დაკარგული გოგონას ბებია თინა ქორიძე სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"პარასკევს მითხრა, რომ ნიჭიერში მიდიოდა, დავაბრუნე მე სახლში, მეორე დღეს მითხრა, რომ მასწავლებელი უნდა დახვედროდა, ნიჭიერში უნდა წაეყვანა, რომ წავიდა დილით, მერე აღარ გამოჩენილა, ვეძებთ მას შემდეგ. მეშვიდე დღეა წასვლით წასულა, მაგრამ ამდენი ხნით არასოდეს"- ამბობს დაკარგულის ბებია.
მოზარდის მეზობლები აცხადებენ, რომ ქორიძე სახლიდან ისე წავიდა, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს."შაბათს დილით წავიდა, დღეს მეშვიდე დღეა. არავინ არაფერი არ ვიცით. გაიპარა სახლიდან. არც მისამართი დაუტოვებია და არც არაფერი. პოლიცია არ ყოფილა აქ, ბებია ტირის და ეძებს გოგოს. მესამეჯერ გაიპარა, მაგრამ ამდენი ხნით არასდროს არ წასულა. ცელქი არ იყო, მაგრამ ცელქობაზე უარესი არ გააკეთა, ისე გაიპარა ოჯახიდან, არავინ არაფერი ვიცით."- აცხადებენ დაკარგული გოგონას მეზობლები.
ადგილობრივი დეპუტატი სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს:
"შვიდი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიკარგა, არც ოჯახის წევრებს და არც ნაცნობებს არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინონ, რადგან თითოეული დღე შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, რომ სახლიდან წასულა, მაგრამ ამდენი დღით არ გაგრძელებულა. შეწუხებულია სოფელი, ვცდილობთ ინფორმაცია მოვიპოვოთ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვახერხებთ"- აცხადებს, დავით მჟავანაძე.
გოგონა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ანსამბლში მღეროდა, როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ავთო სურგულაძე ამბობს ანსამბლთან ერთად თიკო ქორიძე "შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალზე" გამოვიდა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდა, თუმცა ბებიას მოატყუა, რომ მეორე დღით "ნიჭიერის" კონკურსში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ეს ტყუილი აღმოჩნდა:
ავთო სურგულაძე - საქართველოს ფოლკლორის სახემწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი: თიკო ქორიძე არის ჩვენი სიმღერა-გალობის სკოლის მოსწავლე, ეს ბავშვები გამოვიდნენ შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე, მერე დაბრუნდნენ ბავშვები სახლში. მან მოიტყუა, რომ თითქოსდა მიდიოდა ნიჭიერში, პედაგოგს მიჰყავდა. პარასკევს ვერ მოახერხა წასვლა, რადგან ბებია გამოყვა, შაბათ ისევ უთხრა, რომ საღამოს პედაგოგმა დამირეკა და დამიბარაო, ესეც ტყუილი. მას შემდეგ არ ჩანს. ითქვა, რომ სამარშრუტო ტაქსში ნახეს თბილისისკენ მიმავალი. რაც შეეხება გოგონას, წყნარი და ძალიან ზრდილობიანი გოგონა იყო. დადებითად დავახასიათებდი.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






