პაქსაძეების გვარი სოფლიდან ხორგუანების გასახლებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლების გადაწვითა და შურისძიებით იმუქრებიან. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლიდან გაძევებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილის მეუღლე, თუმცა სოფელში კვალავ რჩებიან მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმების, გია და ზაზა ხორგუანების, მესამე ძმა და ნათესავები. „პრაიმტაიმთან“ საუბარში ადგილობრივი თვითმმართველობის წევრი რომან თაფლაძე აცხადებს, რომ ტბეთში პოლიცია პატრულირებს და სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება.
გარდაცვლილის ნათესავის, ელგუჯა შავაძის ინფორმაციით, გარდაცვლილის მხარე მოთხოვნებს უყენებს ეჭვმიტანილის ნათესავებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა მკვლელობაში ბრალდებულის, გია ხორგუანის მეუღლის, თ.ვ.-ს სიკვდილით დასჯაა. გარდაცვლილი მალხაზ პაქსაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ, თუ მათი შვილი თ.ვ.-სთან სექსუალური კავშირის გამო მოკლეს, მაშინ ქალიც უნდა დასაჯონ.
წალკის რაიონის სოფელ ტბეთში არსებულ დაძაბულ გარემოზე ადგილობრივ თვითმმართველობაშიც საუბრობენ. ამ ეტაპზე სიტუაციას სოფელში პოლიცია აკონტროლებს. რამდენიმე დღის მანძილზე ტბეთში სპეცდანიშნულების რაზმიც იყო მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილების მშობლებმა სოფელი დროებით დატოვეს, თუმცა დაბრუნებას აპირებენ. სოფელში რჩება ხორგუანების ერთ-ერთი ძმა. რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახს, პაქსაძეებს, ამ ეტაპზე ორი მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, სოფლიდან ხორგუანების გვარის გასახლება, ან ეჭვმიტანილის ცოლის სიკვდილით დასჯა ხორგუანებისვე ხელით.
წყარო primetimenews.ge
მასალის გამოყენების პირობები






