„გამრიცხველიანება და გზა არ გვაქვს, სოფლის ცენტრამდე კი გააკეთეს, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც გვინდა, რომ გაკეთდეს. წყლის პრობლემაც გვაქვს, მე პირადად მრავალშვილიანი დედა ვარ და წყალს ხან საიდან ვეზიდები და ხან საიდან. აქ მთავრობის წყალს რომ ეძახიან, არასოდეს გვქონია. არც ჭა მაქვს, წყალი არ ამოდის ჩვენამდე. მთიდან არის წყარო გამოყვანილი და ყველას თავისთვის აქვს. ამ ზამთარში, მაგალითად პრობლემა შეგვექმნა, სასწრაფო ვერ ამოვიდა უგზოობის გამო და სამაშველოს გამოძახება დაგვჭირდა, მე პირადად ვიყავი ცუდად ჩემი ბავშვები“
ყოფით პრობლემებზე საუბრისას ქალბატონი არც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ რეფორმებს ივიწყებს, რითიც, როგორც თავად ამბობს, მის ოჯახის წევრებს ბევრი პრობლემა მოეხსნათ, თუმცა ის, რაც სოფლის მოსახლეობისთვის ბოლო წლებში პრობლემად რჩება, დასაქმება და მძიმე სოციალური მდგომარეობაა:
„ყოფით პრობლემებს რა მოლევს. ჯანმრთელობის მხრივ თუ რამე პრობლემა შეგვექმნება, კი მივდივართ ექიმთან, ექიმის დახმარებაა თუ მთავრობის დახმარებაა კი ვსარგებლობთ და მადლობელი ვარ მაგის გამო. მაგრამ წყალი , გამრიცხველიანება და გზა ყველა ამ უბნის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემაა, სერიოზული პრობლემებია დასაქმების კუთხითაც, ამ უბანში მაგალითად არც ერთი ოჯახიდან დასაქმებული არავინ არ არის- გვეუბნება თამარ კოხოძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ძირითად წყაროს ციტრუსისა და თხილის მწირი მოსავალი წარმოადგენს, რომლითაც წლიდან წლამდე თავის გატანას ვერც ერთი ოჯახი ვერ ახერხებს. გვიყვებიან, რომ ჩაის სეზონზე სოფელში მოხუცების, ქალებისა და ბავშვების მეტი არავინაა, ვისაც შრომის უნარი შესწევს, თურქეთში სამუშაოდ არიან გადახვეწილები:
„დასაქმების პრობლემა დიდია, ძირითადი შემოსავალი თხილი, ცოტაოდენი ციტრუსი და სიმინდია, ზოგს ძროხა ჰყავს, შინაური ფრინველები. ძირითადად მაინც, ვისაც შესაძლებლობა აქვს, თურქეთში დადის, ვისაც არა, ვართ სოფლის მეურნეობის ამარა“,- გვეუბნებიან ძეგორას უბნელები.
თეა იოსელიანი-გურია
მასალის გამოყენების პირობები






