გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს დიღმის მასივის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 კვარტლების სხვადასხვა კორპუსებთან, ასევე დიდუბის რაიონში რამდენიმე ქუჩაზე.
დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, შ. იამანიძისა და ი. ევდოშვილის ქუჩებზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა წერეთლის გამზირ N8-10-ში, ასევე დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსთან.
თბილისში მოსული უხვი ნალექების გამო, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეფერხება შეექმნა, ამის გამო საჭირო გახდა სამუშაო ბრიგადების დამატება, რომლებიც ღამის საათებშიც მუშაობენ.
ყველა მისამართზე დიდუბის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და პროექტირების განყოფილების მიერ მომზადდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ობიექტებზე ყველა სახის სამუშაოს განხორციელებას.
28 ობიექტზე გათვალისწინებულია ახალი ბორდიურების მონტაჟი, ტროტუარების მოასფალტება, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და საკომუნიკაციო ჭების გზის ნიშნულამდე მიყვანა.
დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესი ა(ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






