„მრავალი ათწლეულის მანძილზე მიწისქვეშა გადასასვლელი მოუწესრიგებელი იყო. მოქალაქეთა უმრავლესობა ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაადგილებას რკინიგზის ლიანდაგის გადაკვეთით ახერხებდა, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გადასასვლელის სრული რეაბილიტაცია, დამონტაჟდება განათების სისტემა, დაიგება ახალი ქვის ფილები კიბის საფეხურებზე და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რათა უამინდობის დროს არ მოხდეს ნალექის დაგროვება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ ხაშურელი მოქალაქეებისთვის გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება“, - აცხადებენ ხაშურის გამგეობაში.
მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება და მისი ღირებულება 74 876 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






