ჩვენი ინფორმაციით დღეს დილით წყალტუბოში მოქალაქე თემურ გ.-მ ერთი პირი დაჭრა და მიიმალა. შემთხვევა ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თემურ გ-ს შელაპარაკება მოუვიდა ბენზინგასამართ სადგურზე მყოფი ევაკუატორის მძღოლთან, რის შემდეგაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელი დაადგინეს. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას კი ეჭვმიტანილმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა რა დროსაც ფეხის არეში დაიჭრა რევაზ ქობულია.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით დაჭრილია თვითონ თემურ გ-ც. ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ თემურ გ ნასამართლევია და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა.
ფაქტს შს სამინისტროს პრესსამსახურიც ადასტურებს. უწყების ცნობით, ეჭვმიტანილის აყვანის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა წყალტუბოს პოლიციის უფროსი.
მღებრიშვილის უწყების ცნობით, საპასუხო სროლისას დაიჭრა თავად თემურ გ. ამ დროისთვის ორივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები