ამ განცხადების შემდეგ "ნიუპოსტი" გარდაცვლილის დედას დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და ღამის საათებში მის სახლში უცხო პირებმა რამდენჯერმე სცადეს შეღწევა. ნონა ჯოჯუას თქმით, ბოლოს სახლის კარი, რომელიც გასაღებით ჰქონდა დაკეტილი გატეხილი დახვდა.
"5 ფაქტია დაფიქსირებული, ჩემს სახლში ვიღაცა მოდის და მაშინებს, საკუთარი სახლის კარები გაღებული მხვდება... ეზოში შემოვედი ჭიშკარი ღია დამხვდა, გასაღები ეზოში ვიპოვე, ოთახებში ლოგინები გადატრიალებული დამხვდა, ტანსაცმელი გადმოყრილი იყო. სხვა შემთხვევაც მქონდა დაახლოებით ღამის 2-3 საათზე ვიღაცა ამოვიდა კიბეებზე, კარის სახელური აწვალა, 10 წუთი ხმაურობდა და წავიდა. გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ვერავინ ვერაფერი გაარკვია. ამდენი შიშით სისხლის გათეთრება დამემართება.
არჩევნებისთვის ყველამ გამომიყენა, დავრჩი მარტო... ის ხალხი სად არის ვინც გვერდით მედგა?! მე გოდერძი თევზაძეს ხელს არ ვადებ, რომ ის მკვლელია, მაინტერესებს დადგინდეს ნამდვილი მკვლელის ვინაობა"- განუცხადა "ნიუპოსტს" სტურუას დედამ.
ნონა ჯოჯუა გამოძიების გაჭიანურების გამო უკმაყოფილოა და იმ საქმეს იხსენებს, რომელშიც შესაძლოა მისი გარდაცვლილი შვილი ფიგურირებდეს.
"ტელეფონის დაკარგვის საქმე ხომ გახსოვთ, მიცვალებულის მობილური, რომ დაიკარგა და დემურის აბრალებდნენ მან მოიპარაო. რატომ არ გამოიძიეს ეს ეპიზოდი, სად არის ის მეორე ბიჭი რომელმაც ეს ტელეფონი ლომბარდში მიიტანა? რატომ ვერ ნახა გამოძიებამ ეს მაინტერესებს. იქ ხომ მეორე ბიჭია დაფიქსირებული, ტელეფონი ხომ ლომბარდიდან ამოიღეს?!"- თქვა ჯოჯუამ.
როგორც სტურუას დედა ამბობს, თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის ხელახლა წაკითხვის შემდეგ ბევრი კითხვა გაუჩნდა.
"ჩემმა შვილმა წერილი ცხრის ოც წუთზე დაწერა, ორ საათზე კი გოდერძი თევზაძემ ამოაკითხა სახლში და რომ ვერ ნახა ამ ხნის განმავლობაში სად იყო ჩემი შვილი? რატომ არ გაარკვია ეს მომენტი გამოძიებამ? არავისი არ მჯერა არც ექსპერტიზის არ მჯერა უკვე. ვინ უნდა მაშინებდეს, ვინ უნდა მამწარებდეს?"- აცხადებს 22 წლის გარდაცვლილი ბიჭის დედა.
ნონა ჯოჯუა ასევე კატეგორიულად გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მას დაკავებული პოლიციელის თანამშრომლები ან ახლობლები აშინებდნენ.
"არა, არა გამორიცხულია. მაგის ეჭვი მათი მხრიდან არ მაქვს. ნაცვლიშვილი, (პირი რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა) რომ გარეთ იყოს იმაზე ნამდვილად მივიტანდი ეჭვს, თუმცა ის დაკავებულია"- განაცხადა ჯოჯუამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
დემურ სტურუას დედა, პოზიციის რადიკალურად შეცვლას მხოლოდ მის საცხოვრებელ სახლთან გახშირებული ინცინდენტებს უკავშირებს. მან "ნიუპოსტთან" არ გამორიცხა, რომ მის შეშინებას "ნამდვილი დამნაშავე" ცდილობს.
"წერილსაც დაუკვირდი, გოდერძი იქ მრავლობითში წერს. დამიგროვდა კითხვები, ვინ იყვნენ ის ბიჭები, რომლებმაც საჯავახოში ჩემი შვილი თვითმკვლელობამდე, ცოტა ხნის წინ სცემეს? არ მაქვს პასუხი საიდან გაჩნდნენ საჯავახოს ბიჭები შემთხვევის ადგილზე?! დემური რაც სახლში გადმოვასვენეთ არც ერთი მათგანი ჩვენთან არ გამოჩენილა. რა ხდება, რატომ არ შეგვეხმიანენ ეს ბიჭები - ბევრი ეჭვი მაქვს! მინდა გამოძიებამ ყველა კითხვას უპასუხოს. მინდა დადგინდეს ნამდვილი მკვლელის ვინაობა. გოდერძი თუ მკვლელია რატომ არ უსჯიან, რატომ ჭიანურდება სასამართლო პროცესების დაწყება? იმასაც ვფიქრობ, რომ გოდერძი არ არის მკვლელი, ნამდვილ დამნაშავეს კი ვიღაცა მფარველობს. ვეჭვობ, რომ სწორედ ის პირი ცდილობს მის შეშინებას ვინც "ნამდვილი დამნაშავეა"- აღნიშნა ჯოჯუამ.
დემურ სტურუას დედის ნინა ჯოჯუას განცხადებას, რომ შესაძლოა პოლიციელი უდანაშაულო იყოს, მისივე ოჯახის წევრი, გარდაცვლილის გამზრდელი ბიცოლა დარიკო ჯაში კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ჯაშის თქმით, დემური წერილში ტყუილად არავის სახელს არ ახსენებდა.
"დემურიკო წერილში ტყუილად არავის მოიხსენიებდა. სხვის სახელს დაწერდა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ძალით დააწერინეს წერილი, ეს სრული აბსურდი და სიცრუეა"- აცხადებს ჯაში.
გარდაცვლილის ბიცოლა არ გამორიცხავს, რომ ნანა ჯოჯუა დააშინეს.
"დღეს ყველაფერი ხდება, არ ვიცი ვინ დააშინა. ვინ ან რამ შეუცვალა ამ ქალს ტვინი არ ვიცი"- აცხადებს დემურ სტურუას ნათესავი.
.მიმდინარე წლის 8 აგვისტოს სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ახალგაზრდამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. როგორც სტურუა, სუიციდამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერილ წერილში წერს, მას სამტრედიის ერთ-ერთი პოლიციელი, სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა.
დემურ სტურუა წერილში წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, გოდერძი თევზაძის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობდა.
ამასთან ოჯახის ინფორმაციით იმ საბედისწერო ღამეს, გოდერძი თევზაძე მარტო არ იყო.
სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძე თავდაპირველად მიიმალა, თუმცა მოგვოიანებით პოლიციას თავად ჩაბარდა. გამოძიება ამ უკანასნელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






