ბაღის საძირკველში სიმბოლური კაფსულა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად ჩადო.
2 583 კვ.მ-ზე განთავსებული ორსართულიანი შენობა 300 ბავშვზეა გათვლილი. ბაღში აღსაზრდელთა 8 ჯგუფი გაიხსნება.
თბილისის მერის თქმით, საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.
„სოფელ ფონიჭალაში საბავშვო ბაღი არ იყო. შესაბამისად, ეს პრობლემა ბევრ ოჯახს ჰქონდა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ბაგა-ბაღის მშენებლობა. გარდა ამისა, დასახლებაში სხვა საკითხებზეც ვმუშაობდით. ეტაპობრივად ყველა მიცემული დაპირება შევასრულეთ. დარჩენილი იყო მხოლოდ საბავშვო ბაღის მშენებლობა. როგორც ხედავთ, ამ უკანასკნელსაც ვასრულებთ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისს შემოერთებულ სოფელ ფონიჭალაში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, ადგილობრივებს ბავშვების ბაგა-ბაღში ტარება საკმაოდ შორ მანძილზე უწევდათ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ კრწანისის რაიონისთვის ეს მესამე ახალი საბავშვო ბაღი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






