სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი, 22 წლის დემურ სტურუას ოჯახი, იმ პოლიციელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, რომელის სავარაუდო ზეწოლის გამო ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო.
ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცველი სისტემატურად ავიწროებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა გარდაცვლილს.
გარდაცვლილის დის, ნათია სტურუას თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ცხედარს უკვე ჩაუტარდა, ახლა კი მათი ერთადერთი მოთხოვნა, პოლიციელის დასჯაა.
"ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, გოდერძი თევზაძე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. 22 წლის ბიჭი აიძულა თავი ჩამოეხრჩო"- აღნიშნა სტურუას დამ.
სტურუების ოჯახში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებმაც ოჯახს საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დახმარება შეთავაზეს.
სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში დასახელებულმა პოლიციელმა გოდერძი თევზაძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს, თევზაძე გამოძიების დასრულებამდე კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი.
მიმდინარე წლის 8 აგვიტოს, სამტრედიაში 22 წლის ახალგაზრდამ დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. როგორც ახალგაზრდა წერს, მას სამტრედიის ერთ-ერთი პოლიციელი, სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა.
დემურ სტურუა წერილში წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, გოდერძი თევზაძის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობდა მისი თქმით ის პოლიციის მანქანაში ცემეს.
მასალის გამოყენების პირობები






