დარიალის ხეობიდან იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით ის 70 ადამიანი გამოიყვანეს, რომელიც თავს მამათა მონასტერს აფარებდა.
ისინი ამ დროისთვის დაბა სტეფანწმინდაში იმყოფებიან.
დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა კალაპოტის ცვლილების შედეგად ადიდებულმა თერგმა წაიღო და ამჟამად მდინარე სამანქანო გზაზე მიედინება.
სპეციალისტების განცხადებით, გზის აღდგენას სულ მცირე ორი ან სამი კვირა დასჭირდება.
ადგილზე დილიდან მუშაობენ გეოლოგები, ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გოჩა ზეიკიძის განცხადებით, დიდი რაოდენობით ყინულიანმა ნალექმა ცენტრალური გზის 500 მეტრიანი მონაკვეთი დააზიანა. მისივე განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი საკმაოდ დიდია.
მასალის გამოყენების პირობები






