სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ რომ ქართველ ნიჩბოსანს ზაზა ნადირაძეს, ოლიმპიადისთვის მზადება არასათანადო პირობებში უწევდა და ფინანსური პრობლემები ქონდა, საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა გამოეხმაურა. დავით ქაცარავა მის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ ფეისბუკპოსტში დაწვრილებით აღწერს ზაზა ნადირაძის კარიერის განვითარებას. მისი თქმით ქართველის პორტსმენის ცხოვრებაში იყო რaთული პერიოდი, თუმცა ბოლო წლებია მასზე სპორტის სამინისტროც და ფედერაციაც განსაკუთრებულად ზრუნავს და აფინანსებს:
ძვირფასო მეგობრებო!!!!
მივუბრუნდები დღევანდელ დღეს განვითარებულ მოვლენებს.
დღეს დასრულდა საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის მიერ ჩატარებული 4 წლიანი ოლიმპიური ციკლი, რომელიც ძალზედ წარმატებული გამოდგა – რიოს ოლიმპიადაზე ზაზა ნადირაძემ დაიკავა მე –5 ადგილი კანოე 1 ში 200მ დისტანციაზე და როგორც შედეგი დღეს მივიღეთ უამრავი დადებითი ემოცია, მოლოცვა და მომავალი წარმატებების სურვილები.
მაგრამ ამასთან ერთად გაჩნდა ინტერნეტ სივრცეში გარკვეული ნეგატიური გამოხმაურებები, რომლებიც ეხებოდა შემდეგ საკითხებს:
1. ზაზა ნადირაძეს არ აქვს ნავი და ნიჩაბი
2. ზაზა ნადირაძე დღისით მუშაობს მშენებლობაზე და საღამოს ვარჯიშობს,
3. ზაზა ნადირაძეს საცოდავი 500 ლარიანი სტიპენდია აქვს,
4. სპორტის სამინისტრომ და ოლიმპიურმა კომიტეტმა არააფერი გაუკეთეს ზაზას, ყველაფერს თვითონ მიაღწია,
5. დაფინანსება არ აქვს ზაზას და საკუთარ ფულს ხარჯავს.
6.....თუ ამ პოსტის წერის პროცესში კიდევ რაიმე ახალი გარემოება გამოჩნდება, დავამატებ და აუცილებლად ვუპასუხებ.
გამომდინარე იქიდან რომ ზაზა ნადირაძის მიმართ ასეთი დიდი ინტერესი გაჩნდა საზოგადოებაში და შესაბამისად სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის და ფედერაციის მიმრთულებით ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად ვრცელი ინფორმაცია მოგაწოდოთ:
2012 წელი, ივნისი – დაარსდა საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაცია, რომლის ბალანსზე 0 აქტივია, დაფინანსება – 11 000 ლარი, იწყება ახალი ნაკრების ჩამოყალიბება, სპორტსმენების ძიება, ვისზეც შესაძლებელია მომავალში აქცენტის გაკეთება.ზაზა ფაქტიურად ერთადერთი სპორტსმენია საქართველოს მასშტაბით, ვისაც თანამედროვე PLASTEX მოდელის ნავი გააჩნია.
2013 წელი – ჩამოყალიბდა კანოეს ეროვნული ნაკრები. სათავეში ჩაუდგა 1985 წლის მსოფლიო ჩემპიონი K4 კახა ლომიშვილი და დაიწყო ეროვნულ ნაკრებთან მუშაობა, ზაზას არ აქვს ამ ეტაპზე ხელფასი არც ოლიმპიური კომიტეტიდან და არც სამინისტროდან, უწევს დღისით მშენებლობაზე მუშაობა, საღამოს კი ვარჯიში, ხშირად იმდენად დაღლილი მოდის სამსახურიდან, ვერ ახერხებს წყალზე გასვლას. ფედერაციის დაფინანსება ამ წელს შეადგენს 40 000 ლარამდე. იწყება ნაკრების აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო დონის ტურნირებზე მონაწილეობა.ბიუჯეტი ძირითადად იხარჯება ადგილობრივ შეკრებებზე და საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მისაღებად(ნავი და ნიჩაბი კვლავ გააჩნია, იგივე თანამედროვე პლასტექსი)
2014 წელი – პირველი სერიოზული შედეგი – ზაზა ნადირაძემ U23 მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.ამ მედალის წყალობით იღებს საკმაოდ სოლიდურ პრემიას, რომელსაც სპორტის სამინისტრო ურიცხავს. ამავე დროს ენიშნება ხელფასი(ოდენობაზე ზაზას მიმართეთ) ამ წლის დაფინანსება შეადგენს 70 000 ლარს. ზაზა ანებებს მშნებლობაზე მუშაობას. ბიუჯეტი კვლავ იხარჯება 2013 წლის მსგავსად შეკრებებზე და საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მისაღებად. ზაზა ნადირაძე ხვდება ICF (International Canoe Federation) განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი, ხდება მისი გაგზავნა საერთაშორისო შეკრებებზე. ამავე წელს ჩამოგვაქვს ზაზასთვის სპეციალური, სპრინტერული ნავი, რომელიც შეიძინა მისთვის ოლიმპიურმა კომიტეტმა. (ეს მისი პირადი ნავია) ამავე წელს საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის მიერ ხდება ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის ინიცირება – საქართველოში პირველად იწარმოება სპორტული ნავები, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხდება 30 ნავის შეძენა, რომლებიც რიგდება რეგიონებში. თანხამ შეადგინა 40 000ლარი.
