ზუსტად ოცი დღის წინ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ე.წ საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასტიკად მოკლეს გალისრაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი, გიგა ოთხოზორია.
მედიით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც ოთხოზორიას თავში საკონტროლო ტყვია დაახალა. (გარდაცვლილს ასევე 2 ტყვია ფეხში, 3 - მუცელში, ერთი კი თავში ჰქონდა ნასროლი). საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს რაშიდ კანჯი-ოღლის წითელი ცირკულარით ძებნის დაწყების თხოვნით მიმართა, თუმცა ამ რეზონანსულ საქმეზე ძვრა არ ჩანს.
„ნიუპოსტი“ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მეუღლეს ნინო ოთხოზორიას ესაუბრა:

„მკვლელობის ადგილზე პირადად ვიყავი, ბოლომდე მჯეროდა და ველოდი, რომ აი, ამ მკვლელობის შემდეგ, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდებოდა და ქართველი სამართალდამცავები პატრულირებას დაიწყებდნენ. ღმერთმა არავის დამართოს ის, რაც ჩვენ დაგვემართა, თუმცა ამისგან დაზღვეული არავინ არ არის, იმ პირობებში, როცა ხურჩა ფაქტობრივად ქართველი სამართალდამცავების მხრიდან არ კონტროლდება, რასაც ვერ ვიტყვი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისინი საზღვარს ინტენსიურად აკონტროლებენ და ქართველებს არ უშვებენ აფხაზეთში, თუ ე.წ აფხაზური პასპორტი არ აქვთ“, - აღნიშნა ოთხოზორიას მეუღლემ.
ნინო ოთხოზორიამ მისი მეუღლის მკვლელობის მიზეზზეც ისაუბრა, გიგას ქვრივი კიდევ ერთხელ მიმართავს იმ პირს, რომელსაც მკვლელობამდე ოთხოზორია გამოესარჩლა.
„ჩემი მეუღლე შეესწრო ინცინდენტს, როცა აფხაზები ქართველს შეურაცხყოფას აყენებდნენ და გამოესარჩლა გიგა ადამიანის აბუჩად აგდებას, დედის გინებას არ შეეგუა, გამოესარჩლა ამ პიროვნებას, რის შემდეგაც ასე სასტიკად მოკლეს კიდეც. ის პირი კი დღემდე არ გამოჩენილა ჩვენთან. არ ვთხოვ ტელეკამერებით მოვიდეს, ჩუმად უხმოდ გამოჩნდეს და დაგველაპარაკოს“- განაცხადა ნინო ოთხოზორიამ.
მოკლულის მეუღლე არ ფლობს ინფორმაციას კანჯი-ოღლის დაკავების შესახებ. ოთხოზორიები "ჩვენი სამშობლოს" ლიდერის ზვიად ჩიტიშვილისგან, რომელმაც გუშინ თქვა, რომ მკვლელი დაკავებულია, მტკიცებულებების წარმოდგენას ელიან.
„სიმართლე გითხრათ, პირადად მე მინდა რომ გიგას მკვლელი დაკავებული იყოს, რადგან როგორც ვიცი უამრავი ცოდვაა მის კისერზე და ადრე თუ გვიან გამოასალმებენ სიცოცხლეს და შეიძლება ის ჩვენ მოგვაწერონ“, - აღნიშნა მან.
ოთხოზორიას ქვრივმა სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ოჯახის დასახმარებლად სოლიდური თანხები გაიღეს.
„საუბარი იყო 100 ათასი ლარის ჩარიცხვაზე, ეს სიმართლე არ არის. ნამდვილად გადმორიცხეს კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების პირებმა გარკვეული თანხა, თუმცა არა იმ რაოდენობის რაზეც ითქვა. რაც შეეხება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ჩვენ დევნილები ვართ და ბინების მიღებას ისედაც ველოდით. ამ ეტაპზე საცხოვრებელს სოციალურად დაუცველები იღებენ, შესაბამისად, რიგში არ ვიყავით, ალბათ ამ ამბის შემდეგ პროცესს დააჩქარებენ“- განაცხადა გიგა ოთხოზორიას მეუღლემ.
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლულ ახალგაზრდა კაცს მოხუცი დედ-მამა, 30 წლის ცოლი და 11 წლის ქეთი და 7 წლის აკაკი დარჩა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






