გთავაზობთ აღნიშნულ წერილს:
"ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებამდე პოლიტიკოსები, პოლიტეკონომისტები, ინტეგრირებული მართვის მექანიზმებზე მომუშავე სხვადასხვა პროფილის მეცნიერები და სპეციალისტები იქნებ დამსხდარიყვნენ და ქვეყნის განვითარების პოლიტიკურ პერსპექტივებთან ერთად კარგად გაეაზრებინათ და შეფასება მიეცათ ჩვენს ქვეყანაში მოსალოდნელი გლობალური ხასიათის ბუნებრივი და ანთროპოგენური კატაკლიზმების შედეგების შესახებ?!
მოგეხსენებათ პოლიტიკურ ავანსცენაზე და თვით მმართველ გუნდშიც იდეოლოგიური მრავალფეროვნება თვალშისაცემია. დაფიქრება გვმართებს 4-8 წლის შემდეგ, როგორი იდეოლოგიური ხედვის პოლიტიკური ძალა მოვა სათავეში და როგორ შეძლებს ის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ხედვების და მოქმედებების ურთიერთ შესაბამისობაში მოყვანას (გაიხსენეთ რა ხდებოდა განვლილი 20 წლის განმავლობაში).
"ქართული ოცნების" წინა საარჩევნო პროგრამა თითქოს იძლევა მიმართულებას, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი (მათ შორის ბუნებრივი რესურსების რაციონალური მოხმარების) ხედვები ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის მოყვანილი, მაგალითად ის ხედვა რაც არის ჩამოყალიბებული მე-4 თავში არ არის გაანალიზებული და გათვალისწინებული სხვა თავებში.
ვიფიქროთ იმაზე, რომ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა შეიცვალოს უარყოფითად, მიუხედავად იმისა, თუ მომავალში როგორი პოლარიზებული პოლიტიკური ფონი და თანხვედრი გლობალური ხასიათის ბუნებრივი და ანთროპოგენური გამოწვევები იქნება.
ამის მისაღწევად არსებობს მექანიზმი, რომელიც ევროპისა და სხვა რეგიონების მოწინავე სახელმწიფოებს უკვე 20 წელია "შეიარაღებაში" აქვთ და მას "მდგრადი განვითარება" ჰქვია.
"მდგრადი განვითარების" კონტექსტში ბუნებრივი და ანთროპოგენური ხასიათის კატასტროფების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით ამ სამი თვის წინ წერილობით, აუდიენცია ვთხოვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს (07.02.13წ. წერილი N1-13/03) ოფიციალური პასუხი დღემდე არ მიგვიღია (ალბათ ეს "საყმაწვილო სენს" უნდა დავაბრალოდ), ამავე საკითხზე ორ თვეზე მეტია წერილი მივწერეთ პრემიერ-მინისტრს (25.02.13წ. წერილი N 1-13/04, სარეგისტრაციო N 6643) პასუხი არც ამ შემთხვევაში მიგვიღია, ალბათ სახელმწიფო კანცელარიის მოხელეებმა არ ჩათვალეს საჭიროდ წერილი მას წაეკითხა (თვით ამ ბატონებს კი ნამდვილად დაავიწყდათ, რომ ნებისმიერ წერილს ოფიციალური პასუხი სჭირდება) ამ პერიოდში კი სტიქიამ (გრიგალმა) ერთხელ კიდევ მოგვაყენა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი.
აღნიშნულ საკითხზე შევხვდით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, პროფესორ დავით ნარმანიას, მან როგორც პროფესიონალმა ჩვენზე მართლაც დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ყველა განხილულ საკითხზე თანხვედრი მოსაზრება გაგვაჩნდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ლოგიკური ნაბიჯები არ ჩანს.
გარდა აღმასრულებელი ორგანოების პასუხისმგებელი პირებისა, აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებების გაზიარების მიზნით შევხვდით ეკონომიკის ექსპერტს, პროფესორ ბატონ მიხეილ ჯიბუტს. მან დაადასტურა საკითხის აქტუალობა. მდგრადი მართვის მექანიზმების დანერგვის შესახებ მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი ცნობილ ეკონომისტს, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას და ის ამ პროცესის დაჩქარების აუცილებლობას გადაუდებელ ღონისძიებად მიიჩნევს.
მე მინდა მივმართო ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრებს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, სანამდე ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას დავიწყებდეთ იქნებ კარგად გაგვეაზრებინა:
1) საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა :
"ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას, ქვეყნის მდგრად განვითარებას საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად."
2) "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" წინა საარჩევნო პროგრამის მე-4 თავში ჩამოყალიბებული მოთხოვნა:
"დღეისათვის საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა ეფუძნებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ისეთ განვითარებას, რომლის დროსაც დაბალანსებული იქნება გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური საკითხები".
ბატონებო!
კონსტიტუციისა და მმართველი გუნდის წინა საარჩევნო პროგრამის მოთხოვნების რეალიზების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოგმართოთ თხოვნით: ჯერ შევიმუშაოთ "ქვეყნის მდგრადი განვითარების კონცეფციის" პროექტი და შემდეგ ის დასამტკიცებლად წარუდგინოთ პარლამენტს (ამისთვის კარგი იქნება საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების მონაწილეობით ჩავატაროთ სამეცნიერო კონფერენცია) და ამის შემდეგ შევიმუშავოთ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია (ეს ყველაფერი შეიძლება სამ თვეში თავისუფლად მოვასწროთ).
საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გააცნობიეროს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია გადასალახავი, ჩვენ 2010 წელს მაშინდელ მმართველ გუნდს დავუმტკიცეთ მართვის ასეთი სისტემის დანერგვის აუცილებლობის შესახებ (უნდა ითქვას, რომ მათ მიერ დეკლარირებულ ნიულიბერალურ იდეოლოგიას ხელი არ შეუშლია) და საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ იქნა ზემოთ ჩამოყალიბებული მოთხოვნა ქვეყნის "მდგრადი განვითარების" შესახებ (კარგი იქნებოდა მათ შემდეგშიც ყურად ეღოთ ჩვენი არა ერთი თხოვნა და ეზრუნათ "მდგრადი განვითარების კონცეფციის" შემუშავებასა და მის რეალიზებაზე, მაგრად ამაოდ).
დღეს მიგვაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების ფართო ჩართულობის საფუძველზე, კონსესუსის გზით უზრუნველყოს "ქვეყნის მდგრადი განვითარების კონცეფციის" შემუშავება და მისი მიღება, ხოლო შემდეგ ჩამოაყალიბოს, როგორც ეკონომიკური განვითარების სტრატეგია (პირველ რიგში) ასევე მასთან შესაბამისობაში მოყვანილი სოციალური და გარემოსდაცვითი სტრატეგიული ხედვები. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელს გახდის საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნაკლები ზეგავლენა მოახდინოს მმართველ პოლიტიკურ ძალთა დემოკრატიული გზით ცვლილებამ.
აკაკი ფანჩულიძე
ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
ცენტრის -"ანტიკრიზისულ საქმეთა ექსპერტები - მდგრადი განვითარებისთვის", თავმჯდომარე
მასალის გამოყენების პირობები






