებდათ კიდეც... თუმცა მოირგეთ დუდუს ტიპაჟი... უფრო მეტიც, მაყურებელსაც შეაყვარეთ...
-რაღაცნაირად მოვირგე. ჩემს მიმიკებს მოვარგე, ეს ისეთი ტიპია, ბოდიში და ათას რაღაცებზე გადამხტარი მასტია. ქუჩური რაღაცაც აქვს „ტონკად“. აქ ჩემი ძმა დავიხმარე და ზურას რაღაცები გამოვიყენე დუდუს პერსონაჟში. ის ცოტა ისეთი ტიპი იყო, ქუჩის ცხოვრებით ცოტა ნაცხოვრები, არ გაყვა მაგ ცხოვრებას, ურთიერთობები ჰქონდა.
-შენ როგორი ტიპი ხარ ალეკო?
-მე განსხვავებული, არა ვარ ასეთი ჟოსტკი ტიპი, ბევრად რბილი ვარ საერთო ჯამში. წყენა მალე მივლის. ჯაჯღანი კი მიყვარს, ჩხუბიც... მამაჩემიც ასეთი იყო, ეს სისხლში გვაქვს ალბათ. თუმცა, უცებ ვბრაზდები და მერე მალევე მივლის ეს გაბრაზებაც.
-კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრების?
-როგორ გითხრა... ვაი, რა უბედური ვარო ვერ ვიტყვი. რომ გითხრა ვაიმე რა ბედნიერი ვარ-მეთქი - არც ეს იქნება მართალი...
-რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვა - რა ბედნიერი ვარო?
-ჯანმრთელობა, პირველ რიგში.
-რამე სერიოზულად გაწუხებთ?
-ავადმყოფი არა ვარ, მაგრამ რაღაც-რაღაცები მაწუხებს, როგორც ყველა ქართველს... ნაღველი და ა.შ... დალევების გამო რაც ხდება... ჯანმრთელობასთან ერთაად .... აი, უფრო მეტი დაფინანსება რომ გვქონდეს მსახიობებს, ბევრად უკეთესი იქნებოდა, თვეში ერთხელ რომ მეგობრებს სადმე დაპატიჟებ, მაგის თავი რომ გაქვს, იქ ვიღაცას უჭირს დაეხმარები, გაახარებ... მილიონებზე ნაღდად არ ვოცნებობ, იმდენი მქონდეს, რომ მეყოს ოჯახში, სამეგობროსა და სანათესაოში... დადგება ალბათ როდესმე ასეთი დრო, მსასხიობებისთვის საქართველოში, როცა ნიჭი, შრომა და პროფესია ბევრად უფრო დაფასდება, ვიდრე ეხლა, მაგრამ მე მოვესწრები თუ არა, არ ვიცი...
ახალგაზრდობას რომ ვუყურებ ძალიან მომწონს, მაგარი თაობა მოდის და იმედია, რომ რაღაცას შეცვლიან. მე მგონია რომ სანამ ჩვენი თაობა არ წავა, ცოტა რთული მომენტია რაღაცების შეცვლა. მენტალში ისე გვიზის ეს კომუნისტებიდან წამოსული რაღაცები და იმდენად ჩვენი გახდა ისეთ ატმოსფეროში გავიზარდეთ, რომ მოგწონს თუ არ მოგწონს, შენშია უკვე, ესენი სხვა ტიპები არიან, რადიკალურად სხვა აზროვნება აქვთ და ძალიან მომწონს. რაღაცები ამათაც არ უვარგათ, ცოტა ცივები არიან, ჩვენ უფრო ჯიგრიანები ვიყავით, სხვა რამეში ბევრად რაფინირებულები და გახსნილი ტიპები არიან, კომპლექსებისგან გათავისუფლებულნი, ამიტომ მჯერა და იმედი მაქვს რომ ბევრ რამეს შეცვლიან.
მასალის გამოყენების პირობები