- მაყურებელმა ძირითადად სერიალებით „ჩვენ გვერდით“ და „შუა ქალაქში 20 წლის შემდეგ“ გაგიცნოთ. მანამდე რა ხდებოდა?
- მანამდე ძირითადად სულ თეატრში ვიყავი დაკავებული.
- ალბათ დამეთანხმებით, რომ რაც არ უნდა ბევრი გქონდეს გაკეთებული თეატრში, გამოჩნდები თუ არა ერთხელ ეკრანზე, მაშინვე ფარავს იმ შრომას, რაც სცენაზე მუშაობას სჭირდება.
- პოპულარობის მხრივ კინო ძალიან მაგარია, თუმცა მე თეატრი უფრო მიყვარს. თან მითუმეტეს, სერიალში იმ სახეს ვერ შექმნი, რაც შეგიძლია რომ თეატრში შექმნა. სერიალი, გინდა არ გინდა, უფრო ზედაპირულია და სტერეოტიპულ როლებს თამაშობ. სერიალში მხატვრული ღირებულების სახე რომ შექმნა, ჩვენთან ჯერჯერობით ეგ ფუფუნება არ არის.
- სერიალში „ჩვენ გვერდით“ მოძველბიჭო პერსონაჟი განასახიერეთ. რეალურად როგორია გიორგი ჯიქია?
- რეალურად ძველი ბიჭი რომ არ ვარ ფაქტია, რადგან მსახიობი ვარ...
- რატომ, მსახიობიც ხომ შეიძლება იყოს ძველი ბიჭი?
- მსახიობი ძველი ბიჭი მე არ მინახავს. ან მსახიობი უნდა იყო ან ძველი ბიჭი. შეიძლება „ბაბულიკა“ მსახიობებიც იყვნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე არც „ბაბულიკა“ ვარ და არც ძველი ბიჭი. ჩვეულებრივი ბიჭი ვარ.
- ასეა თუ ისე სერიალებმა პოპულარობა მოგიტანათ. როგორია უცნობი ადამიანების რეაქცია თქვენს დანახვაზე?
- უი, ეს ის არ არის, შმაგი შუა ქალაქიდან? მსგავსი რაღაცეები ხშირად გამიგონია. პირველი შემთხვევა მახოვს ძალიან კარგად. ბაკურიანში მყავდა ბავშვი წაყვანილი ზაფხულში. ატრაქციონზე დავსვი, სადაც კიდევ ორი უცნობი ბავშვი იყო. ცოტა დავიძაბე, ვერ მივხვდი რა უნდოდათ. ჯერ მეგონა მეჯღანებოდნენ, მერე გავიგე შმაგის რომ ახსენებდნენ და მივხვდი სერიალიდან მიცნეს. ქალაქში რომ ვმოძრაობდი და მაკვირდებოდნენ, პირველად ვერ ვხვდებოდი რატომ მიყურებდნენ. მერე უკვე ყურადღებას ნელ-ნელა შევეჩვიე.
- მსახიობის პროფესიის გყავთ კიდევ ვინმე ოჯახში?
- არა, პირველი მე ვარ. მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა და ამიტომ ოჯახმაც მშვენივრად მიიღო ჩემი არჩევანი, მითხრეს, რაც გინდა ის ქენიო. მინდოდა ან ექიმი გამოვსულიყავი ან მსახიობი.
- არასდროს გინანიათ არჩევანი? მაინც სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა. თუ რეჟისორმა ვერ შეგამჩნია, არც როლი გექნება.
- მართლა ძალიან დამოკიდებული პროფესიაა, კი. რაღაც მომენტში შეიძლება თქვა, რატომ ჩავაბარე, რა მინდოდა ამ პროფესიაში-მეთქი, მაგრამ პროფესიის გამო დეპრესიაში რომ ჩავვარდნილიყავი, ასეთი რამ არ ყოფილა.
- რომ არა მსახიობი, ვინ იქნებოდით?
