რომან შენგელია "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ "თუ მისი შვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამხედროს რატომ არ მოხდა განგაშის გამოცხადება".
ოჯახის ვერსიით, 23 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან ერთ საათში სისხლისგან დაიცალა.
"სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს რატომ არ მოძებნეს. სამი საათი იქ რომ ეგდო და სისხლისგან დაიცალა ბიჭი. მანამდე სად იყვნენ სროლა თუ იყო. ხომ ატყდა სროლა, ნაწილში განგაში ხომ უნდა ყოფილიყო, თუ შემოგივარდა ვიღაცა ხომ უნდა მოძებნო. ტყვია უკანა მხარეს აქვს. კაცი გაქცევაზეა და ტყვიას რომ ესვრი რა ჯიშის უნდა იყო. ახლა პულიმიოტი ჰქონია გიგას და ესროლა ალბათ. იარაღი ნანახი კი ექნებოდა, მაგრამ ეგ არ არსებობს,“ - აცხადებს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა რომან შენგელია.
რომან შენგელია არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი „კრწანისის“ ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მეგობრის სანახავად იმყოფებოდა, თუმცა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შემთხვევისას გიგა შენგელიას თან მისი ძმა ახლდა.
„გამოიძიონ სწორად, როგორც არის საჭირო. იარაღი ჩემს შვილს არასდროს არ ჰქონია, ყაჩაღი არასდროს არ ყოფილა, ნასამართლევი არ არის და ახლა თუ მეგობრის სანახავად მივიდნენ, ეს არ ვიცი, გაარკვევს ალბათ გამოძიება. მეორე შვილი მასთან ერთად თბილისში იყო წასული, არ იქნებოდა იმ დროს მასთან"- თქვა მოკლულის მამამ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






