ყველა ცდილობს პირველკლასელი მიაჩვიოს რეჟიმს, ახალ გარემოს და სწავლის პროცესს. თუკი ბავშვი მხიარული, მშვიდი და ხალისიანია, მოსწონს სკოლა და კლასელები, ხალისიანად მეცადინეობს, დღის რეჟიმს კომფორტულად მოერგო ე.ი. თქვენმა შვილმა წარმატებით გაიარა ადაპტაციის პროცესი.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი თქვენი პირველკლასელი შვილი სირთულეებს განიცდის?
Vivus.ge შეეცადა თავი მოეყარა იმ რჩევებისთვის, რაც დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებს დაეხმარება სკოლასთან ბავშვის ადაპტაციაში:
1. მხარი დაუჭირეთ ბავშვს, რომ გახდეს სამაგალითო მოსწავლე.
თქვენი გულწრფელი ინტერესი და ყურადღება მოსწავლის სასკოლო საქმეებთან, სეროზული დამოკიდებულება მისი მიღწევების და გამოწვევებისადმი დააჯერებს მოსწავლეს, რომ მისი საქმიანობა და მდგომარეობა ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის.
მოუყევით ბავშვს თქვენი სასკოლო წლების შესახებ, ამით უფრო გააღვივებთ მასში ინტერესს. თვალყური ადევნეთ და ყურადღება მიაქციეთ თუ როგორი განწყობით მიდის და ბრუნდება ის სკოლიდან.
2. გააცანით წესები და ნორმები.
განიხილეთ თქვენს შვილთან ერთად ის ნორმები და წესები, რომელთაც ის სკოლის პერიოდში შეხვდება. აუხსენით თუ რატომაა ასეთი აუცილებელი მათი არსებობა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს წესების დარღვევას.
3. არ გაუჯავრდეთ შეცდომების გამო.
თქვენი შვილი სკოლაში იმიტომ მივიდა, რომ უნდა ისწავლოს. ამ პროცესში ის დაუშვებს შეცდომებს, ბავშვს აქვს შეცდომების უფლება.
ეცადეთ ძალიან მკაცრად არ გაუბრაზდეთ. მშვიდად აუხსენით თუ სად უშვებს შეცდომას და როგორ გამოასწოროს ის.
4. შექმენით დღის განრიგი.
მოიმარჯვეთ ფერადი ფანქრები, ლამაზი ფურცლები და ერთად შეადგინეთ დღის განრიგი. დღის განრიგი ყველას ეხმარება , განსაკუთრებით კი პირველკლასელს, რომელსაც სრულიად ახალ გარემოსა და რეჟიმთან უწევს შეგუება.
ლამაზად გაფორმებული დღის განრიგით კი თქვენი შვილი უფრო სწრაფად და მარტივად შეძლებს ყველაფრის დამახსოვრებას.
5. არ დახუჭოთ თვალი სიძნელეებზე.
სწავლის პროცესში მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ პრობლემები ამა თუ იმ საკითხში. არ დახუჭოთ თვალი სიძნელეებზე და ეცადეთ ერთად გადაწყვიტოთ აღნიშნული საკითხი.
ყველაფერი გამოსწორებადია, უბრალოდ, საჭიროა უფრო მეტი მუშაობა აღნიშნულ საკითხზე. მაგალითად, თუკი ბავშვს აქვს მეტყველების პრობლემა ეცადეთ გაუმკლავდეთ მას პირველივე წელს.
6. მხარი დაუჭირეთ მოსწავლის სურვილს იყოს წარმატებული.
მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ქათინაური. მხარი დაუჭირეთ თქვენი შვილის წამოწყებებს და გამოხატეთ სიხარული მისი მიღწევების გამო, თუგინდ ეს მცირედი მიღწევა იყოს.
გახსოვდეთ, ქება და ემოციური მხარდაჭერა („ყოჩაღ!“, „როგორი ყოჩაღი ხარ!“ „რა კარგად გამოგივიდა!“) დადებითად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე.
7. მეტად ავტორიტეტული ვიდრე თქვენ.
სკოლაში შესვლის შემდეგ თქვენს შვილს შეიძლება გამოუჩნდეს ადამიანი, რომელიც მეტად ავტორიტეტული იქნება მისთვის ვიდრე თქვენ. ეს ადამიანი მისი მასწავლებელია. პატივი ეცით შვილის აზრს მასწავლებლის შესახებ.
გახსოვდეთ, რომ თუკი თქვენ შვილს აქვს პრობლემები სწავლასთან ან ადაპტაციასთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში მასწავლებელი ძალიან კარგ რჩევებს მოგცემთ.
8. ცოტაოდენი დრო გართობისთვის.
სწავლის პროცესი რთული და საპასუხისმგებლოა ყველა მოსწავლისთვის.
როგორც ვთქვით, სკოლაში შესვლით ბავშვის ცხოვრება რადიკალურად იცვლება.
სკოლამ არ უნდა მოაკლოს თქვენი შვილის ცხოვრებას მრავალფეროვნება, დღის განმავლობაში აუცილებლად გამოუყავით დრო თამაშისთვის და გასართობად.
თუკი თქვენი შვილი უკვე შეიყვანეთ სკოლაში, მოაწყვეთ მისი სამეცადინო კუთხე და აქტიურ ცხოვრებაშიც ჩართეთ, ვიმედოვნებთ, რომ Vivus.ge-ს რჩევებით შეძლებთ მისი ადაპტაციის პროცესის შემსუბუქებასაც.
Vivus.ge წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!
მასალის გამოყენების პირობები






