საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, სამუშაოებში ჩაერთვნენ თურქეთის შესაბამისი სამსახურები. ქართველ სპეციალისტებს ამერიკელი კოლეგებიც აქტიურად ეხმარებიან.
კურსანტების გიორგი ნანიტაშვილისა და იაგო შარაძის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ავიაცია, მაშველები, თითქმის ყველა ადგილობრივი შესაბამისი სამსახური .
„რა ძალებიც იყო მობილიზებული, იგივე ძალები მუშაობენ, დაემატათ თურქული მცურავი საშუალებები. თურქული მხარეა ჩართული ძალიან აქტიურად და ერთობლივად ვაგრძელებთ მუშაობას,“ - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სერგო ძაგნიძემ.
16 აგვისტოს, შავ ზღვაში, სამხედრო სწავლებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ორი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე დაიკარგა. ისინი გეგმიურ მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ.
სამხედროებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ოჯახის წევრები იმ პირის ბრალეულობაზე საუბრობენ, რომლელიც სამხედროებს 6 ბალიანი შტორმის დროს ინსტრუქტაჟს უწევდა.
იაგო შარაძის ოჯახის წევრების თქმით, იმ შემთხვევაში თუ სამხედროებს უახლოეს დღეებში არ იპოვიან ისინი გზებს გადაკეტავენ.
“ეს არის დაუდევრობა უყურადღებობა, ეს არის ვინც ინსტრუქტაჟს უწევდა იმის ბრალი, იმის შეცდომის ბრალი. ოდნავ უბრალო შეცდომა და შვილი დამიღუპეს და რა დღეში ჩამაგდეს, გამამწარეს. ჩემმა შვილმა ცურვა იცოდა უმაღლეს დონეზე, პირველი იყო, იმას არაფერი არ შეეშლებოდა. გაიყვანეს სიღრმეში მიატოვეს უყურადღებოდ, ან ჟანგბადი დაელიათ, ან ბავშვს რაღაცამ უმტყუნა. რომ უმტყუნა იქ არ უნდა ყოფილიყო მაშველი ან რაღაცა უბრალო ნავიც არ უნდა ყოფილიყო?“ - აცხადებს იაგო შარაძის მამა რომან შარაძე.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოში ჩავიდნენ და დაკარგული სამხედროების მშობლებსა და ახლობლებს თანადგომა გამოუცხადეს.თავადაცვის მინისტრის განცხადებით, თუ კონკრეტული პირის ბრალეულობა გამოძიებით დადგინდება მას სამართლებრივი შედეგი მოჰყვება.
სანაპიროზე შეკრებილმა ოჯახის წევრებმა პრეზიდენტს დახმარება სთხოვეს:
"ჩემმა შვილმა საუკეთსოდ იცოდა ცურვა... გეხვეწებით, ბატონო პრეზიდენტო, მკვდარი მაინც მყავდეს სახლში, მომეხმარეთ", - მიმართა პრეზიდენტს იაგო შარაძის დედამ.
დაკარგული სამხედროების მშობლები ამ დრომდე სანაპიროზე რჩებიან. შარაძის მამის ფოტომ კი მოსახლეობა შეძრა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