- რომ არა მსახიობი, ალბათ ექიმი ან გამომძიებელი ვიქნებოდი. ორივე საინტერესო პროფესიაა.
- როგორც მსახიობისთვის რომელი უფრო დიდი სიამოვნებაა, პრემიერა თუ რიგითი სპექტაკლის თამაში?
- ემოციურად პრემიერა უფრო მაღალ გრადუსზეა, რადგან მღელვარებაც დიდია, თუმცა ჩემთვის პირადად რეპეტიცია უფრო დიდი „კაიფია“. რეპეტიციის დროს ყალიბდება ყველაფერი და ძიების პროცესიც მაგ დროა არის.
- ყველა ადამიანს აქვს პრინციპები, რომელსაც ზოგი არღვევს, ზოგი არა. როგორ ფიქრობთ, რა შემთხევაში შეიძლება ადამიანმა დაარღვიოს საკუთარი პრინციპები?
- მე თუ მკითხავ ადამინმა პრინციპები უნდა დაარღვიოს. მაგალითად, ორი წლის წინ ცნობიერებიდან და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, რა პრინციპებიც მქონდა, დღეს შეიძლება იგივე პრინციპები არ მქონდეს, რადგან ცნობიერება იზრდება და იცვლება. აქედან გამომდინარე, ის პრინციპები უკვე დარღვეული მაქვს. ჩარჩოები ცნობიერებასთან ერთად ირღვევა. ადამიანს პროგრესი თუ არ აქვს დაღუპულია მაშინ, დეგრადაციას განიცდის. ასე რომ პრინციპების მსხვრევა და ნგრევა საჭიროა.
- რამდენად მარტივია თქვენთან ურთიერთობა?
- რომ გითხრა ადამიანებთან მარტივად შევდივარ კომუნიკაციაში-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ როცა შევალ, მერე უკვე ძალიან მარტივია ჩემთან ურთიერთობა.
- ანუ იმ ადამიანთა კატეგორიას არ მიეკუთვნებით, ვისაც უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვს.
- ამის არც პრობლემა მაქვს და არც კომპლექსი, უბრალოდ ჩემთვის ასეთი რამ უინტერესოა და შეიძლება რაღაც მომენტში დისკომფორტიც შემექმნას. როცა არ მაინტერესებს და ძალით ვინტერესდები ვწუხდები და არ მინდა.
- მაყურებელმა უკვე იცის როგორი მსახიობი ხართ. თუმცა არ იციან როგორი მამა და მეუღლე ხართ.
- ძალიან ჩვეულებრივი... მოსიყვარულე მამა და მეუღლე ვარ.
- ეჭვიანი ქმარი არ ხართ ყოველ შემთვევაში...
- არა... მსახიობი ვარ და როგორ შეიძლება ეჭვიანი ვიყო?
- რატომ? მგონი ყველაზე მეტად ეჭვიანები სწორედ მსახიობები არიან.
- გააჩნია რა შემთხვევაში. ოჯახში ნამდვილად არ ვარ, რადგან საბაბი არასდროს მქონია ამის.
- მეუღლე მსახიობია?
- სამსახიობო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ ამჟამად არ არის დაკავებული თავისი პროფესიით.
- რამდენი შვილი გყავთ?
- ერთი. მეორეს ივლისის ბოლოს ველოდებით.
- თეატრში რა ხდება?
- ძალიან ბევრი სპექტაკლი გვაქვს რეპერტუარში, აქედან 8 სპექტაკლში ვთამაშობ. თითქმის კვირაში 4-5 დღე დაკავებული ვარ. ივნისიდან ალბათ ახალ სპექტაკლზე დავიწყებთ მუშაობას ახალი სეზონისთვის, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა იქნება.
- იმ მაყურებელს რას ეტყვით, რომელიც თქვენი გულშემატკივარია?
- ძალიან მიყვარს ჩემი მაყურებელი და ვუფასებ იმას, რომ ისინიც აფასებენ ჩემს შრომას.
მასალის გამოყენების პირობები