ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გაბრიელი (კახელიშვილი) საპატრულო პოლიციის ათამდე თანამშრომელმა, დღეს, დილით, ჯერჯერობით დაუდგენელ ადგილას, სასტიკად სცემა.
ამის შესახებ მამა გაბრიელმა, "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს თავად განუცხადა.
სასულიერო პირი ამ წუთებში ოზურგეთის "მედალფას" კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება:
"მოვდიოდი ქობულეთიდან აცანის მიმართულებით, ლანჩხუთში გამაჩერა საპატრულო ეკიპაჟმა, ვუთხარი რომ ორი ჭიქა არაყი მქონდა მიღებული და ბოდიში მოვუხადე ამის გამო. ერთ ერთმა თანამშრომელმა მითხრა მანქანა გადააყენეო, მეც მივაყენე "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისთან, იქვე, ამ დროს თავს დამესხა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და ათამდე პოლიციელი, დამადეს ხელბორკილები, გადამიყვანეს მათ მანქანაში და თითქმის მთელი საათი უმოწყალოდ მცემდნენ, ვერ ვლაპარაკობ, პირიდან სისხლი მომდის, ყველა მცემდა, აი ესენი, ახლა რომ თითქოს მოწიწებით მექცევიან"-ყვებოდა მამა გაბრიელი მაშინ, როცა პოლიციელებს ხელბორკილდადებული, ის, ოზურგეთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში შეჰყავდათ.
მას შემდეგ რაც პოლიციელებმა "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლა აუკრძალა, სასულიერო პირი მედპერსონალს სთხოვდა დახმარებას.
მამა გაბრიელი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ პოლიციელებს დაეტოვებინათ ოთახი სადაც ის მოათავსეს.
სასულიერო პირი ტიროდა და ხმამაღლა ითხოვდა შველას, მისი განცხადებები დახურულ კარს მიღმა გარკვევით ისმოდა.
აცანის ეკლესიის წინამძღვარი მედპერსონალს პოლიციისგან დაცვას სთხოვდა.
ადგილზე მოგვიანებით მოვიდა რამდენიმე სასულიერო პირი, მანამდე კი 6 საპატრულო ეკიპაჟი.
სასულიერო პირებმა ჟურნალისტებთან განცხადებების გაკეთებისაგან თავი შეიკავეს.
ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, კონფიდენციალურად, "გურიის მოამბეს" გვაცნობა, რომ პოლიცია აიძულებს თავად სასულიერო პირს აღიარებას, თითქოს მან დაზიანებები თვითნებურად მიიყენა და ამ ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებისათვის, რამდენიმე ცრუ მოწმეც უკვე ჰყავთ.
ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციას სასულიერო პირი ლანჩხუთიდან რამდენიმე საათით ოზურგეთის ტერიტორიაზე ჰყავდათ გატაცებული და იქ სცემდნენ.
ამ ვერსიას ამყარებს თავად ის ფაქტი, რომ დაკავებულის დასახმარებლად ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა იქნა გამოძახებული და არა ლანჩხუთის, სადაც ეს ინცინდენტი მოხდა.
მომხდარზე კომენტარს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ აკეთებენ.
ამ წუთისათვის არც შსს-ს გაუკეთებია განმარტება აცანის ეკლესიის წინამძღვრის დაკავების გამო.
მასალის გამოყენების პირობები