თბილისის ულამაზესი, ისტორიული უბანი აღდგენილია, - დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირი, რომელიც მასშტაბური პროექტის, „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერთან და ვიცე-მერთან ერთად გახსნა.
პროექტი უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 7 თვის განმავლობაში დასრულდა.
პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეიცვალა და აღდგა შენობების სახურავები, კონსტრუქციულად გამაგრდა შენობა-ნაგებობები, ავთენტური იერსახით აღდგა შენობების ფასადები და მათზე არსებული ისტორიული ორნამენტები. სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს. მაღალი ხარისხის მასალით შეიცვალა შენობების ვიტრაჟები და კარ-ფანჯარა. რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ სადარბაზოებს, აღდგა რეაბილიტაციის პროცესში სადარბაზოებსა და ფასადებზე აღმოჩენილი მხატვრობები და ისტორიული წარწერები, განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა - გაზის, წყლის, საკანალიზაციო მილები, ინტერნეტ და სუსტი ელექტროქსელები. მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობის გამოც შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე ექმნებოდა.
რეაბილიტირებული გამზირი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმცროს შვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებულ გამზირს, რომლის ნაწილი საფეხმავლო გახდა, დღეს უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობდა.
კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, გამზირზე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. გამწვანდა ტერიტორია, კერძოდ, N59 შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო სკვერები, ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 1 200 - მდე ადამიანი. პროექტის „ახალი ტფილისის“ 1 ეტაპის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
2017 წელს, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






