ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ჩინური კომპანია "ჩინეთის რკინიგზის" მუშები გაიფიცნენ. აღნიშნული კომპანია სუფსა-ხაჯალიის მონაკვეთზე სამუშაოებს ახორციელებს.
მუშების გაფიცვა, რომლებიც ადგილობრივები არიან, ხელფასების მომატებაზე გაცემულმა დაპირებამ გამოიწვია, რომელიც არ შესრულებულა.
როგორც სუფსის თემის დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძემ აცხადებს მოსახლეობა აღნიშნულ კომპანიას ხელფსის მომატებას სთხოვს, რომელზეც დაპირება უკვე მიღებული ჰქონდათ. ამ წუთებში 100- მდე მუშა ცენტრალური მაგისტრალიდან 100-150 მეტრის მოშორებით "საქმიან ეზოსთან" კომპანიის წარმომადგენელს ხვდებიან და პირობებს აცნობენ. დეპუტატის თქმით, მოსახლეობა პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციებით იმუქრება:
"მე პირადად ვიყავი მისული მათთან. როგორც კომპანიაში მომუშავე ადამიანებმა მითხრეს, მათ ხელფასის გაზრდას დაჰპირდნენ, თუმცა უშედეგოდ. ასევე ამბობენ, რომ კონტრაქტები არ აქვთ და არ იციან პირობები. მოსახლეობა პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან. ჩამოყალიბებული აქვთ მოთხოვნები, ელოდებიან მოლაპარაკების შედეგს, თუ მათი პირობები არ დაკმაყოფილდა, მოსახლეობა აქციებს პერმანენტულ სახეს მისცემენ და ამბობენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ."- განაცხადა დეპუტატმა.
ბლაგიძის ინფორმაციით შეხვედრაზე, სადაც მოსახლეობა კომპანიის წარმომადგენელებს ხვდება, ასევე იმყოფება გამგებლის წარმომადგენელიც . მისივე ინფორმაციით სიტუაციის გასარკვევად ადგილზე გუბერნიის წარმომადგენლებსაც ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






