წალკის რაიონში, სოფელ ტბეთში გუშინ მომხდარმა მკვლელობამ მთელი სოფელი შეძრა. 32 წლის მალხაზ პაქსაძე საკუთარ სახლში მოკლეს.
როგორც "ნიუპოსტს" გარდაცვლილის მეზობლები უყვებიან, მოკლულს 20 - მდე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.
ტბეთში ამბობენ, რომ პოლიციამ სასტიკი მკვლელობისათვის 2 ადგილობრივი მალევე დააკავა. რაც შეეხება მოტივს, პაქსაძის ახლობლები აცხადებენ, რომ მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო.
სასტიკ მკვლელობას მოკლულის მეუღლე შეესწრო, მიღებული სტრესის გამო კი საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, თუმცა ექიმების თქმით, პაციენტს დაზიანებები არ აღენიშნება.

მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლი დაწვა.
მკვლელობის ადგილზე კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
"ქალის განწირულმა ხმამ გაგვაღვიძა, ყვიროდა მიშველეთ ქმარი მომიკლესო. მომხდარის ზუსტი მიზეზი არ ვიცით, სასტიკი მკვლელობა რომ მოხდა ფაქტია, 18 ჭრილობა აქვს მიყენებული. ეჭვმიტანილის დაკავება გუშინვე მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანის სახლი სოფელმა დაწვა"- აღნიშნავს გარდაცვლილის მეზობელი.
შსს-მ წალკაში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. მომხდართან დაკავშირებით უწყება კომენტარს აკეთებს:
"შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული ზ. ხ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ხ.-მ წალკის რაიონის სოფელ ტბეთში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ მ. პ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტში ასევე მონაწილეობდა გ.ხ.-ს ძმა - ზ.ხ., რომელმაც მკვლელობამდე მ.პ.-ს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება მიაყენა. სამართლდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო" - განუცხადეს "ნიუპოსტს" მღებრიშვილის უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები






