,,მძიმე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყანაში სასკოლო სახელმძღვანელოების სტანდარტზე საუბარი მავანს შესაძლოა არასერიოზულად მიაჩნდეს, თუმცა მერწმუნეთ არც თუ უმნიშვნელოა. მძიმე სასკოლო სახელმძღვანელოები პირდაპირ დარტყმას აყენებს მომავალი თაობის ჯანმრთელობას. მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ექიმები ერთხმად აღიარებენ, რომ ბოლო ათწლეულში საყრდენმა მოძრავებელი სისტემების პათოლოგიამ 90% პროცენტს მიაღწია, რისი ერთ-ერთი გამომწვევი მთავარი მიზეზიც სწორედ მძიმე სასკოლო წიგნები და უცოდინრად, მხოლოდ მოდური დიზაინით შერჩეული სასკოლო ჩანთაა. ზრდასრულ ასაკამდე განათლების მძიმე ტვირთი სახიფათოა მოსწავლეთა ჯანმრთელობისთვის და იწვევს ჯერ კიდევ ხრტილოვანი, ჩამოუყალიბებელი ხერხემლის, გულმკერდის ღრუს, ბეჭებისა და ტერფების დეფორმაციას, ზრდაში ჩამორჩენას, გულ-სისხლძარღვთა და სისხლის მიმოქცევის სისტემის მოშლას, რაც თავის მხრივ იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ხერხემლის დეფორმაცია ე.წ. სქოლიოზს, ჩამოშვებულ ბეჭებს, ბრტყელტერფიანობას, სისხლის მიმოქცევის სისტემის მოშლას, კუნთების, მყესების დაჭიმვას, მოდუნებას და მრავალ სხვა დაავადებას.
ექიმი-პედიატრი ნუნუ გიგოშვილი ადასტურებს, რომ: ,,სქოლიოზს ძირითადად სწორედ სიმძიმეების ტარება იწვევს. ხშირია ცალმხრივი სქოლიოზი, როცა მოსწავლეს ცალ გვერდზე აქვს ზურგჩანთა. ასევე, აძლიერებს შეძენილი ბრტყელი ტერფის პროვოცირებას, რადგან 5 წლის შემდეგ ისმევა დიაგნოზი ბრტყელი ტერფის შესახებ და ამავე ასაკის შემდგომ სიმძიმის ტარება იმ ბავშვებში, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ბრტყელტერფიანობისკენ, ხელს უწყობს ბრტყელი ტერფის განვითარებას. ეს არის ერთ-ერთი ხელშემწყობი, მაპროვოცირებელი ფაქტორი ამ დაავადებების კვების თუ ჯდომის არასწორ რეჟიმთან ერთად“ (სამოქალაქო პრესა - CIVIL PRESS).
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მანანა რუხაძის განმარტებით: ,,ნორმატივი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებდა საქართველოში არ მოქმედებს. მოხერხდა მხოლოდ ერთი წიგნის „ბავშვთა ჰიგიენა“ მოძიება, რომლის მიხედვითაც 9 წლამდე ასაკის ბავშვის ხელჩანთა 2–3კგ-ს, ზურგჩანთა კი 3–5კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, „სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესში“ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №19/ნ, 2010 წლის 15 მარტი) სახელმძღვანელოს წონის შესახებ არაფერი წერია, მოთხოვნების გრძელ ჩამონათვალში ეს პუნქტი არ შედის“ (For.ge).
ორთოპედ რუსუდან მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ: ,,12 წლის ბავშვისთვის მაქსიმუმ 2.5კგ ტვირთის ტარებაა რეკომენდებული. მძიმე სასკოლო ჩანთების ტარებისას ასევე შეინიშნება მყესების დაჭიმვა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გააქტიურება და სხვ.“
ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი „ალიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ: ,,ბავშვების 80%-ს პრობლემა აქვს ხერხემალზე და ეს მძიმე ჩანთებმა გამოიწვია. წიგნები სხვა ფორმატით უნდა დაიბეჭდოს. (MediaMaill.ge)“.
აღნიშნული პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, სწორედ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით 2016 წლის 23 მარტს პრეზიდენტის (KA000075097498816), პრემიერ მინისტრის (N15897) და განათლების მინისტრის სახელზე შეიქმნა პეტიცია სახელწოდებით: „მძიმე სასკოლო სახელმძღვანელო და ჩანთა ვნებს ბავშვის ჯანმრთელობას!", რომელზეც ხელმომწერნი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის წარმატებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით ვითხოვდით ქმედით ნაბიჯებს 2016/17 სასწავლო წლისათვის.
სამწუხაროდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უმნიშვნელო აღმოჩნდა პეტიციის ხელმომწერთა მოთხოვნა. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ქეთევან გრიგოლიასგან მიღებულ ზედაპირულ და ტრაფარეტულ პასუხში (MES 81600539799) არაფერია ნათქვამი კონკრეტულ ვადებსა თუ ქმედით ნაბიჯებზე იმის და მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ 2013 წლის 11 აპრილს განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ სამინისტრო იზრუნებდა სასკოლო წიგნების ზომის და მოცულობის შემცირების თაობაზე: „ჩვენ ვმუშაობთ სტამბებთან, რომ მოხდეს სახელმძღვანელობის დაშლა მცირე ერთეულებად, რათა ბავშვები არ იყვნენ განწირულნი სქოლიოზისთვის“. იმავე წლის 3 ივნისს გიორგი მარგველაშვილი პირადად დაესწრო გაერთიანებულ ქართულ სტამბაში სასკოლო წიგნებით ბეჭვდის პროცესს, ხოლო პოსტის დატოვებამდე მას უკვე შერჩეული ჰქონდა წიგნებიც და სტამბაც, თუმცა, მხოლოდ პირველკლასელთათვის საბეჭდი ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხის გაუმჯობესების გარდა, რეალური ცვლილებები სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით არ განხორციელებულა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან პეტიციაზე პასუხის მოლოდინში ვიმედოვნებდით, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებიდან 6 წლის თავზე მაინც შეწუხდებოდა განათლების სამინისტრო და კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოსწავლეები 2016-2017 სასწავლო წლისათვის მაინც მიიღებდნენ ახალ, შინაარსობრივად დახვეწილ, თანამედროვე სტანდარტებთან გაიგივებულ თუ არა ახლოს მდგომ წიგნებს, თუმცა ამაოდ. მიღებულ პასუხი მოკლებულია ყოველგვარ კონკრეტულობას.
მართალია, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მხოლოდ გრიფირებული სახელმძღვანელოები გამოიყენება და გრიფის მოქმედების განმავლობაში სახელმძღვანელოს შინაარსში რაიმე სახის ცვლილები პრაქტიკულად ვერ განხორციელდება გრიფის მინიჭებიდან 6 წლის განმავლობაში (ბრძანება N30/ნ ბრძანების, 2011 წლის 25 თებერვალი), თუმცა პეტიციაზე ხელმომწერნი კონკრეტულ შემთხვევაში ვითხოვდით არა თემატურად წყვეტილი, არასრული (ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიის და სხვა მეცნიერებების) და სასწავლად უვარგისი, გაუმართლებელი სახელმძღვანელოების შინაარსობრივ ცვლილებებს, არამედ მათი წონის მსოფლიოს სტანდარტებებამდე დაყვანას.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ქეთევან გრიგოლიას წერილში აღნიშნულია, რომ: ,,მომავალში სასკოლო ჩანთების ,,განტვირთვის“ მიზნით, სამინისტროსა და სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობის შედეგად გადაიხედა და შეიქმნა სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრები (პროექტი), რომელშიც სხვა ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, გათვალისწინებულია სახელმძღვანელოს მაქსიმალური მასის (წონის) შეზღუდვა შესაბამისი კლასების მიხედვით. ამ ეტაპზე აღნიშნული პროექტისთვის სავალდებულო ძალის მისაცემად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
ამასთან, დავძენთ რომ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვით მომზადდება სასკოლო სახელმძღვანელოს ტექნიკური რეგლამენტი, რომელშიც გარდა სასკოლო სახელმძღვანელოს, როგორც გამოცემის ტექნიკური მახასიათებლებისა, განსაზღვრული იქნება შეფასების მეთოდოლოგიური მხარეებიც.“
ყოველივედან გამომდინარე რთულია ირწმუნო იმ სამინისტროს წარმომადგენელთა თუმდაც ზედაპირული განცხადებები, რომლებმაც ვერ შესძლეს ჯერ კიდევ 2013 წელს შერჩეული შედარებით მცირე წონიანი სასკოლო წიგნებით ძველი სახელმძღვანელოების ჩანაცვლება, რასაც დღემდე ეწირება ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ჯანმრთელობა და რაც წლების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწევთ მათ ოჯახებს”.
მასალის გამოყენების პირობები






