პირველი არხის საინფორმაციო სამსახური დღეს, 12-საათიან გამოშვებაში გასული პირდაპირი ჩართვის შესახებ, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:
„მოამბის“ 12-საათიან გამოშვებაში ფაქტობრივი შეცდომა იქნა დაშვებული. კერძოდ: ჟურნალისტმა ჩართვისას თქვა, რომ ჩხრეკისას ერთ-ერთ პირს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს, სინამდვილეში კი აღმოჩენილი იყო ცივი იარაღი. ასევე, კორესპონდენტმა აღნიშნა, რომ ჩხრეკის დროს ერთი პირი დააკავეს, რეალურად კი არცერთი პირი ჩხრეკისას არ დაუკავებიათ. ამ შეცდომების გამო, მაყურებელს ბოდიშს ვუხდით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახური ხაზგასმით აცხადებს, რომ პრეზიდენტის მრჩევლის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომლითაც ის ცდილობს, ერთ კონტექსტში განიხილოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება და ჩვენ მიერ დაშვებული უზუსტობა, უსაფუძვლო და კატეგორიულად მიუღებელია“, - ნათქვამია პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, "მოამბის" გამოშვებაში გასულ ინფორმაციას დღეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გამოეხმაურა. კახა კოჟორიძემ შსს-ს პრეზიდენტის სიძესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დარღვევაზე მიუთითა, ამასთანავე კოჟორიძის თქმით საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ამ თემის გაშუქებისას, პირდაპირ ჩართვაში ტყუილი ინფორმაცია გაავრცელა
მასალის გამოყენების პირობები






