დღეს საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის დედამთილი დაკითხეს. პროცესს არც ამჯერად ჩაუვლია ხმაურის გარეშე. რძალ-დედამთილს შორის პროცესზე დაპირისპირება მოხდა.
დარეჯან მინდიკაურმა პაპიძისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ის აცხადებს, რომ ქალმა შვილი საკუთარი ხელით გაგუდა.
"შენ დედა არ ხარ და რატომ გინდა დაგვიმტკიცო, რომ დედა ხარ? შენ ეს არ უნდა გაგეკეთებინა - მიმართა ომარ ქაფიაშვილის დედამ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს.
მისი თქმით, 5 წლის თორნიკეს დედის სიყვარული აკლდა.
"თორნიკეს სითბო აკლდა, შენ რომ აუკივლდებოდი და კიოდი, ბავშვი იყო დაფეთებული. ამბობდი, ჩემი შვილია და როგორც მინდა ისე გავზრდიო"- თქვა სასამართლოზე მინდიკაურმა და პაპიძეს ასე მიმართა: „ნუ მსახიობობ“.
ომარ ქაფიაშვილის დედა დაინტერესდა ესიზმრება თუ არა 5 წლის შვილი მაგდა პაპიძეს, რაზეც განსასჯელმა თქვა, რომ მისი შვილი სულ მასთანაა.
„თორნიკე მესიზმრება კი არა, სულ ჩემთანაა. ყოველდღე მნახულობს მამაო და მეუბნება, რომ მათი სულები ცოცხალია“ - აღნიშნა მან.პაპიძის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, მინდიკაურმა კი რძალს მიმართა:
„აღსარება ჩააბარე? შენ რა უფლება გაქვს შავები გეცვას? მთელი ცხოვრება ასეთი მსახიობი იყავი. 8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა? მაგდა, ცხოვრებაში ფიქრობ, რომ ამაზე მეტად ვინმეს შეუყვარდებოდი, როგორც ამ ორ ადამიანს უყვარდი?“ - მიმართა დარეჯან მინდიკაურმა მაგდა პაპიძეს.
მკვლელობაში ბრალდებულმა სიტყვით გამოსვლისას ყუდადღება მის უდანაშაულობაზე გაამახვილა.
"ამ ხელზე ომარის სისხლი მქონდა და სულ ვკოცნი, მე არაფერი ჩამიდენია“, - განაცხადა მაგდა პაპიძემ.
მინდიკაურმა სასამართლოზე სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პაპიძემ შვილს, თორნიკე ქაფიაშვილს მუხლთან დაზიანება მაკრატლით მიაყენა.
"თორნიკეს ცხედარი ექსპერტ კრიმინალისტებმა დაათვალიერეს და ერთი დაზიანებაც არ ჰქონია. რომელ დაზიანებაზე ლაპარაკობ შენ" - უყვირა პაპიძემ დედამთილს, რის შემდეგაც მკვლელობაში ბრალდებული დარბაზიდან ბადრაგმა გაიყვანა.
მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქალაქო სასამართლოში დღეს დილით განახლდა. გუშინ სასამართლო პროცესზე პაპიძის მეგობარი ოთარ ბერძენიშვილი დაკითხეს.
მასალის გამოყენების პირობები






