შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მას ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლების მოპოვება რუსი ძიუდოისტის დენის იარცევის დამარცხებით უნდა მიეღო. სწორედ ეს შეხვედრა გახდა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი. როგორც თავად სპორტსმენმა ბრძოლის შემდეგ განაცხადა, უფლება არ ქონდა 8 აგვისტოს რუსისთვის არ მოეგო . გორელმა შავდათუაშვილმა რუსეთის წარმომადგენელი დამაჯერებლად დაამარცხა, ტატამზე დაგდებულ დენის იარცევს კი გულთან მიკრულ საქართველოს დროშაზე მიანიშნა. სწორედ ეს ჟესტი გახდა აღფრთოვანების მიზეზი, სიმბოლოების მოყვარულ ქართველებისთვის.
8 აგვისტო, გორელი შავდათუაშვილი და პუტინის საყვარელის სპორტის წარმომადგენლის დამარცხება...
ამ დაპირისპირების შემდეგ შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის იპონით სძლია და კარიერაში მეორე ოლიმპიურ მედალს დაეუფლა.
საყოველთაო აღტაცების ფონზე გამოჩნდნენ ადამიანებიც, ვინც რუს სპორტსმენთან გამოყენებული ჟესტი შავდათუაშვილს არასპორტულად ჩაუთვალა და პოლიტიკის ცხოვრების სხვა სფეროებისგან გამიჯვნის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა.
თუმცა ცხადია შეუძლებელია სპორტის და პოლიტიკის, კულტურისა და პოლიტიკის გამიჯვნა, მითუმეტეს ოკუპირებული ქვეყნისთვის. საერთოდაც, თუ ყველანაირი პოლიტიკისგან და ეროვნულობისგან დაიცლება ოლიმპიადაც და სპორტიც, მაშინ რა მუღამი ექნება ყველაზე მაღლა აწეულ შენ დროშას, შენი ქვეყნის წარმომადგენლის ყველაზე მაღალ კვარცხლბეკზე ხილვას და შენი ქვეყნის სიმბოლოს- ჰიმნის გაჟღერებას.
როგორც ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, ამ ფაქტსაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში:
ფაქტს ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძეც გამოეხმაურა: "როგორ არ დამედო ეს სურათი, მადლობა დღევანდელი დღისთვის, ქართველო - 08:08:08," - დაწერა მჭედლიძემ.
„გენაცვალე შენ #8აგვისტო #bronzemedal“- დაწერა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ.
„შენ ხარ რიოში ოქროზე მეტი“- ასე გამოეხმაურა შავდათუაშვილის ასპარეზობას იუმორისტი გოჩა თანდარაშვილი.
„შენ გენაცვალოს საქართველო შავდათუაშვილო, რაც შენ ამ რუსის გაგორებით და ამ ჟესტით გული მოგვფხანე 8 აგვისტოს. თან კარალეთელი ჯილა როა !!!“- საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.
„აჰა, ასეთი ადამიანები ხდებიან ეპოქის გმირები. მარტო მედლებით კი არა, ჟესტებით“- რ2-ის გენდირექტორი ნიკა გვარამია.
„შენ საუკეთესო ხარ! ეს დაამტკიცე!“- პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.
„ეკუთვნოდა კარალეთელ კაცს 8 აგვისტოს მედალი. თუნდაც ბრინჯაო. თან რუსის დამარცხების გავლით. ყოჩაღ, ლაშა!“- ენმ-ს წევრი გივი თარგამაძე.
ლაშა შავდათუაშვილის ჟესტმა, ბევრს გაახსენა ირაკლი ცირეკიძის მიერ 2008 წელს რუსი სპორტსმენის ივან პერშინის დამარცხება, როდესაც ქართველმა ძიუდოისტმა მაშინ როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა, ვლადიმერ პუტინის ფავორიტი სპორტსმენი ტატამზე გააკრა, გამარჯვების სიგნალის შემდეგ კი საკუთარ ზურგზე დაწერილი GEO-სკენ მიანიშნა.


მასალის გამოყენების პირობები






