მაკვანეთში რამდენიმე ოჯახი სოფელში ძველი წყლის არხების ჩაჭრისა და არასწორად წარმოებული ინფრატრუქტურული სამუშაოების გამო, უმძიმეს პირობებში აღმოჩნდა.
45 ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოქალაქეების მიმართ უყურადღებობასა და გულგრილ დამოკიდებულებაში სდებს ბრალს და მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, გამგეობის წინ მასშტაბური აქციის იმუქრება .
როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, სოფელში ახალი წყლის არხის სათავეები პირდაპირ რამდენიმე ოჯახის ეზოში შეუშვეს, ძველი კი, არ გაწმინდეს და არც ფუნქცია შეუნარჩუნეს.
უამინდობისას გადაკეტილ არხებში წყლის გატარება ვერ ხდება და მხოლოდ ერთ უბანში 10-მდე ოჯახის ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები იტბორება. მათივე თქმით, მოვარდნილი წყალი სახლის პირველ სართულებამდე აღწევს და ეზოშიც გავლა შეუძლებელი ხდება. გამომდინარე აქედან, ვერც ბოსტნეულის მოყვანა შეძლეს, პრობლემები ექმნებათ თხილის მოსავლის აღებაზეც:
ეთერ კოპალეიშვილი: „გვიკეთებენ გზას, კარგია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ წყლის არხი არ დაეყრუებინათ, ხრეში ჩაყარეს, რომელიც აჩერებს ზემოდან წამოსულ წყალს, მერე შედის რამდენიმე ოჯახის ეზოებში, რომელიც ანადგურებს როგორც საყანე ფართობებს, ასევე თხილებს. ბოლო გაწვიმებაზე იმხელა წყალი იდგა ჩემ ეზში, ვერ შევედი. რას გავს ეს. მივედი გამგეობაში, საერთოდ არ მომისმინა გამგებლის მოადგილემ, ასაკიანი კაცი იყო, გვარი არ მახსოვს, ერთი სიტყვა არ დამალაპარაკა როგორც კი წყლის არხი ვახსენე. 2 ათასი კაცია მაკვანეთში და ყველას ჭკუაზე ვერ გავივლიო. დაცვასაც კი გამოუძახა როგორც კი ხმას ავუწიე. არ მაინტერესებს შენი პრობლემაო. გააფრთხილა მეორედ აქ არ შემოუშვაო. ყველას ჭკუაზე არა, ვისაც უჭირს იმათ მიხედონ, თორემ სამი მანქანა ხრეშია ჩემ ეზოში და ყველას გათხრილ არხში ჩავყრი, ეს იცოდნენ. ჩემი ეზო ხომ საერთოდ საშინელ სიტუაციაშია, ორი არხი გააკეთეს და ორივე სათავე ჩემ ეზოშია, რის გამოც წყალი პირდაპირ საკარმიდამო ნაკვეთში შემოდის. დაჭაობებულია ყველაფერი, მიწის დამუშავება გვინდოდა და ტრაქტორმა უარი გვითხრა, ეზოში რომ შემოვიდა ჩაეფლო. ადრე ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში კარტოფილს და სიმინდს ვთესავდი, ახლა ვერაფერს დარგავ, 15 დღეში ლპება კარტოფილი. მარტო ჭილოფა და თხემლა ხარობს. ხეხილი მქონდა უამრავი და ყველაფერი გახმა, ერთი მუხა დგას და იმას ვერაფერი უქნა წყალმა. არაფერს არ ვთხოვ ამ მთავრობას, ერთი ვთხოვე, არხების გაკეთება და იმაზეც უარს მეუბნებიან. 19 წლის შვილი, ჯარისკაცი ისე დავკრძალე, არავინ არაფერზე შემიწუხებია, თუ ამ პრობლემას არ მოგვიგვარებენ, ამ სოფელს გამოვიყვან, 26 -ში პრემიერი რომ ჩამოდის, იქ მივიყვან და მერე ვნახავთ რას იზამენ. გამგეობაში ეს ქალი აღარ შემოუშვათო, რატომ შევედი, სამათხოვროდ, თუ რა ხდება ვერ გავიგე. ლუკმა პური ვთხოვე ვინმეს? იმ პრობლემის მოგვარებას ვითხოვ, რომელიც მარტო მე არ მაზარალებს.
დემური მესხიშვილი: ეე, იქ იყო წყალი მოსული, გვეუბნება 82 წლის ბაბუა და სახლის კიბის მესამე საფეხურს გვიჩვენებს. ამ მილში არ ეტევა წყალი და გადადის პირდაპირ ეზოებში. რაცხა შველა გვინდა, ასე არ შეიძლება. ახლა ნახეთ რა ხდება, არხი რომ გაივსება, მერე ვეღარ იტევს წყალს და რამდენიმე ოჯახს აზიანებს. 45 ოჯახი ვართ ასეთ დღეში. ასეთი რაღაც გვითხრეს, ყანებია დათესილი ახლა, მძიმე ტექნიკა ვერ შევაო, მერე შევეცდებით პრობლემა მოგიგვაროთო, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ჩვენი ყანები და ეზოები ფუჭდება. ძველი არხები რომ გაეწმინდათ, არ გვექნებოდა ასეთი პრობლემა, არ გაჭრეს, არ გაასუფთავეს, ახალი გააკეთეს და სათავე გაუკეთეს ჩვენს ეზოებში, აი, ამიტომაც გაძლიერდა პრობლემა. აქ ზამთარში კი არა, ზაფხულში ნავი დაგვჭირდება წვიმის დროს.
ნონა ბილიხოძე: მთლად დატბორილია ჩემი ეზო, ისეც ყველამ იცის, რომ ადრეც აქ წყლის არხების პრობლემა იყო და ეზოები ხშირად იტბორებოდა, ახლა უფრო გაძლიერდა. გვპირდებიან, გავაკეთებთ, გავაკეთებთო, მაგრამ როდის, რომ დავიხრჩობით მერე?!
თეა იოსელიანი-გურია
მასალის გამოყენების პირობები






