მედიაზე ზეწოლისა და მისი თავისუფლების ხარისხის განსაზღვრაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ჟურნალისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მსჯელობენ.
თემის შეფასებისას „ტაბულას“ მთავარმა რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ მედიამ თავისუფლება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაკარგა.
ჩერგოლეიშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ „ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2 წაიღოს, მათ უნდა გადაუაროს“:
„მედიაზე ზეწოლა არ დაწყებულა არც „მაესტროში“ ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას გაშვებით, არც რეაქციის დახურვით, მედიაზე ზეწოლა დაიწყო ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემების დახურვით „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, რომელსაც წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის მუქარა, ვიდრე ის ხელისუფლებაში მოვიდოდა, მან პირდაპირ თქვა, რომ ეკა კვესიტაძისა და პაიჭაძის გადაცემებს დახურავდა, ესეთი მუქარა იყო და შესრულდა კიდეც, უბრალოდ მაშინ თაფლობის თვე ჰქონდა ახალ ხელისუფლებას მოსახლეობასთან, ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან, მედიის მნიშვნელოვან ნაწილთანაც და აქედან გამომდინარე, ეს თემა არ აიწია სათანადოდ ჰაერში, ეთერებშიც, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ შევახსენო საზოგადოებას, რომ მედიაზე ზეწოლა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. არც მანამდე იყო მედია თავისუფალი, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ ახლა უკეთესი მდგომარეობაა, ეს იყო აბსურდი. ნაციონალების „სისხლიან“ 8 წელს რომ შევადაროთ, პირველი ვადის განმავლობაში არსებობდა უკიდურესად კრიტიკული იმედი, რომელიც ფუნქციონირებდა და მას არავინ შეხებია. თუმცა, შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა, ძალიან ცუდად იყო პროცესი ორგანიზებული, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი აბსოლუტურად განსხვავებული იყო და ამის შედეგად პრეზიდენტი გადადგა.
გვახსოვს, როცა რუსთავი 2-ის თემა განსაკუთრებით გაცხელდა, ამ ბატალიებს გადაყვა პრემიერი, დაინიშნა ახალი პრემიერი, რომელიც ჩემს ფანჯარასთან რომ მტრედი ზის, ისე ღუღუნებს, გვეთანხმება ყველაფერში რასაც ვამბობთ, გმობს ძალადობას ჩვენთან ერთად, ითხოვს მოგების გადასახადის გაუქმებას, მაგრამ კეთდება აბსოლუტურად საპირისპირო, რადგან ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მარიონეტი. რაში მდგომარეობს კვირიკაშვილის ეფექტი? სასამართლოზე ზეწოლა გრძელდება, რუსთავი 2 ამის ნათელი მაგალითია, კაბელების საქმე ამის ნათელი მაგალითია, პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობა გრძელდება, როგორც ღარიბაშვილის დროს ხდებოდა, ამის ნათელი მაგალითია კორცხელის შემთხვევა და ფაქტია, რომ კალაძემ აჯობა პრემიერს. ამ პრობლემების სათავე არის ბიძინა ივანიშვილი, მას წარმოუდგენლად მიაჩნია არჩევნების მოგება რუსთავი 2-ის დახურვის გარეშე, შესაბამისად, ის მზად არის, მისთვის უდიდეს რისკზე წავიდეს და ეგებ სასამართლოს გზით სცადოს რუსთავი 2-ის ცახშობა. ეს არ გამოვა, ვერ წაიღებს რუსთავი 2-ს, ამისთვის ჩვენ გვაქვს დრო, დავდგებით და ჩვენ უნდა გადაგვიაროს მაშინ, შეუძლებელია“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






