ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ მაკონში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავისი გამოსვლა, ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ დავით ჩხარტიშვილი (55), რამაზ ზოიძე (66), გიორგი მელია (96) და ზვიად პატარიძე (120), ბრინჯოას მედალი კი ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა (50). აღსანიშნავია რომ რამაზ ზოიძემ წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, მანამდე კი მას ჭაბუკებში აქვს მოპოვებული ოქროს მედალი, ზვიად პატარიძისთვის კი ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ზედიზედ მეოთხე ოქროს მედალია, ახალგაზრდა ლომად წოდებული პატარიძე ორჯერ ჭაბუკებში 2013-2014 და ორჯერ ახალგაზრდებში 2015-2016 გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა კი შარშანდელი ბრწყინვალე შედეგი გაიმეორა და გუნდური ჩემპიონობა არავის დაუთმო, ჩვენმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 51 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, უკან ჩამოიტოვა რუსეთის და ირანის ნაკრებები რომლებმაც 40 და 34 ქულით შესაბამისაც მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები