ღამით თბილისის მერიის შენობასთნ გარემოს დამცველებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ სანთლებით სიმბოლურად ხე გამოსახეს.
პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებლის ნატა ფერაძის განცხადებით მათი მოთხოვნები უცვლელია და ისინი ქალაქის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელობის გადადგომა და სტრუქტურის მთლიანად შეცვლას ითხოვენ.
“ხელმოწერების შეგროვება გრძელდება, აქციას დავაანონსებთ ძალიან ხალხმრავალს და დიდს და კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ მერიას, რომ ეს დიდი აქცია გადაიქცეს ზავის აქციად, მტრობის აქციის მაგივრად. თქვენ ემტერებით ჯანსაღ ქალაქს, ჩვენ ვიბრძვით ჯანსაღი ქალაქისთვის,“ - განაცხადა მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ.
გარემოსდამცველებისთვის დედაქალაქის მერიის წინ კარვების გაშლის აკრძალვის გამო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, მათი თქმით აღნიშული აკრძალვა შეკრების უფლებას არღვევს.
“მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არღვევს შეკრების უფლებას. სარჩელის განხილვას ვითხოვთ ჩვენ 2 დღის ვადაში, გვინდა, რომ სასამართლომ გამოიყენოს განხილვის სპეციალური ვადა,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






