იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ადვოკატთა ასოციაციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, არ დაინიშნონ ახალი ვადით ის მოსამართლეები, რომელთა წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.
როგორც ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, თუ საბჭო ამ კანდიდატებს მხარს დაუჭერს, ეს იქნება სასამართლოს იმავე ჭაობში ჩარჩენა, რომელშიც დღეს იმყოფება.
„დღეს გვანცა ყუფარაძის საქმის მოსამართლე თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი იყრიან კენჭს. დღეს თუ ამ ოდიოზურ ფიგურებს მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მაინტერესებს რა გასასამართლებელი საბუთი ექნება საბჭოს. ასევე მნიშვნელოვანია არ დაინიშნოს გირგვლიანის მოსამართლე გიორგი ჩემია, ასევე ჯემალ კოპალიანი და მამია ფხაკაძე, რომლებიც ყველა გადაწყვეტილებას ბეჭედს ურტყამდნენ და სააკაშვილის საყრდენები იყვნენ. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ ადამიანებს აირჩევს, ეს იქნება სასამართლოს ჩარჩენა იმავე ჭაობში, რა ჭაობშიც არის“, - განაცხადა ხატიაშვილმა.
ცნობისთვის, საბჭომ 125 კანდიდატიდან 65 ვაკანტურ ადგილზე უნდა აირჩიოს მოსამართლეები. 125 კანდიდატს შორის არის საბჭოს ორი მოქმედი წევრი - თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი და ასევერუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.
მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. მოსამართლედ არჩევისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3 ანუ 10 ხმაა საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები






