ომს გადარჩენილი 250 ათასზე მეტი ქართველი, ბერძენი თუ სხვა ეთნიკური უმცირესობა დევნილად იქცა.
ოკუპანტი რუსეთის მიერ მეზობლის დაპყრობა და ინტერვენცია მხოლოდ აფხაზეთით არ შემოფარგლულა, რუსეთმა სისხლიანი ცრემლების ქარცეცხლში ქართველები კიდევ ერთხელ გახვია:2008 წლის 26 ავისტოს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ხანმოკლე ომის შედეგად, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობა აღიარა.
დღეს ოფიციალური მოსკოვი ისევ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს - საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ქვეყანას თითქმის 300 ათასი დევნილი ჰყავს.
ბევრი ტკივილისა და უსასრულო, უნებლიე დინების შემდეგ, სახელწიფომ დევნილი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მუდმივი თავშესაფარის სახით, საცხოვრისები შექმნა. ზოგ ბენეფიციარს ბინა ახლადაშენებულ კორპუსებში ერგო, ზოგს კი რეაბილიტირებულ მიტოვებულ შენობებში. ერთი შეხედვით ლამაზი ექსტერ-ინტერიერებით შეფუთულ კორპუსებში, დევნილობის პრობლემა მინისტრის ხელიდან ბენეფიციარის ხელში, სახლის გასაღების საზეიმო პრეზენტაციაზე გადაცემისას უნდა დასრულებულიყო და მათ კარი ახალ სამყაროში უნდა შეეღოთ.. თუმცა.... თუ როგორია დევნილების ახალი სამყარო საკუთარი თვალით ნანახსა და გაგონილს თავად მოგიყვებით:რამდენიმე დღის წინ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ, დასავლეთ საქართველოს 5 ქალაქში, პროექტ - „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის” - ფარგლებში ონლაინმედიის წარმომადგენლებისათვის აფხაზეთიდან დევნილთა ახალ დასახლებებში არსებული პრობლემების გასაცნობად მედიატური მოეწყო. აღნიშნული ცენტრი (CHCA) თავისი მიზნებითა და მისიით ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ითავსებს. შეიძლება ითქვას, რომ CHCA სახელმწიფოსთვის მოტივატორის როლსაც კი ასრულებს, რათა შესაბამისმა უწყებებმა დევნილების მზრუნველობაზე ნაკისრი ვალდებულებები არ დაივიწყონ და ბენეფიციარები მათი მუდმივი ყურადღების არეალში მოექცნენ. თავის მხრივ კი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ფონდებიდან მოძიებული რესურსებით, ამ საკმაოდ სენსიტიური სეგმენტის დასახმარებლად დამატებით წყაროებს ქმნის.
პირველი დევნილთა დასახლება რომელიც ჟურნალისტებმა მოვინახულეთ ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის რეაბილიტირებულ შენობებში შესახლებული 70 ოჯახი იყო. აქ დევნილების დაახლოებით 10 ოჯახში თენდება გვიან, რადგან მათ ფანჯრებში მზის სხივი დარიან ამინდშიც ისეთივე სანატრელია, როგორც ავდარში, მათ ფანჯრებს მომიჯნავე მეზობლის მაღალი გალავანი ჩრდილავს. დევნილებმა მაღალი ღობის იქით მცხოვრებ მეზობელს კედლის დადაბლების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. არც ადგილობრივ თვითმმართველობაში დაფიქსირებული შეტყობინებით შეიცვალა ვითარება. მზის სხივებთან განშორების საფრთხის წინაშე აქ კიდევ რამდენიმე ოჯახი იდგა - მათი კორპუსის გვერდით შენობიდან 1,20 მეტრში,
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩუმად გაყიდულ ტერიტორიაზე კერძო ობიექტის მშენებლობა იყო დაგეგმილი. მშენებლობა კორპუსიდან რამდენიმე მეტრით მხოლოდ ფონდის აქტიურობის შემდეგ გადაიტანეს.ამავე დასახლების ერთი კორპუსი კი, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები სულ რაღაც წელიწადი და 6 თვეა, შესახლდნენ უკვე საკმაოდ მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია. ამ კორპუსის პირველი სართულის ბენეფიციარები საკუთარი სახლებიდან სახელწიფოს დაუდევრობით უკვე მეორედ, ისევ იძულებით იდევნებიან. როგორც ირკვევა კომპანიამ, რომელმაც აღნიშნულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარა, მორჩენილი სამშენებლო ნაგვით იმავე შენობის საძირკველი ამოქოლა.

ნარჩენი იქ არსებულ კომუნიკაც იებს მძიმე ტვირთად დააწვა და მილებიდან სასმელი წყლისა და ფეკალური მასების გაჟონვა დაიწყო. შენობის საძირკველში არსებული გრუნტის წყლის დონე კი ამაღლდა და პირველი სართული მოიცვა, გაჩნდა გაუსაძლისი ნესტი, კედლებზე კი - ნაპრალები.

