ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 60 ერთეულ ტრაქტორს და მათ მესაკუთრეებს ეძებენ. ტექნიკის მეპატრონების მოძიების მიზნით, გამგეობის წარმომადგენლებმა გასული წლის ნოემბერში პროკურატურას მიმართეს.
ხონის გამგეობის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის უფროსი, გელა ჩოგოვაძე განმარტავს, რომ ტექნიკის დანაკლისის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც, გასულ წელს ხონის გამგეობის ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაცია ჩატარდა.
გელა ჩოგოვაძის ინფორმაციით, ინვენტარიზაცია მუნიციპალიტეტში 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.
2015 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, როგორც ჩოგოვაძე ამბობს, ტრაქტორები გამგეობის ბალანსზე არის. თუმცა, ისინი ფიზიკურად არ არსებობენ.
"ამიტომაც საჭირო საბუთები მოვამზადეთ და პროკურატურას მივაწოდეთ. რატომ უნდა იყოს ისეთი ტექნიკა გამგეობის ბალანსზე, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. ასეთი ტექნიკის ჩამოწერა უნდა მოხდეს", - ამბობს გელა ჩოგოვაძე.
ხონის გამგეობის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც პორკურატურის მიერ მოხდება იმის დადგენა თუ ვინ შეიძინა ტექნიკა, მათ ჩამოწერენ.
ხონის გამგეობაში განმარტავენ, რომ გასულ წელს ჩატარებული ინევეტარიზაციის მიხედვით, გარდა ტრაქტორებისა, ასევე, ფიზიკურად არ არსებობს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული პარკეტის საამქროსა და პურის საცხობის შენობები.
მასალის გამოყენების პირობები






