2016 წლის მეცხრე მოწვევის პარლამენტის წინასაარჩევნო პროცესი საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. 8 ოქტომბერს, ელექტორატი როცა საკუთარ არჩევანს აკეთებდა, სოციალურ ქსელში არაერთი ბიულეტენი ვიხილეთ ორიგინალური და საკმაოდ სასაცილო წარწერებით. ბიულეტენები ამომრჩეველთ მინაწერებით ტრადიციულად არჩევნების თანმდევი პროცესია.
არანაკლებ საინტერესოა ის მუქარები და წყევლები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსებისგან და ცნობილი ადამიანებისგან ისმის ხოლმე.
საინტერესოა ქეთი დოლიძის წყევლა, რომელმაც 9 სექტემბერს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართა და „არგახარება“, ასევე „წაწყდომა“ უსურვა:
“წეროვანში ვარ, სტუმრად ჩვენი თეატრის წევრ გივი ყოჩიშვილთან. 2008-ში განადგურდა ომის დროს მისი სახლ-კარი! სასწაულად გადარჩნენ ცოცხლები! ახლა წუთების მიმდევრობით ყვება მარინა ომის ამბავს. სააკაშვილო! არ გაიხარო არც შენ და არც შენმა ბანდამ! წაწყდი, შე ნაგავო! წაწყდეს ყველა, ვინც შენ და შენს მომხრეებს ხმას აძლევს! სათითაოდ ყველა ჩაგაგდოთ უფალმა ამ დღეშიიიი!!! ”- წერდა რეჟისორი.
წყევლების სიაში მეორე ნომრად შეიძლება წარსულშივე „წყევლების მოყვარული“ მურმან დუმბაძის შეყვანა. ალბათ ყველას კარგად ახსოვს, 2012 წლის დუმბაძისეული „წყევლაი საკვირველი“, როცა დუმბაძე 5 ნომრის ამომრჩევლებს „გაკანკალებისკენ“ მოუწოდებდა, მის შემომხაზველებს კი სიმსივნესა და ინფექციას უქადდა.
დუმბაძემ 4 წლის შემდეგ შეხედულება შეიცვალა და ამჯერად 41-ის მომხრეებს ამ ნომრის დანახვის შემდეგ „ფუი ეშმაკის“ თქმისკენ მოუწოდა.
„რომ დაიწყებს კითხვას, სიის ბოლოში 41 რომ დახვდება, უნდა თქვას ფუი ეშმაკს. გადავიდეს მის წინა ნომერზე, დახვდება 32 და შემოხაზოს,“ - აღნიშნა დუმბაძემ.
საარჩევნო წყევლებში ნინო კუზანოვას მიმართვაც არ უნდა გამოვტოვოთ, პოლიტიკაში რამდენიმე დღის დაყოფის შემდეგ, ქალბატონმა კუზანოვამ ერთ-ერთმა პირველმა დატოვა ბურჭულაძის პარტია, მოგვიანებით კი პაატა ბურჭულაძეს ენასა და ხმის იოგებზე მეჭეჭების გაჩენა უსურვა:
“მაგ ქალბატონს კომფორტი უყვარსო, და იმიტომ წავიდაო, ბურჭულაძეს უბრძანებია!
რაც მე მიშრომია დისკომფორტში ცხოვრების მანძილზე, ამას ყველა დაადასტურებს ვინც მიცნობს, იმდენი მეჭეჭი მაგას ენაზე და სახმო იოგებზე და კიდევ, ვისაც არ უყვარს კომფორტი, პირველი იმან მესროლოს ქვა!” - წერს კუზანოვა.
რაც შეეხება მუქარებს, სიის პირველ ნომრად ალბათ ირმა ინაშვილის მუქარის დასახელება არ იქნება ურიგო, სადაც იგი ამბობს, რომ „ყველას მოძებნის“:
„მიუღებელია დედის გინება საჯარო სივრცეში და ყველას გიმახსოვრებთ, ყველა გინებას ვაკოპირებ, ყველას გვარი-სახელი და ფოტო მაქვს შენახული, ვინც მე დედას მაგინებთ. იმიტომ რომ დრო მოვა, აღარ ვიქნები საჯარო პერსონა და პოლიტიკოსი და მერე ყველას დაგივლით“, - განაცხადა ინაშვილმა.
მუქარების სიაში შეიძლება ნიკა მელიას წინადადებაც შევიტანოთ, არჩევნების დასრულების ღამეს, ხმის დათვლების პროცედურებისას, როდესაც იგი ქართულ ოცნებას უქადდა, რომ ღამით „მათი კოშმარი“ იქნებოდა: "მე ვეცდები დილამდე "ქართული ოცნების" ღამის კოშმარი ვიყო" - განაცხადა მელიამ.
ამ მარგალიტებში რა თქმა უნდა შალვა ნათელაშვილის მივიწყებაც არ შეიძლება, რომელმაც ივანიშვილს ჭკუის მოხმობისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ჭორვილამონატრებულის“ სტატუსს დაჰპირდა: "ცოტა ჭკუით იყოს ივანიშვილი, თორემ მას შეიძლება მოენატროს საკუთარი ჭორვილა და საკუთარი მილიარდები"- აღნიშნა ბატონმა შალვამ.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, ნათელაშვილი ივანიშვილს „იპონზე გაწოლას“ რომ დაჰპირდა.
მასალის გამოყენების პირობები