ბზარი, რომელიც პირველი სართულის მცხოვრებთა კედლებს ატყვია დღითი დღე იზრდება, შესაბამისად იზრდება ამ კორპუსში მცხოვრები 30 ოჯახის პრობლემებიც. აქ ცალსახად იკვეთება საკითხისადმი დევნილთა სამინისტროს ზერელე დამოკიდებულება, რადგან მოხდა სახელწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვა: თუ კორპუსს უწყება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩაიბარებდა, დღეს მას 1,5 წლის წინ „კეთილმოწყობილი“ საცხოვრისით დაკმაყოფილებული ბენეფიციარებისათვის ბინის დაქირავება აღარ მოუწევდა...
ქუთაისის მეორე დევნილთა ჩასახლებაც ანალოგიურად ცუდად შესრულებული საამშენებლო სამუშაოების მსხვერპლი აღმოჩნდა. ხარებავას ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო ლიცეუმის შენობაში მცხოვრები 71 ოჯახი ეპიდემიური აფეთქების ზღვარზეა. მათი სარდაფები სავსეა წყლით და ფეკალური მასებით.

სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის, ტერიტორია აქაც საამშენებლო ნარჩენით არის დაბინძურებული, რის გამოც მომრავლდა ქვეწარმავლები, მოსახლეობამ გველი შენობაშიც არაერთხელ ნახა. შენობაში სინესტე იმდენად მძლავრია, რომ დევნილთა ბინების კედლებს ობი მოეკიდა. მათი ჯანმრთელობა საფრთხეშია.
ერთი შეხედვით, წყალტუბოს ახალ დასახლებაში, დევნილები პრობლემების გარეშე უნდა ცხოვრობდნენ, თუმცა ლამაზად „შეფუთული“ 10 კორპუსი არც ისე შეფუთული აღმოჩნდა. შენობები მშენებლებმა თბოიზოლაციის გარეშე დატოვეს, რის გამოც აქ ზაფხულის სიცხეც გაუსაძლისია და ზამთრის სიცივეც. შედეგად კი სასურველი ტემპერატურის შექმნა დევნილებს კომუნალურ გადასახადებს სოლიდურად უზრდით. სარდაფები აქაც დატბორილია (დაბლობის გამო), სანიაღვრეები მოსაწესრიგებელი. შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, შენობის სასურველ ეტაპამდე მისაყვანად 1 მილიონ 600 ათასი ლარია საჭირო, თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, მათი პრობლემების მოგვარებაზე არავინ ზრუნავს. 
აღმაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ დასახლებაში, სადაც 200 ბავშვია, მხოლოდ 1 „აიწონა-დაიწონა“ დგას, ალბათ სიმბოლურად, ან დასაფიცებლად მაინც, რომ პროექტით გასათვალისწინებელი ვალდებულება შემსრულებელმა პირნათლად შეასრულა და პატარებს ცხოვრება გაუხალისეს.
მშენებლობის სტანდარტების უხეში დარღვევა წყალტუბოში დევნილთა მეორე დასახლებაშიც ბევრს უქმნის პრობლემას, უფანჯროდ დაპროექტებული სამზარეულოების გამო, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ 15 ოჯახს გაზი არ მიეწოდება.
ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელიც თითქმის ყველა დასახლებაში გვხვდება, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ბაღების უქონლობაა. როგორც დევნილები ამბობენ, მათ ბავშვების ბაღებში ტარება სახლიდან შორ მანძილზე უწევთ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ახალ დასახლებებში არ აქვთ არც მაღაზიები და არც აფთიაქები.
უკვე ჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად, ზუგდიდში ლაღიძის ქუჩაზე არსებულ ახალ დასახლებაში ყველაზე დიდ პრობლემას სასმელი წყალი წარმოადგენს. წყალი, რომელიც მათ ონკანებში მოედინება, იაფფასიანი მასალით და უხარისხოდ შესრულებული მილ-გაყვანილობების გამო, რომელიც მალევე დაზიანდა, ფეკალურ მასებს შეიცავს.

იყო მოწამვლის შემთხვევებიც. ახალი ბურღიდან კი რომელიც პრობლემის გადასაჭრელად გაკეთდა, წყალი დასახლების ეზოში პირდაპირ ასფალტზე იღვრება. ეს წყალი გაუფილტრავი და სასმელად უვარგისია, მაგრამ მოსახლეობა ფეკალური „კოქტეილის“ მიღებას მღვრიე წყალს ამჯობინებს.
