საქართველოს თეატრის,მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი პირველი ქართული მუზეუმია, რომელიც Google-ის კულტურულ რუკაზე გამოჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"დიახ ჩვენ პირველი ქართული მუზეუმი ვართ რომელიც Google-ს კულტურულ რუკაზე გამოვჩნდით, პირველები საქართველოში და მეოთხენი კავკასიაში აზერბაიჯანის სამი მუზეუმის შემდეგ, დიახ ეს პირველი და უპრეცედენტო მოვლენაა თანამედროვე ქართული კულტურის ისტორიაში, როცა ქართულმა სამუზეუმო ექსპონატებმა მსოფლიო მნიშვნელობის უდიდეს ვირტუალურ სივრცეში საქვეყნოდ განთქმული შედევრების გვერდით თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა!
დიახ დღეს ერთად, ერთ კედელზე შეგეძლიათ იხილოთ ბოტიჩელის, ლონდონის წმინდა პავლეს კათედრალის, ლინკოლნის მუზეუმის, პრაღის ნაციონალური თეატრის და პეტრე ოცხელის გამოფენები! ეს უდიდესი გამარჯვებაა არა მარტო ჩვენთვის არამედ მთელი ქართული კულტურისათვის!
სულ რაღაც 6 წლის წინ ჩვენ ნანგრევებიდან დავიწყეთ, შენობა იშლებოდა, არ გვქონდა საგამოფენო დარბაზები, უამრავი ექსპონატი რესტავრაციასა და გადაუდებელ დახმარებას ითხოვდა! დღეს კი მსოფლიოს უდიდეს, უმდიდრეს მუზეუმთა ჩამონათვალში ჩვენი კუთვნილი ადგილი გვიკავია! მიუხედავად ბევრი სიძნელისა, გულის ტკივილისა, იგნორირებისა თუ დამცირებისა, ჩვენ არასოდეს არ ვეჯიბრებოდით არავის, იმიტომ რომ იყო უფრო მეტი სიყვარული, თანადგომა და მხარდაჭერა!
ეს შედეგი მოიტანა ჩვენმა თავდაუზოგავმა შრომამ, აუწონავმა ენთუზიაზმა და საქმისადმი ისეთმა სიყვარულმა რომელსაც აღტაცებაში მოჰყავდა ყველა ჩვენი უცხოელი მეგობარი თუ პარტნიორი! უდიდეს მადლობა ვუხდი მთელს მუზეუმს, უკლებლივ ყველა თანამშრომელს, რომელმაც ეს რთული გზა ჩვენთან ერთად ღირსეულად გამოიარა და ეს შედეგი მოიტანა!
Google-ს კულტურული ინსტიტუტის სივრცეში უკვე ამოქმედდა ჩვენი მუზეუმისადმი მიძღვნილი გვერდი, მისი მისამართია
https://www.google.com/culturalinstitute/beta/partner/georgian-state-museum-of-theatre-music-film-and-choreography-art-palace
შებრძანდით და დაათვალიერეთ, თქვენ აქ პეტრე ოცხელის უნიკალურ გამოფენას ნახავთ, ნახათ ისეთს, რომელიც მანამდე არ გიხილავთ, ამის საშუალებას Google-ს ტექნოლოგიები იძლევა: უმცირეს დეტალამდე, ყველაზე უმნიშვნელო მონახაზამდე.
თქვენი ამ გვერდზე შესვლა მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, რაც უფრო მეტი იქნება ხილვადობა, მით უფრო გაიზრდება ქართული შედევრების პოპულარობა! მაშ ასე საქართველო ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს! პეტრე ოცხელით დავიწყეთ, მაგრამ თანდათან ახალი შედევრებისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენები გაჩნდება" - წერს გიორგი კალანდია.
მასალის გამოყენების პირობები