ამ ქუჩაზე ძირითადად ორსართულიანი შენობები დგას. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობები კომუნისტების დროს აშენდა. მრავალწლიანი ბინები უკვე ამორტიზებულია. ჩამონგრეულია კედლები, საიდაც წვიმის დროს წყალი ოთახებში შედის.
იქ, სადაც საცხოვრებელი კორპუსები დგას, არათუ ასფალტი, მოხრეშილი გზაც არაა. ადგილობრივების თქმით, გადაადგილება განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში ჭირს: „ამ დროს გადაადგილება არათუ ფეხით, მანქანითაც შეუძლებელია. აქ არც სათამაშო მოედნებია ბავშვებისთვის და არც დასასვენებელი ადგილი“- აცხადებენ ქუჩის მცხოვრებლები.
„აქ უამრავი პრობლემაა, მათ შორის გზა არის შესაკეთებელი. იგი წლების განმავლობაში გაფუჭებულია და არავინ აქცევს სათანადო ყურადღებას. ამაოდ ველოდებით გაკეთებას. კანალიზაციის ჭები მოძველებულია, უმოკლეს ხანში ესაჭიროება გამოცვლა. ზაფხულობით ისეთი საშინელი სუნი დგას ეზოში, რომ აქ გაჩერება ყოვლად შეუძლებელია. ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ არჩევნებამდე რომ გაგხსენდება ამომრჩეველი და მერე ყურადღებასაც არ აქცევ. გზა, რომ არ არის, ყველამ კარგად ვიცით, მაგენი რისი გამკეთებელი არიან?! არ მაქვს იმედი, ამ დასახლებაში მოაგვარონ პრობლემები. იცით, რაშია საქმე ოქტომბერში არჩევნებია დანიშნული და უეჭველი ამ მოვლენას უკავშირებენ. ესე იგი, თუ ხმას მოგვცემთ გზას გაგიკეთებთო. არჩევნებამდე მოდიოდნენ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. პირობას იძლეოდნენ, რომ გააკეთებდნენ გზას, წყალს, მაგრამ არჩევნები დამთავრდა და ჩვენი გასაჭირიც დაავიწყდათ“.
მოსახლეობისთვის უცნობია, რატომ ვერ იცლის ქალაქის მერია მათი პრობლემის მოსაგვარებლად. ადგილობრივები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, დასახლება წინასაარჩევნოდ ახსენდებათ და ამ პროცესებთან დაკავშირებული პოლიტიკური ციებ-ცხელების შემდეგ, ეს ქუჩაც ავიწყდებათ და გაჭირვებაში მყოფი ხალხიც.
„ახლაც გვატყუებენ და გვეუბნებიან, გაკეთდება გზაო, მაგრამ არაფერი არ არის. ქალაქის მერიაში რამდენჯერმე შევიტანეთ განცხადება და პასუხი ჯერ არ მოუციათ. ჩამოწყდა ეს წვიმის მილები, ჩამოინგრა, მოვიდნენ, დაითვალეს რამდენი იყო გაფუჭებული და არ მოსულა მერე არავინ. მით უმეტეს, ჩვენ დასახლებაში სოციალურად დაუცველები არიან, ბავშვები არიან, მიუხედავად იმისა, ხშირად ამბობდნენ, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში ასეთი კატეგორიის ოჯახებს მივხედავთო, მერე არავის გახსენებია. პრობლემაა კიდევ ის, რომ წყალი არ გვაქვს. მაგრამ არავინ არ დაინტერესებულა. აქ წყალი საერთოდ არ არის და ჭებიდან ვსარგებლობთ. არც კანალიზაციის საკითხი მოაგვარეს. ახლა გვეუბნებიან, რომ გავაკეთებთ ამ გზას, მაგრამ არავინ არ ჩანს ჯერ“ . - ამბობს ჩოხატაურის ქუჩაზე მცხოვრები, ნაზი ვაჩეიშვილი და აცხადებს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე არსებული პრობლემის მოგვარებისთვის მერიას წერილობით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ქალაქ ოზურგეთის მერიიდან ადგილობრივებს პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
„ალბათ არჩევნებს უცდიან. განცხადებით რომ გვაქვს დაწერილი მერიაში, გვეუბნებიან, იქნება, მაგრამ ხედავთ რას გავს ეს გზა. აპრილის თვეში დაგვპირდნენ- არ არის. ივნისის თვე დაგვპირდნენ-არც ახლა არ არის. აგერ ახლა, დეპუტატს ვირჩევთო და ცოტა მოასწორეს გზა, მარა ახლა ისევ გაფუჭდა უარესად. გაზი გვაქვს, მაგრამ ძალიან გაჭირვებულია ოჯახები, ვერ შეიყვანეს სახლში. ძველისძველი კანალიზაცია გვაქვს, რომელიც გაკეთებას საჭიროებს. გაუსაძლის დღეშია ხალხი, უმუშევარია ყველა და თავის სარჩენად თურქეთში დადიან. რომ დაპირდებიან მოსახლეობას, ის დანაპირები უნდა შეასრულო, მოვა ოქტომბერში არჩევნები და ვნახოთ რა შედეგს მიიღებენ“.
ადგილობრივები მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ მოსახლეობის იმედები ვერ გაამართლა.
„ჩვილი ბავშვი მყავს, ორი წლის. ნახეთ რა ცუდი პირობები გვაქვს, ფანჯრებს ვერ ვაღებ, ჩამოყრილი მაქვს. კარების ნაცვლად, ფარდები მაქვს ჩამოკიდებული. სოციალურ დახმარებას კი ვიღებ, მარა მაინც არ არის საკმარისი. სამი წლის პენსია წინასწარ გამოტანილი მაქვს, არანაირი საშუალება არ გამაჩნია. სამსახური არ აქვს არავის ჩემ ოჯახში, სხვა არანაირი შემოსავალი არ არის.“. - ამბობს ეთერ მგალობლიშვილი.
ქალაქ ოზურგეთის მერიაში განმარტავენ, რომ ჩოხატაურის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პროექტი უკვე არსებობს.
„ჩოხატაურის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პროექტი უკვე არსებობს, რომლის ღირებულება 179 380 ლარს შეადგენს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანხის მობილიზაციისთანავე აღნიშნულ ქუჩაზე სარებილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაიწყება“.
„ამ ქუჩის მოსახლეობა ჩემი ამომრჩეველი არ იყო,გეტყვით რომ მე ეკლესიის მიმდებარე ტერორიტორიის მოწესრიგებას დავპირდი მრევლს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ისე შემიძლია გითხრათ, რომ პირველივე საკრებულოს სხდომაზე განვიხილეთ ეს საკითხი და მზად არის პროექტი, რომელიც ამ ქუჩის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.“ - აცხადებს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე.
თეა იოსელიანი-გურია
მასალის გამოყენების პირობები