დევნილთა თითქმის ყველა დასახლების მშენებლობა-რეაბილიტაციის საგარანტიო ვადა გასულია და სამშენებლო კომპანიას მათი მოგვარების ვალდებულება აღარ აქვს. ბენეფიცირები ბიუროკრატიული პრობლემების წინაშე დგანან, ისინი მთავრობისაგან ან ახალ დაპირებებს ისმენენ ან სხვა ადრესატთან ამისამართებენ. ფაქტია, რომ დამნაშავეთა ჯაჭვი გრძელია, პასუხისმგებელი რგოლი კი - არცერთი.
ზუგდიდში არსებული დევნილთა დასახლების შენობების აივნების უმეტესობას არ აქვს გადახურვა და აწვიმს, მოუგვარებელია მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხიც, დასაგებია ობიექტამდე მისასვლელი გზაც, სადარბაზოებში არ აქვთ განათება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ სადარბაზოებში სინათლე მხოლოდ 1 დღით, მინისტრ სოზარ სუბარის სტუმრობისას ჩაურთეს, მისი წასვლის შემდეგ კი, გამორთეს და მრიცხველი დალუქეს კიდეც.
დევნილების უმთავრესი პრობლემა შემოსავლის წყაროს არ რსებობაა. დევნილთა სტატუსის მქონე პირს სახელმწიფო შემწეობის სახით მხოლოდ 45-ლარიან დახმარებას უხდის. სტატისტიკურად შემოსავალი ბენეფიციართა მხოლოდ 20% აქვს. დანარჩენი 80% კი დამოკიდებულია სოციალურ დახმარებაზე, რომელიც ბევრ მათგანს გაურკვეველი კალკულაციის გამო უსამართლოდ აქვთ მოხსნილი. ამიტომ ბევრი ბენეფიციარი სიდუხჭირის გამო თითქმის შიმშილის ზღვარზეა. მათ დასაქმებაზე კი არავინ ზრუნავს.
ე.წ. გეტოებად ჩასახლებულ ბენეფიციარებს რესოციალიზაციის პრობლემა აქვთ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაცის გზებზე კი არავინ ზრუნავს. ამიტომ ბენეფიციარების ნაწილი სახელმწიფოს სამეურნეო მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფას სთხოვს, რაც მათ თვითდასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
დევნილთა დასახლებებში არსებულ პრობლემებისა და სამშენებლო ხარვეზების შესახებ “newposts”-მა კომენტარისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა. როგორც დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მურად აბლოთიასთნ საუბრიდან ირკვევა, მედიის ვიზიტის შემდეგ უწყებამ დასავლეთ საქართველოს დევნილთა დასახლებებში არსებულ პრობლემებზე რეაგირება დაიწყო.
აბლოთიას თქმით, ქუთაისში ყოფილი მუსიკალური ინტერნატის შენობა სამინისტრომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე ჩაიბარდა.
„ჩაბარებისას არანაირი პრობლემები მას არ ჰქონდა, ერთი წლის შემდეგ ორ ბინას შეექმნა, პრობლემა ხდება შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი. უახლოეს ხანებში უშუალო სამუშაოები დაიწყება. სხვა პრობლემა ამ კორპუსს არ გააჩნია. ხარებავას ქუჩაზე არსებული შენენობა კი დევნილებს უკვე საკუთრებაში აქვთ გადაცემული. მუნიციპალიტეტთან ერთად, თანადაფინანსებით დავიწყეთ კეთდება ამ ობიექტის სახურავის, რაზეც დევნილებიც არიან ინფორმირებულნი. სახურავის გაკეთების შემდგომ სადრენაჟო სისტემასაც გააკეთებს მუნიციპალიტეტი ავტოქარხნის დასახლებაში. რაჩ შეეხება წყალტუბოს დევნილთა შენობებს ის 2012 წელს არის ჩაბარებული, 2012 წლამდე აშენებულ ყველა შენობას თბოიზოლაცია არ გააჩნია. დაგეგმილია, რომ 10 კორპუსს წყალტუბოშიც გაუკეთდეს თბოიზოლაციის სამუშაოები.
აბლოთია უარყოფს, რომ ზუგდიდში ლაღიძის ქუჩაზე ონკანის წყალს ფეკალური მასები ერეოდა, თუმცა გასაკვირია რატომ გახდა საჭირო ახალი წყლის არხის გაკეთება:
„ზუგდიდში არავითარი შერევა არ ხდება ფეკალური მასების. მოწამვლის ფაქტი წყალთან იყო დაკავშირებული თუ არა ეს არ არის დადასტურებული, მიუხედავად ამისა, დამატებით, წყლის ახალი სისტემა და ახალი ჭაბურღილი გაკეთდა, პრობემას წყალი იქ აღარ წარმოადგენს.