2015 წელი – ზაზა ნადირაძე ფაქტიურად საქართველოში აღარ ვარჯიშობს, იგი მუდმივად საერთაშორისო შეკრებებზეა და საერთაშორისო უმაღლესი დონის ტურნირებზე.ამავე წელს ზაზას ემატება ოლიმპიური სტიპენდია(ოდენობაზე მიმართეთ ზაზას) ზაზა თავისი დროის 100% უთმობს ვარჯიშს. ამ წლის ბიუჯეტი – 200 000ლარი, რომელიც იხარჯება ძირითადად შეკრებებსა და ტურნირებზე მონაწილეობის მისაღებად.
2016 წელი – ზაზამ მოიპოვა რიოს ლიცენზია, მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი. რიოს ოლიმპიადაზე მე – 5 ადგილი. საქართველოში მან მხოლოდ 2 შეკრება გაიარა, დანარჩენი პერიოდი იგი საზღვარგარეთ ვარჯიშობს – მინგეჩაურში, სადაც მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო სანიჩბოსნო ბაზაა და სადაც უმაღლესი დონის სპორტსმენები ვარჯიშობენ, მათ შორის რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. მ/წ – ის ბიუჯეტი – 145 000 ლარი, გახარჯვა – ანალოგიური.
ამ მოკლე ექსკურში შევეცადე გამეკეთებინა აქცენტი ზაზაზე, მეჩვენებინა ეს ფაქტები მათთვის, ვინც სამწუხაროდ არსებული მოცემულობა რატომღაც სხვაგვარად წარმოაჩინა. ასევე გაძლევთ საშუალებას გადახედოთ სახელმწიფოს მონაწილეობას ზაზას წარმატებაში, 2012 – 2016 წლებში ჯამურმა დაფინანსებამ შეადგგინა 506 000 ლარი, რომლის 90% მოხმარდა ნაკრების მომზადებას.
პასუხი კითხვაზე – სავარჯიშო პირობები –
დღესდღეისობით საქართველოში არ არსებობს ფაქტიურად არც ერთი ბაზა, რომელიც აკმაყოფილებს აუცილებელ, თუნდაც მინიმალურ სტანდარტებს.არსებულ ბაზებზე ძალზედ გართულებულია საწვრთნელი პროცესის წარმართვა, აღჭურვილობა არასკმარისი რაოდენობით არის, ვერ ხდება მსურველი ბავშვების მიღება სპორტულ ჯგუფებში, ვინაიდან ნავების რაოდენობა არასაკამრისია და ნავების ძირითადი ნაწილის საშუალო ასაკი დაახლოებით – 30–40 წელს შეადგენს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას, რომ შეგვიძლია შედეგის გაკეთება, დარწმუნებული ვარ, ამ ოლიპიური ციკლის დამთავრების შემდეგ ჩვენ მოგვეცემა საშუალება წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა კანოეს განვითარებასთნ დაკავშირებით და მომავალი წლის დაფინანსება კი საკმარისი იქნება იმისათვის რომ არსებული პრობლემების ძირითადი ნაწილი მოგვარდეს. ასევე იმედს ვიტოვებ რომ ის კითხვები, რომლებიც დღეს ნეგატიურ ჭრილში გაჟღერდა, პასუხგაუცემელი არ დარჩა. ძალიან გთხოვთ მეგობრებო, სანამ რაღაც ნეგატიური ტიპის ინფორმაციას გააჟღერებთ, მომმართეთ ნებისმიერ დროს ნებისმიერი კითხვით და მე შევეცდები ყველა თქვენს კითხვას გავცე პასუხი. ამ პოსტს თან ვურთავ 2012–2016 წლებში ჩვენს მიერ მიღწეულ სპორტულ შედეგებს.
ცნობისთვის:
1972 წელი – ოლიმპიური ოქროს მედალი K2,ვიქტორ კრატასიუკი,
1985 წელი – მსოფლიო ჩემპიონი K4 - კახა ლომიშვილი(ამჟამად საქართველოს კანოეს ეროვნული ნაკრების მთ.მწვრთნელი)
1985 წლის შემდეგ 2014 წლამდე არც ერთი სინჯის მსოფლიო თუ ევროპული ჩემპიონატების მედალი არ მოუპოვებია ქართველ სპორტსმენებს.
29 წლიანი წყვეტა პირველ მსოფლიო მედლამდე.
44 წლიანი წყვეტა ოლიმპიადაზე მონაწილეობამდე.
ამ პოსტის ბოლოს განსაკუთრებული მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო ზაზა ნადირაძეს, კახა ლომიშვილს(საქართველოს ეროვნული ნაკრების მთ.მწვრთნელს) ამ უდიდესი წარმატების მთავარ შემოქმედებს,
პაატა გუნიას – საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის გენ.მდივანი
ირაკლი მოდრეკილაძეს – საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი
ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.
უღრმესი მადლობა უკლებლივ ყველა იმ ადამიანს ვინც გვიგულშემატკივრა, ინერვიულა, გაიხარა და ბევრი კითხვა დასვა!!!!!!!!!!
ჩვენ ეს ერთად შევძელით!!!!!!
საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
დავით ქაცარავა
მასალის გამოყენების პირობები