ისინი ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან აქციას მართავენ. როგორც დაკავებულის დედა აცხადებს, მის შვილს რამდენიმე თვის წინ სასამართლოში ნათქვამი ფრაზის გამო გაუსწორდნენ.
"სამი თვის წინ, მინდიას მეგობარსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. ჩემი შვილი მოწმედ იყო დაბარებული სასამართლოზე სადაც თქვა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ბრალდებულს ჩაუდეს, პროკურორს პირდაპირ უთხრა, რომ ბათუმში სამართალი არ არსებობს, სადაც დღეს ეს ბავშვი აქ ზის, არ გამოვრიცხავ ხვალ მეც აქ ვიჯდეო. ჩემი აზრით, გუშინ მინდიას დაკავება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება"- აცხადებს დაკავებულის დედა.
ოჯახის ინფორმაციით, 27 წლის ახალგაზრდა 5 - მა პოლიციელმა სასტიკად სცემა.
"ადვოკატმა მოინახულა, მისი ინფორმაციით, ჩემი ძმა სასტიკად ნაცემია, სხეულზე სისხლჩაქცევები სახეზე და თავის არეში კი შეშუპება აღენიშნება. აქვს ტვინის შერყევა"- განაცხადა დაკავებულის დამ მირანდა ოჯახიშვილმა.
დაკავებულის და გუშინ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე, აცხადებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ქონია, ოჯახი უბრალოდ ნაცემი ადამიანის ნახვას ითხოვდა.
ოჯახიშვილის საქმის შესწავლა სახალხო დამცველის ოფისმაც დაიწყო, ომბუდსმენის წარმომადგენელმა დაკავებული უკვე მოინახულა.
ციალა ქათამაძე ოჯახიშვილის სხეულზე დაზიანებების არსებობას ადასტურებს და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.
„შევეცდებით დავადგინოთ იმ დაზიანებების მიზეზები, რომელიც მოქალაქეს სახისა და ზურგის აღენიშნება“ - თქვა მან.
დაკავებისას სამართალდამცავების მიერ მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებზე საუბრობს მინდია ოჯახიშვილის ადვოკატიც.
დავით ჯაფარიძის განცხადებით, პოლიცია ოჯახიშვილს ბათუმში ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩის კვეთაზე თავს დაესხა.
„პოლიციელები ცდილობდნენ დაკავებისას ჩემი კლიეტისთვის წელის არეში იარაღი ჩაედოთ. ახალგაზრდა 10 წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა“- თქვა ადვოკატმა.
წინასწარი დაკავების იზოლატორთან იმყოფებიან დაკავებულის მეგობრებიც. ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით, მინდია ოჯახიშვილის მიმართ პოლიციის ზეწოლას მის დაკავებამდეც ჰქონდა ადგილი.
„მანამდეც იყო ზეწოლა, ეუბნებოდნენ დატოვე ქვეყანაო, იყო მცდელობა, რომ ჩემს სასარგებლოდ არ მიეცა ჩვენება“- თქვა ოჯახიშვილის მეგობარმა, რომლის სასამართლოზეც მოწმის სახით ოჯახიშვილი იყო დაბარებული.
მასალის მომზადებისას „ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულის ოჯახის წევრების წინააღმდეგ გუშინ ღამით განვითარებული მოვლენების გამო, გამოძიება დაიწყო.
რაც შეხება სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალადობას, ამ საკითხზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.
მასალის გამოყენების პირობები






