იმპორტიორების განცხადებით, პროდუქტებზე ფასები თითქმის 5%–ით გაძვირდა, ფასები საგრძნობლადაა მომატებული რძის პროდუქტებზეც. გამყიდველები ყველზე ღირებულების გაზრდას საახალწლოდ კიდევ პროგნოზირებენ. 50 თეთრით არის გაზრდილი ქათმის ღირებულებაც, თუმცა გაძვირება ყველაზე მეტად კვერცხზე, ზეთსა და ბურღულეულზე აისახა.
ოზურგეთში არსებულ სავაჭრო ობიქტებში აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით ფასმა მხოლოდ შაქარზე მოიმატა და ამ მატებას ლარის კურსის ვარდნას უკავშირებენ.
მოვაჭრეები ამბობენ იმასაც, რომ მყიდველთა რიცხვმაც შესამჩნევად იკლო. მათი დიდი ნაწილი, მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შეძენას ახერხებს.
მომხმარებლების ნაწილი ამბობს, რომ თუ ყველა სახის პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა, მოსახლეობა შიმშილის წინაშე დადგება.
„ შაქრის ფასმა მოიმატა 20 თეთრით და ცოტ-ცოტა თითქმის ყველაფერმა. უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც . ალბათ, არის ეს დაკავშირებული ლარის კურსის ვარდნასთან, თუმცა მე მასეთ საკითხებში დიდად ვერ ვერკვევი. ყველაზე ხშირად შაქარს ყიდულობენ, მარგარინს, ზეთს და ასეთ რაღაცებს, გააჩნია, ვინ არის მყიდველი“-გვეუბნებიან, სუპერმარკეტ „ნატალიში“
„ შაქრის ფასმა აიწია ცოტა, მაგრამ დარეგულირდა ისევ. ყველაზე კარგი გასავალი აქვს მაინც შაქარს, ზეთს, გაყინულ პოდუქტებს. ლარის კურსის ვარდნას არანაირი შედეგი ჰქონია პროდუქტზე, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არ გაძვირებულა არაფერი, მხოლოდ შაქარი და ისიც წამოვიდა უკან“-აგრარულ ბაზართან არსებულ სუპერმარკეტში.
„მე ბოსტნეულზე ვმუშაობ და ჩემთან არაფერის ფასს არ მოუმატია საერთოდ, როგორც იყო ახლაც ისეა. თუმცა, ხალხს ფული არ აქვს და მუშაობა იმდენად არაა“-გვეუბნება ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
„რძის ნაწარმსა და ძეხვეულზე ვმუშაობთ და აქ თითქმის არაფრის ფასი აწეულა. ყველაზე ხშირად იაფიან ძეხვს ყიდულობენ“.
„წონაში აკლებენ პურს და ამბობენ ფასები არ მომატებულაო. შაქარი 1 ლარი და 60 თეთრი ღირდა, ახლა კი 2.50 ღირს. პურს და შაქარს რომ გაუძვირებ ხალხს, რაის მთავრობა ხარ?! თუ ასე გაგრძელდა და ყველაფერზე მოიმატა ფასმა, ხალხი შიმშილით მოკვდება.“
„შაქრის ფასმა აიწია მხოლოდ. ახლა ჩემთან ვეღარაფერს ყიდულობენ კლიენტები. ლარის კურსის ვარდნასთან რამდენად კავშირშია, არ ვიცი, აქ ასე იყო ყოველთვის. თუ ჰქონდათ ხელფასი და პენსია იმ შემთხვევაში შემოდიოდნენ და იყიდდნენ რამეს, თუ არა და ვართ ასე.
ზოგადად, როცა არის ვაჭრობა ზეთი მეყიდება, შაქარი და რაღაც ასეთები“-გვითხრეს აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში.
„ ჯერჯერობით იგივე ფასებია. ბოსტნეულიდან ყველაზე მეტი გასავალი აქვს ხახვს, კარტოფილს, ნიორს და ა.შ“.
„ პროდუქტების ფასებიდან შაქარმა აიწია. აქ შემოსული ბოსტნეულის ფასი დიდად არ შეცვლილა, ნუ ნიორმა მოიმატა. ძირითადად ბოსტნეული მაინც იყიდება, იქნება ეს კარტოფილი, ხახვი, ნიორი, რა ვიცი, რაც გვჭირდება ოჯახში ყოველდღიურად. ვყიდულობთ, სხვა რა გზაა. რაც ვიცი, ყოველდღე, რისი ყიდვაც მიწევს, ერთადერთი შაქარია, დანარჩენი მგონი არც სურსათის ფასები შეცვლილა, მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ ყოველდღე სუპერმარკეტში ვყიდულობდე საკვებ პროდუქტებს“.
„ სიმართლე გითხრა, ჩემთვის სულ ერთია რის ფასი აიწევს და რის დაიწევს, არ მაქვს არანაირი პრობლემა სასურველი პროდუქტის შეძენაზე. ახლა ბავშვისთვის მიმაქვს ბანანი და შოკოლადები, ჩემთვის რაღაც სასუსნავები“.
„ყველაფრის ფასმა მოიმატა, შვილო, ან ჩემი ხელფასი არ ჰყოფნის საჭირო პროდუქტის შეძენას. საკვებზე და აუცილებლად საჭირო ნივთებზე ფასები იწევს და ხელფასის ოდენობა ქვევით მოდის. რის ყიდვა შეიძლება 200 ლარით?“.
შ.პ.ს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში, ყველაზე მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ უკანა გასასვლელთან არსებული დახლების მოვაჭრეები. აქ ყველაფერი იყიდება, ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, თევზეული, მაგრამ, როგორც თავად გვიხსნიან, შეიძლება დღე ისე გავიდეს, მყიდველი სანატრელი გაუხდეთ. ამის მიზეზად ბაზარში არსებულ ქაოსურ მდგომარეობას ასახელებენ: ,,იქ შემოსასვლელში იმდენი გარემოვაჭრე ზის, აგერ აბაშიძის ქუჩაზე სულ დახლებია დალაგებული და რას აღარ ყიდიან. ბოსტნეულები ზოგიერთ სუპერმარკეტშიც არის და აქ საერთოდ არ შემოდის არავინ. დავალაგებთ დილით დახლებზე გასაყიდ პროდუქტებს და გამოფენასავით გვაქვს. ხანდახან ისე გავა დღე, კლიენტი მოსანატრი გვყავს. გაირა ვიღაცამ მაღაზიის წინ, ან ქუჩაში, შეხვდა ის, რისი ყიდვაც უნდოდა და მორჩა. აქ რატომ შემოვა? არ ვიცი თავის გატანას როგორ ვახერხებთ. საშინელი ქვია ჩვენს სიტუაციას“-გვეუბნება შუახნის ქალბატონი.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






