ჭაჭიეთის, მეწიეთისა და წიფნაგვარას მოსახლეობა, საავტომობილო ხიდის პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ ელის. ადგილობრივები რამდენიმე თვეა, რაინულ ცენტრთან დამაკავშირებელი საავტობობილო ხიდის გარეშე არიან დარჩენილები.
12 დეკემბერს მომხდარი წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა სოფელ ხიდისთავში საავტომობილო ხიდი დააზინა. როგორც ადგილობრივებმა „გურიის მოამბეს“ განუცხადა, ახლა მოსახლეობა საცალფეხო ხიდით სარგებლობს.
„6 თვეა ვითხოვთ ხიდის შეკეთებას, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს. უკვე შეუძლებელია ასე ცხოვრება. რამდენიმე კილომეტრი უნდა შემოვიაროთ, რომ სახლში მანქანით მივიდეთ. ეს ხიდი ნაბეღლავის ქარხნისკენ რომ აფერხებდეს მოძრაობას, ხომ გააკეთებედნენ მეორე დღესვე?! ჩამოსული იყო არაერთი კომისია, ათვალიერებდნენ ადგილს, გვპირდებოდნენ დახმარებას და გვეუბნებოდნენ, რომ სახელმწიფოს თანხა ხიდის აღდგენისთვის გამოყოფილი ჰქონდა და სამუშაოები მალე დაიწყებოდა. მაგრამ, კონკრეტული ქმედებები არ ჩანს. როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და დაიწყება თუ არა საერთოდ, ჩვენთვის უცნობია. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ გაიქცა მშენებელიო და ჩვენ არაფერი არ ვიცით.“
„გურიის მოამბის“ ინფორმაციით, ხიდის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მეორე ადგილზე გასულმა სასამართლოში უჩივლა. გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის განცხადებით, საქმე ეხება პროცედურულ საკითხებს.
„ხიდისთავზე გამოცხადებული იყო ტენდერი, რამდენიმე კომპანია იღებდა ტენდერში მონაწილეობას. მე როგორც ვიცი, პირველ ადგილზე გასულ წამომადგენელს პრობლემები აქვს მეორე ადგილზე გასულთან. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვჩქარობთ, მაგრამ პროცედურული საკითხები იყო გასავლელი და უფრო დეტალურად ირაკლი გეტყვით“.
შეკითხვაზე, რეალურად რა არის ხელშემშლელი ფაქტორები და ხომ არ არის დაინტერესებული ვინმე კომპანიის საქმიანობის ხელშეშლით მხარის პირველი პირი ასე გვპასუხობს:
„რა ვიცი აბა, რა გითხრათ, მსგავსი უმსგავსო არც კითხვა გამიგია და ვერც პასუხს ვერ გაგცემთ. მანდ არის წმინდა პროცედურული საკითხი და აზერბაიჯანული კომპანია იქნება, ამერიკული თუ ქართული, ჩვენთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დროზე დაიწყოს პროექტი. დოკუმენტების წარმოჩენის დროს იყო პრობლემა და ესაა“.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ერთადერთი კომპანია, რომელმაც სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოადგინა შპს „ჯორჯიან ბილდინგია“. მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ირწმუნება, რომ შესყიდვის ობიექტზე მიმდინარე მოქმედებებში მუნიციპალიტეტი არანაირ კავშირში არაა.
“აღნიშნულ ობიექტზე ყველაზე დაბალი ფასი ტენდერის დროს, ჩვენ როგორც შემსყიდველს, შემოგვთავაზა შპს „შენი სტილი „ , რომელმაც ვერ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიიღო დისკვალიფიკაცია. შესყიდვების კანონმდებლობიდან გამომდინარე, გადავედით შემდეგ მონაწილეზე შპს „ჯორჯიან ბილდინგ კომპანია, რომელმაც წარმოადგინა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და იმყოფება ხელშეკრულების გაფორმების სტატუსში. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ხელშეკრულება ჯერ არ არის გაფორმებული. რაც შეეხება შესყიდვის ობიექტზე მიმდინარე მოქმედებებს, რადგან ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, მუნიციპალიტეტთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს”.
ფრაქცია „ალიანსის“ თავმჯდომარე, ირაკლი ახობაძე „გურიის მოამბე“ საუბარში აცხადებს, რომ კომპანია აკმაყოფილებს ტექნიკურ დოკუმენტაციას და ამ დრომდე უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება.
„სატენდერო კომისიის მესამე ოქმის თანახმად კომისიას დადგენილებაში წერია, რომ ის კომპანია აკმაყოფილებს ტექნიკურ დოკუმენტაციას და უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება. იმიტომ არ გაფორმდა, რომ რიგით მეორე ადგილზე მყოფმა კომპანიამ იჩივლა, სატენდერო საბჭოს გადაწყვეტილებით #4 ოლქში წერია, რომ დისკვალიფიკაცია მიეცა. სატენდერო კომისიამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება და გაიწელა. ეს საქმე ძალიან გავს კულტურის სახლის ტენდერს. მე ვფიქრობ, რომ არასწორად იქნა შედგენილი დოკუმენტაცია, რომ გაეფორმებინათ ხელშეკრულება და ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, არაპროფესიონალიზმის ბრალია“.
თეა იოსელიანი- გურია
მასალის გამოყენების პირობები






