- სერიალებში დაკავებული ბევრი მსახიობი, პარალელურად, GDS-ის სერიალებშიც იღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც არჩევანი მათზე გააკეთა, რევაზ ნასიძე იყო.
- ჰო, მან უარი თქვა აქ თამაშზე და ძალით ხომ არ ვათამაშებდი?! მე პრობლემას მიქმნიდა მისი გრაფიკი და დაისვა პრიორიტეტების საკითხი. მისთვის პრიორიტეტი ის აღმოჩნდა და კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდე... მე მაქვს ჩემი პოლიტიკური შეხედულება და მსახიობების ოთხმოცი პროცენტის შეხედულებები შეიძლება, მას საერთოდ არ ემთხვევა. მაგრამ, როცა საქმეს აკეთებ, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ნასიძისთვის „რუსთავი 2“ იყო პოლიტიკური პროპაგანდის მანქანა. მის პოლიტიკურ პრეფერენციებს GDS ესადაგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაფერში შეგვიზღუდავს.
- კიდევ ერთი მსახიობი, რომელიც პოლიტიკური შეხედულების გამო წავიდა, იყო დათუნა გოცირიძე.
- „რუსთავი 2-ის კრიზისის დროს, მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე, აქ მისი ადგილი არ იყო. ეს მისი არჩევანია, მე არაფერში შემიზღუდავს.
- ჯერ კიდევ არავის უთქვამს, რატომ წავიდა რეალურად ლელა მებურიშვილი სერიალიდან და რატომ მოხდა კატოს ორჯერ „ცვლილება“.
- ყველას აქვს თავისი მოთხოვნები, მოცემულობა და მიზნები, რომელიც ხანდახან ჩვენსას არ ემთხვევა და ცვლილებები ამითაა განპირობებული.
- ხაინდრავას ფილმშიც ბევრი თქვენთან დაკავებული მსახიობი მონაწილეობს. როდესაც მათი პოლიტიკური შეხედულებები ემთხვევა იმ ფილმში გატარებულ იდეას, „ჩემი ცოლის დაქალები“ კი გადის „რუსთავი 2-ზე“, ანუ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა პლატფორმაა, ეს უხერხულობას არ გიქმნით?
- რომ გითხრათ, ძალიან მიხარია და მსიამოვნებს-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემი სუბიექტური აზრიდან გამომდინარე, ეს არაა მაინცდამაინც პოზიტიური ამბავი, მაგრამ ადამიანებს არჩევნის თავისუფლება აქვთ. შეიძლება, დიდი პოლიტიკური ვნება არა, მაგრამ ფინანსური ინტერესი ამოძრავებთ, რაშიც ხელს ვერ შევუშლით, რადგან ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, რომ მათ კონტრაქტით სხვა ფილმებში მონაწილეობა ავუკრძალოთ. რომ შეგვეძლოს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა, მაშინ, არ მივცემდით ამის უფლებას.
- თორნიკე გოგრიჭიანთან არ იყო კითხვის ნიშნები? ის ხომ GDS-ის ერთ-ერთი წამყვანი სახეა.
- არანაირად, სამყაროს ასე არც მე ვუყურებ და არც აქ მომუშავე სხვა ადამიანები. გოგრიჭიანი ნიჭიერი მსახიობია, რომელსაც ეცალა. მისი ასაკის ბიჭებში კი ძალიან მწირი არჩევანია, მით უმეტეს, როცა საქმე მისნაირ ნიჭიერ მსახიობს ეხება. საშუალება გვქონდა, ჩვენთან ყოფილიყო და რატომ გავუშვებდით ხელიდან?! ქასთინგი ბევრმა გაიარა, მაგრამ საუკეთესო შედეგი მან დადო.
წყარო: ჟურნალი „თბილისელები“
მასალის გამოყენების პირობები






