საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2 დღის წინ, ღამის 03:30 საათზე სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე სამი უცნობი პირი შეიჭრა, რომელთაგან ერთ-ერთის ლიკვიდაცია გუშაგმა მოახდინა, უწყების ცნობით ორმა პირმა მიმალვა შეძლო.
სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გუშაგმა უცნობების მისამართით გასროლა გაფრთხილების შემდეგ მოახდინა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მყოფმა პირებმა გუშაგის მისამართით ცეცხლმაქრი ისროლეს და სწორედ ეს გახდა გუშაგის მხრიდან პროტოკოლით გათვალისწინებული ქმედების მიზეზი.
უწყება ირწმუნება, რომ უცნობ პირებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი,რომელიც შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრის მოშორებით იპოვეს. ნაპოვნია ასევე მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი, პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 5 მასრა და სხვა საგნები, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მორიგეობის დროს, გუშაგი ნორმების სრული დაცვით მოქმედებდა და მას კანონი არ დაურღვევია.
საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ხუთ წლამდე სასჯელს ითვალისწინებს.
ამის პარალელურად გოგა შენგელიას ოჯახს გამოძიების ობიექტურობის არ სჯერა. გარდაცვლილის მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ 23 წლის ბიჭს იარაღი არ ჰქონია.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას გარდაცვლილის მამამ რომან შენგელიამ არ გამორიცხა, რომ მისი შვილი მეგობრებთან ერთად საწვრთნელ ბაზაზე მეგობრის სანახავად მივიდა.
შენგელია ადასტურებს, რომ გარდაცვლილის ძმა ბაზაზე 15 სექტემბრამდე მსახურობდა, თუმცა იქვე აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალოს და სწორედ ამიტომ იმალება გარდაცვლილის ძმა.
გიგა შენგელიას მამის ინფორმაციით, მის შვილს იმ დროს ესროლეს, როდესაც ის გაქცევას ცდილობდა, რადგან გარდაცვლილს ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი.
რომან შენგელიას განცხადებით, ის ხელისუფლებას მომხდარის ობიექტურ გამოძიებისთვის 2 დღიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების დაიწყებს.
„ გამოძიება უნდა ჩაატარონ ისე, როგორც საჭიროა. ისე არა, როგორც თვითონ უნდათ. თუ არა და მე დილით ავიყვან ჩემ ბავშვს, გავიყვან ქუჩაში“ - აცხადებს რომან შენგელია.
- "კრწანისში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავები ორ პირს ეძებენ, სავარაუდოდ ერთ-ერთი მათგანი თქვენი უმცროსი ვაჟია, სად იმყოფება ის ახლა და ბოლოს როდის ესაუბრეთ?
- ჩემ მეორე შვილს, მკვლელობის შემდეგ, დაახლოებით 5 საათზე ვესაუბრე, გიგა უკვე მოკლული იყო, ეს არც მე და არც ჩემმა 20 წლის შვილმა არ ვიცოდით. რაც ძებნა გამოაცხადეს ბავშვზე, იმის მერე დაკარგულია. ერთი ბიჭი ხომ მომიკლეს - ახლა მეორეს კლავენ. პირველი: პოლიცია ეძებს, მეორე: ეშინია ჩემი და მესამე 23 წლის ძმა გარდაცვლილი ჰყავს, ამ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი რას მოიმოქმედებს არ ვიცი. ეძებონ, მომიკლან მეორეც და ამით დამთავრდება ყველაფერი.
- ბატონო რომან, გავრცელებული ინფორმაციით, თქვენთან ოჯახში "ტყის ძმების" წარმომადგენელი იმყოფებოდა და გაჩუმება გთხოვათ, საუბრობენ, რომ დათო შენგელია ლევან იზორიამ გამოგიგზავნათ...
- მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, არავინ არ შემხმიანებია. ტელეფონზეც კი არავინ შემხმიანებია, ვიღაცის გამოგზავნაზეც საუბარი ზედმეტია. ამ ხნის განმავლობაში ჩემთან მოსული არავინ მინახავს, არც მთავრობის და არც სამართალდამცავთა მხრიდან. მე თავდაცვის მინისტრთანაც მექნება საუბარი, ყველასთან ერთი მოთხოვნა მაქვს: გამოიძიონ სწორად, რატომ მოკლეს ბავშვი. არ უარვყოფ, რომ ჩემი შვილი გოგა შენგელია იმ ტერიტორიაზე იყო. ბავშვი ბაზის გარეთ მომიკლეს!
