როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში სოფელ დიცის საჯარო სკოლაში გაიმართა ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია ვეფხისტყაოსნის შესახებ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ლიტერატურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მოეწყო გამოფენა ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით. ნაჩვენები იქნა ქართული დოკუმენტური ფილმი „იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“. ღონისძიება სოფელ დიცში დასრულდა ფოლკლორული ანსამბლის "მაჩაბელას" კონცერტით. ამავე პროექტის ფარგლებში, კონცერტი გაიმართა სოფელ ტირძნისშიც, ადგილობრივი ანსამბლის "გორი" და დედაქალაქიდან ჩასული ჯგუფის "ქიმერა" მონაწილეობით.
დიცსა და ტირძნისში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა წარჩინებული მოსწავლეები და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვეს. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები საღამოს, ერისთავის თეატრის სპექტაკლსაც დაესწრნენ.
პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“, მრავალფეროვანი ღონისძიებებით, 5-6 აგვისტოს - განმუხურში, 23 სექტემბერს კი სოფელ ნიქოზში გადაინაცვლებს.
მასალის გამოყენების პირობები






