არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის კონფერენციაზე, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახმაურებულ საქმეებზე კომენტარები გააკეთა. შოთაძემ ე.წ. კაბელების საქმეზე, ფარულ მოსმენებსა და „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტის, შალვა რამიშვილის საქმეზეც ისაუბრა.
მთავარმა პროკურორმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე კომენტირებისას, განაცხადა, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მათ შორის საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციებით.
„საქმე საჭიროებებიდან გამომდინარე, იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ის ინფორმაცია, რაც საინტერესო და აუცილებელია გამოძიებისათვის, დაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ათეულობით მოთხოვნა ამ ეტაპზე. ნაწილზე პასუხები მიღებულია, ნაწილზე კი ველოდებით. შესაბამისად, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო პროცესი, თუ ვინმეს მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, ამის შესახებ საზოგადოებას აუციოლებლად მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრები მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა. რის შემდეგაც, მთავარმა პროკურატურამ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. გამოძიების შედეგად, ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს. მათი დაკავების შემდეგ კვლავ გავრცელდა მსგავსი კადრები, პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს მიმართა დასახმარებლად.
აპრილში აღნიშნულ საქმეზე, სამართალდამცავებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვაჟა ლელუაშვილი დააკავეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლელუაშვილის დავალებით პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება და მოპოვება ხდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






