– რას ამოაგდებდით თქვენი ცხოვრებიდან, რომელ ეპიზოდს?
– არის რაღაცეები, რაზეც გული მწყდება. რაღაცეებს ამოვშლიდი, მაგრამ, იმ დროს ძალა არ გაქვს, არ შეგიძლია, იმ მომენტში ხომ არ გესმის, რომ ეს შეცდომაა, იმ მომენტში ცხოვრობ იმ მომენტით. შევცვლიდი კი არა, რაღაცეების გახსენებაც არ მინდა.
– ალბათ, პირადი ცხოვრებიდან, როცა პირველად გათხოვდით, იმ პერიოდიდან?
– მაშინ ვიყავი 20 წლის, სულ სხვანაირი. მე ძალიან შევიცვალე, ჩემი ცხოვრება შეიცვალა ძალიან. თან, არც ის იცი, ის მიგიღებს თუ არა. აქ ერთი მომენტიც არის: ის ადამიანი უნდა ღირდეს დაბრუნებად. თითქოს გენანება, რომ მასთან ურთიერთობა გქონდა, ან, მეგობრობა თუ სიყვარული გაკავშირებდა; შენი თავი გეცოდება. რასაკვირველია, რაღაცეები დასანანია ამ ცხოვრებაში. ბევრი და გახმაურებული რომანი არც მქონია.
– როგორი მამაკაცი უნდა იდგეს თამარ გვერდწითელის გვერდით?
– პირველ ყოვლისა, ინტელექტუალური, კარგი, საინტერესო ადამიანი უნდა იყოს. წესიერი კაცი უნდა იყოს და თვალებს არ უნდა აცეცებდეს აქეთ-იქით. უწესოს და ვულგარულს ვერ ავიტან, არც მომწონებია ასეთი არასდროს.
– როგორ ფიქრობთ, რას გააკეთებთ 20 ან 30 წლის შემდეგ: ისევ სცენაზე იდგებით თუ შექმნით ოჯახს, სახლში იჯდებით, ჩაეხუტებით ქმარს, მოუყვებით ერთმანეთს თქვენს ამბებს?
– რა ვიცი, მაგ ასაკში, ალბათ, ერთმანეთს წამლებს მივაწვდით; მთხოვს, რომ ჩავიცვა ის კაბა, რომელიც მეცვა ლეგრანის კონცერტზე და დავლევთ შამპანურს. საერთოდ არტისტს, ძალიან ცუდად წარმოუდგენია თავისი სიბერე, მაგრამ, ვინაიდან ძალიან კარგი შვილი მყავს, სიბერეც კარგი მექნება. ვისაც ცუდი შვილი ჰყავს, ისინი ვერ არიან კარგად.
წყარო: ჟურნალი „თბილისელები“
მასალის გამოყენების პირობები