რაც შეეხება დევნილებისსათვის საარსებო წყაროების შექმნას, მურად აბლოთია აცხადებს, რომ სამინისტრო საკითხზე მსჯელობს:
„სამინისტროში შექმნილია დევნილთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც ყველა ახალ დასახლებაში ახორციელებს პროექტებს. წელს პირველად მოხდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით 200 გრანტი გამოიყო. ახალი პროექტი იწყება რომელიც ასეთი დასახლებებისთვის იქნება გამოყოფილი. სადაც შესაძლებელია დევნილებისთვის გამოყოფილია მიწის ნაკვეთები და ამ ეტაპზეც ვმსჯელობთ, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები“, განაცხადა აბლოთიამ “newposts”-თან საუბრისას.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებიდან დევნილთა უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხები თითქმის უკვე ათვისებულია, როგორც დევნილები ამბობენ - დაუდევრად გაფლანგული, რის გამოც „უზრუნველყოფილი“ ბენეფიციარები უწყვეტი პრობლემების წინაშე დგანან, დევნილთა და განსახლების სამინისტროს კარი მათთვის ღიაა, მაგრამ გადაულახავი, რადგან რიგში სხვა ბენეფიციარები დგანან - საცხოვრისით დაკმაყოფილების მოლოდინში.
300 ათასამდე დევნილს, რომლებსაც საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების სურვილი აერთიანებთ, იმედი ეწურებათ, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 1 კვირა, უმაღლეს საკანონმდებლო სისტემაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სკამებზე მოთხოვნა წელს უპრეცედენტოდ მაღალია. კონკურენტი პოლიტიკოსები საარჩევნო პროგრამაში თითქმის ყველა სეგმენტის მოხიბვლასა და გულის მოგებას ცდილობენ, მაგრამ მათ ყველაზე მთავარი - საზოგადოების ყველაზე სენსიტიური ნაწილის, დევნილთა გულის მოგება დაავიწყდათ, ალბათ იმიტომ, რომ მათი გულები, რომლებსაც საერთო ოცნება აერთიანებდათ, უკვე მოკლულია.
„ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ფესვები, წარმოშობა, რომელიმე კონკრეტულ კუთხეში დაბადებითა და ცხოვრებით გამოხატული...
ცხოვრებით ვერა! დაბადებით გამოხატული წარმოშობა მეც მაქვს!
ჩემს დიდ ოჯახს ხილული „ოჯახური სასაფლაო“ არ აქვს!
სად მიაბარებენ ჩემს „უსიცოცხლო სხეულს“?
დედაქალაქში? მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე წელი აქ გავატარე? სამეგრელოში იმიტომ, რომ „დევნილის იარლიყს“ ახლად ამოფარებულები, ხელმეორედ იქ ვცდილობდით დაბადებას?... თუ აფხაზეთში, სადაც მხოლოდ დავიბადე? თუმცა როგორ თუ „მხოლოდ?!..
ღმერთო! სიკვდილის მე არ მეშინია! ("ყველაფერი, რასაც არ აქვს დასასრული, არ აქვს აზრი!..) უბრალოდ უჩემოდ და მოულოდნელად ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას, კარგად მაფიქრე!
კარგად მაფიქრე თორემ იცოდე, სიკვდილის შემდეგ მე შენთან შეხვედრას მხოლოდ იმიტომ მოვინდომებ, რომ გითხრა: ბატონო ღმერთო, მე თქვენ აღარ მიყვარხართ!
პ.ს. ამ ერთხელ მაპატიე ეგოისტური წერილი ! შენ ხომ ისიც იცი, რომ მე აქ ასეთი არ ვარ! ))“, - ამ წერილს სოციალურ ქსელში 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღისადმი ზღვა მოგონებებისა და სურვილების კითხვისას გადავაწყდი. წერილს აფხაზეთიდან დევნილი გოგონა თათია ზუხბაია წერს.
რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით, ადგილობრივი კანონიერი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისაგან ამ ტერიტორიების დაცლა, რუსეთის სამხედრო ბაზებად გადაქცევა და ამ გზით სამხრეთ კავკასიაში დასავლეთზე გადამწყვეტი გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვება, ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, მისი განვითარებადი ეკონომიკისა და სამხედრო პოტენციალის განადგურება სურდა. ეს მესიჯია მთელი მსოფლიოსათვის, რომ აგრესიის მანქანის შეჩერება ყველას მოვალეობაა, რათა არ მოხდეს რეგიონში სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის ტენდენციად ჩამოყალიბება.
სწორედ დევნილთა პრობლემების მოგვარებისა და ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ორგანიზაცია CHCA საქართველოს მთავრობას სოლიდურ დახმარებას უწევს. პროექტი - „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის” - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთისა“ (CHCA) და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მიერ ხორციელდება დასავლეთ საქართველოში. პროექტის მიზანი იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფა გახლდათ. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი.
ანა კობაიძე - "ნიუპოსტი"










მასალის გამოყენების პირობები






