ქართველის სპორტსმენი Kunlun Fight-ის ეგიდით ორგანიზებულ მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირზე მეოთხედფინალურ ბრძოლას გამართავს და მაროკოელ მოჰამედ მეზუარის დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტები მეზუარის კიკბოქსინგის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ.
მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ დავითს ნიდერლანდებში დავუკავშირდით და წინასაბრძოლო განწყობასა და გეგმებზე ვესაუბრეთ.
დავით, პირველ რიგში მოგვიყევით, რა არის Kunlun Fight-ი?
Kunlun Fight-ი არის ჩინელების მიერ დაარსებული კიკბოქსინგის გიგანტი ორგანიზაცია, რომელიც უმაღლესი დონის ტურნირებს მართავს. Kunlun Fight-ი 2015 წელს დასახელდა წლის ორგანიზაციად.
როგორია თქვენი წინასაბრძოლო განწყობა? სად და ვისთან ემზადებით მეოთხედფინალური ბრძოლისთვის?
მე-5 თვეა რაც ჰოლანდიაში ნიკი ჰოლზკისთან ერთად ვემზადები. ბუნებრივია ამ ბრძოლისთვისაც მასთან ვემზადები დიდი შემართებით. ნიკი გლორის ვერსიით მსოფლიოს მრავალგზის და მოქმედი ჩემპიონია 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მას საკუთარი კლუბი აქვს, სადაც წარმატებული სპორტსმენები ვარჯიშობენ, მათ შორის მეც.
რამდენი სპორტსმენი იღებდა Kunlun Fight-ში მონაწილეობას და რა გზა გამოიარეთ მეოთხეფინალამდე?
Kunlun Fight-ის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა სხვადსხვა ქვეყნის საუკეთესო 64 კიკბოქსიორი. მეოთხეფინალამდე მომიწია ორი ბრძოლის ჩატარება ჰოლანდიელ რობი ჰაგემანისა და ბელორუსელ დენის ზუევის წინააღმდეგ.
მეოთხედფინალის მოგების შემთხვევაში, როდის გაიმართება ნახევრაფინალი და ფინალი?
ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება 1 იანვარს, მეოთხედფინალში გამარჯვების შემთხვევაში მოვხვდები ოთხკაცა ტურნირში, სადაც ნახევარფინალური და ფინალური ბრძოლები გაიმართება ერთ დღეს და გაირკვევა Kunlun Fight-ის 2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელის ვინაობა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
გაქვთ შთამბეჭდავი კარიერა, 2014 წელს საოცარ ბრძოლაში გახდით გლორის მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრძოლად აღიარეს, ამასთან რამდენიმე წელია 10 საუკეთესო კიკბოქსიორებს შორის მოწინავე ადგილს იკავებთ, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
წარმატების მისაღწევად არსებობს წესები, რომლის დაცვაც რთული მაგრამ სავალდებულოა. ჩემი მიზანი ყოველთვის არის შედეგის გაუმჯობესება, არსდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით და თავდაუზოგავად ვმუშაობ საკუთარი თავის განვითარებისთვის.
როდის გიწევთ შემდეგი ბრძოლა გლორის ფარგლებში?
10 დეკემბერს გერმანიაში გლორი ატარებს კიკბოქსინგის ისტორიაში უდიდეს ტურნირს, სადაც იბრძოლებენ ისეთი უდიდესი სახელები როგორებიც არიან ბადრ ჰარი,რიკო ვერჰოვენი და ნიკი ჰოლზკი. აღნიშნულ დღეს მეც ვიბრძოლებ ოთხკაცა ტურნირში და გამარჯვების შემთხვევაში მომავალ წელს მომიწევს გლორის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა.
როგორც ვიცი მხოლოდ საკუთარი თავის განვითარებაზე არ მუშაობთ და ქართველი სპორტსმენებზეც ზრუნავთ?
საქართველოში, ჩემს მწვრთნელს ბაჩუკი ფარცვანიას დაარსებული აქვს ორგანიზაცია „კოლხეთი“, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობს. მე უბრალოდ ვეხმარები ბაჩუკის და ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში კიკბოქსინგი განვითარდეს. "კოლხეთი" რეგულარულად მართავს საერთაშორისო დონის ტურნირებს, რომელშიც აზერბაიჯანის, სომხეთის,რუსეთის,თურქეთის და სხვა ქვეყნების სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. რეალურად, ეს ტურნირები ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებისთვის დიდი ტრამპლინია. მჯერა, ბევრი მათგანი მსოფლიო დონის სპორტსმენი გახდება.
აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ სიმბოლურ ფაქტზე, რომელიც ძალიან ემოციურია რიგითი მაყურებლისთვის და ბუნებრივია, ალბათ თქვენთვისაც. რინგზე საბრძოლველად გასვლისას ჩოხა გაცვიათ. რას იტყვით ამაზე?
მეამაყება როცა რინგზე ქართული ჩოხით გავდივარ, ეს ძალასაც მმატებს და მოტივცაისაც. გარდა ამისა, მინდა ქართული კულტურა და ტრადიციები მსოფლიოს დავანახო.
„ნიუპოსტი“ წარმატებებს უსურვებს ქართველ სპორტმენს და სიახლეებსაც სისტემატურად მოგაწვდით.
მასალის გამოყენების პირობები