ე.წ. კაბელების საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებას მესამე სექტორი ეხმაურება. მათი განმარტებით, სარეზოლუციო ნაწილიდან ჩანს, რომ განაჩენი დასაბუთებული არ იქნება. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ პროკურატურამ უტყუარი, დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.
„პროკურატურამ სასამართლო განხილვის დროს ვერ წარმოადგინა უტყუარი, დამაჯერებელი და აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალის სინამდვილეში. გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ვერანაირად ვერ იქნება დასაბუთებული და მოცემულ სიტუაციაში, ბატონი ირაკლის განცხადება, რომ ჯერ თვალით არ გვინახავს განაჩენი, არც არის საჭირო განაჩენის ნახვა, უკვე სარეზოლუციოდან და იმ მტკიცებულებებიდან, რომელიც გამოქვეყნდა, ნათლად ჩანს, რომ განაჩენი იქნებადაუსაბუთებელი. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები დღეს სხედან ციხეში“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ირაკლი შოთაძე გუშინ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა და მათ საქმის დეტალები გააცნო. მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ მიმდინარეობს საქმის პოლიტიზირების მცდელობა მაშინ, როცა განაჩენი „ჯერჯერობით თვალით არავის უნახავს“.
მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გააკეთა და შეხვედრას სრულყოფილი და ამომწურავი უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






