უწყების ინფორმაციით, რ.ე ბოლო წლების განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა. "სამწუხაროდ დღეს ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მიმდინარე წლის 14 ივლისს ქ. ნიცაში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქის (ე.რ დაბ. 1960წ.) არსებობის შესახებ ინფორმაცია. (რომან ეკმალიანი ბოლო წლების განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა) აღნიშნული სამწუხარო ფაქტის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ უკვე ინფორმირებულია გარდაცვლილის ოჯახი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ"- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, ტერაქტი ნიცაში „ბასტილიის აღების დღის“ აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა.
თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა.პოლიციამ სატვირთოს მძღოლი ადგილზე მოკლა. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.
ამჟამინდელი მონაცემებით დაღუპულია 84 ადამიანი, დაშავებულია 100. დაღუპულთა შორის 10 ბავშვია. ნიცას ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის საფრანგეთის გარდა, ამერიკის, რუსეთის, შვეიცარიის, გერმანიისა და სომხეთის მოქალქეებიც არიან.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრებია, რომელიც ტერაქტამდე 9 საათის განმავლობაში სანაპიროზე იდგა და თავს ნაყინის გამყოდველად ასაღებდა.
მასალის გამოყენების პირობები