- თქვენი უმცროსი ვაჟი, რამდენი წლის განმავლობაში მსახურობდა კრწანისის საწვრთნელ ცენტრში?
- ერთი წლის განმავლობაში მსახურობდა, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ამოეწურა ვადა... შეეკითხეთ ოფიცრებს, როგორ იმსახურა. საუკეთესო დახასიათება ჰქონდა.
- შედიოდა თუ არა სასწავლო ცენტრში, მას შემდეგ რაც ოფიციალურ სამსახურს მორჩა?
- კი შედიოდა. გიგა და მისი ძმაკაცები ერთხელ კი არა ათჯერაც არიან შესულები.
- არავის შეუფერხებია არაოფიციალური პირების შესვლა სამხედრო ტერიტორიაზე? არ ამოწმებდნენ ვინ შედიოდა ობიექტზე?
- არა, შეფერხება რომ ყოფილიყო, როგორ მოახერხებდნენ შესვლას და მერე უპრობლემოდ გამოსვლას?! რომ შეემოწმებინათ, როგორ შევიდოდნენ? ერთს გეტყვით, ობიექტი დაცული არ იყო. ამხელა ბაზაზე კამერები ხომ აყენია? როგორ არ უნდა მუშაობდეს კამერა? კამერები რომელიც "კრუგში" აყენია რატო არ მუშაობდა?
- რა ინფორმაცია გაქვთ, ადრეც ღამე შედიოდნენ ბაზაზე?
- ლაპარაკიდან გამომდინარე ღამე, აბა დღისით იქ არავინ არ შევა. დაცული რომ ყოფილიყო, ეს სამი ბავშვი შიგნით როგორ აღმოჩნდა.
- ანუ გოგა აცხადებდა, რომ სამხედრო ბაზაზე უპრობლემოდ შედიოდა?
- კი, როგორ არა...
- შესაძლებელია თუ არა რომ დედაქალაქში "კრწანისის" ბაზაზე მყოფი მეგობრების სანახავად ჩამოვიდა?
- აბა რისთვის ჩამოვიდა თბილისში? თავდაცვის სამინისტროს ვერსიის არ მჯერა: ადგა 23 წლის შეიარაღებული ბიჭი და თავს დაესხა 5 000 ბატალიონს, დააყაჩაღა და უკან გამოვიდა ... სხვა რა ესაქმებოდა გიგას ბაზაზე, მეგობრების სანახავად შევიდა. ალბათ დალაპარაკება უნდოდა.
- რა შეგიძლიათ თქვათ შემთხვევის სიახლოვეს აღმოჩენილ ცეცხლსასროლ იარაღზე?
- ჩემი შვილი არც ნასამართლევია, ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება. ბავშვი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში არასდროს იყო შემჩნეული. ისეთი ტიპის ადამიანი იყო, რომ ხელში დაეკავებინა იარაღი ალბათ გაუვარდებოდა. ასეთი სტილის ახალგაზრდა არ იყო. ყაჩაღობაზე, ქურდობაზე შემჩნეული არ ყოფილა.
- თქვენს უმცროს შვილს ჯარში ვინმესთან კონფლიქტი ხომ არ ჰქონია?
- კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩემი შვილი შემთხვევის დროს იქ არ იმყოფებოდა, ეს საერთოდ გამორიცხეთ. რაც შეეხება გიგას, მას არასდროს უთქვამს, რომ კონფლიქტი ჰქონდა. შეიძლება კონფლიქტიც ყოფილიყო არ ვიცი...
- ვინმემ შური ხომ არ იძია ძველი კონფლიქტის გამო?
- კონფლიქტის გამო არ მომხდარა, ეს მოხდა უცოდინრობის გამო... ეტყობა არ ჩაუტარეს ჯარისკაცებს ინსტრუქტაჟი, რომ ბაზის გარეთ მყოფ პირს არ უნდა ესროლო.
- სად აქვს მოხვედრილი ტყვია გოგას?
- ორი გასროლა მოხდა, გიგას მაშინ ესროლეს, როცა ღობეზე ხტებოდა. გარეთ 20-30 მერტრში ესროლეს. ბაზის გარეთ მოკლეს.
დავით ჯაბაშვილი - ნიუპოსტი
მასალის გამოყენების პირობები






