როგორც ცნობილია, კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი ამჟამად "ლეფორტოვოს" საპატიმროშია. მისი, როგორც "კანონიერი ქურდების მამამთავრის," ტახტი ამჟამად თავისუფალია და მიმდინარეობს რიგგარეშე საარჩევნო კამპანია, რომელიც დასკვნით ეტაპზეა მისული. რაც შეეხება თავად მამათავარს, მას სავარაუდოდ საკმაოდ სავალალო მომავალი ელის - საპატიმროში მოხვედრილი გავლენიანი ქურდების ისტორიის ზედაპირული მიმოხილვა ცხადყოფს, რომ ამ საპატიმროში მოხვედრილ "კანონიერ ქურდებს" იქ სიცოცხლის ბოლომდე უწევთ ხოლმე ყოფნა.
დავუბრუნდეთ საარჩევნო კამპანიას. მას ნაადრევად გამოეთიშა ტახტის ერთერთი ფავრიტი როვშან ჯანიევი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოკლეს. შესაბამისად, ძირითადი ბრძოლა ორ "კანონიერ ქურდს" - 54 წლის მერაბ ჯანგველაძესა და 55 წლის ლაშა შუშანაშვილს შორის მიმდინარეობს. ჯანგველაძე "კონსერვატორების პარტიას" მიეკუთვნება, ხოლო შუშანაშვილი "ლიბერალებს". მათ თავისი საარჩევნო შტაბებიც აქვთ, პირველს - თურქეთში და მეორეს - საბერძნეთში.
ხაზი უნდა გავიუსვათ იმ ფაქტსაც, რომ როვშანის მომხრეების ხმები ძირითადად ჯანგველაძის საარჩევნო ყულაბაში მოთავსდა. მიუხედავად ამისა, შუშანაშვილი, რომელიც სხვა მომხრე დაჯგუფებებთან ერთად "რუსული პარტიის" ლიდერის იური პიჩუგინის მხარდაჭერითაც სარგებლობს, არჩევნების გადამწყვეტ ფაზაში რეიტინგით ლიდერობს. შუშანაშვილსა და პიჩუგინს ერთმანეთთან აკავშირებს "დიდი ოთხეულის" უკნასკნელი წარმომადგენლის, "კონსერვატორების" წარმომადგენლის, ტარიელ ონიანის მიმართ მტრობა.
ამასთან, "კონსერვატორებმა" მძიმე დარტყმა მიიღეს ზურგში - მათმა თანამებრძოლმა 41 წლის კახა ფარფალიამ ღიად დაიწყო ჯანგველაძესთან როვშანის ფინანსური მემკვიდრეობის შესახებ დავა. დადის ხმები, რომ ჯანგველაძის "ძალოვანი სტრუქტურის" მეთაურმა, მისმა ძმამ, ლევან ჯანგველაძემ ეს მემკვიდრეობა თავის კონტროლს ქვეშ მოაქცია. შეგახსენებთ, რომ ერთ დროს. პიჩუგამ ფარფალიას ამ საკითხთან დაკავშირებით "მშვიდობის დამყარება" შესთავაზა, ხოლო თავად კახა არაერთხელაა შემჩნეული ფინანსური კეთილდღეობის გამო "იდეური პრინციპებიდან" გადახვევაში. თავის დროზე ფარფალია მხარს უჭერდა ლაშას ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგეებს, როგორიც იყვნენ ჩირო, ბადრი, ტახი, როვშანი, მერაბი, ტარო და შაქრო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, საარჩევნო ბიულეტებებში სხვა გადაწყვეტილებას აფიქსირებდა ხოლმე.
როგორც ხედავთ, ფინიშის სწორზე ყველაფერი ლაშა შუშანაშვილის სასარგებლოდაა, თუმცა, დაველოდოთ არჩევნებს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ქურდული სამყარო".
მასალის გამოყენების პირობები